არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება ერთ სივრცეში – მიხეილ ქინქლაძის პერსონალური გამოფენა ბათუმში
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში არქიტექტორისა და მხატვრის, მიხეილ (მიშა) ქინქლაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ავტორის ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის პორტრეტები და აბსტრაქტული კომპოზიციები.
მიხეილ ქინქლაძის შემოქმედებითი გზა არქიტექტურასა და სახვით ხელოვნებას აერთიანებს. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ლანჩხუთის საპროექტო ბიუროში, „საქქალაქმშენსახპროექტში“, სხვადასხვა საპროექტო კომპანიაში, მოგვიანებით კი იყო საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების მთავარი არქიტექტორი. დააარსა კომპანია „ემ-არტი“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. მისი ავტორობით არაერთი არქიტექტურული პროექტია განხორციელებული საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. არის მრავალი არქიტექტურული კონკურსის პრიზიორი, მათ შორის საქართველოს პირველი არქიტექტურული ბიენალეს ლაურეატი. 1988 წლიდან საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრია.

არქიტექტურა მისი შემოქმედებითი ინტერესების ერთადერთი მიმართულება არ არის. სტუდენტობიდან მოყოლებული, მიხეილ ქინქლაძე ფერწერასა და გრაფიკაშიც მუშაობს. მისი მხატვრული ხედვა ეფუძნება ფორმის, ფერის, ხაზისა და სივრცის ურთიერთქმედების თავისებურ კვლევას. სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების გამოყენებით იგი ქმნის ნამუშევრებს, რომლებშიც ადამიანის, საგნებისა და მოვლენების აღქმა მრავალფეროვანი პერსპექტივით წარმოჩნდება.

მის შემოქმედებაში არქიტექტორის სივრცითი აზროვნება და მხატვრის ემოციური ხედვა ერთმანეთს ერწყმის. ფორმისა და ფერის ძიება, ხაზის გამომსახველობითი შესაძლებლობები და კომპოზიციური გადაწყვეტა ქმნის ინდივიდუალურ მხატვრულ ენას, რომლის საშუალებითაც ავტორი რეალობას განსხვავებული კუთხით გვთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ეს მიხეილ ქინქლაძის მეორე პერსონალური გამოფენაა ხელოვნების მუზეუმის გალერეაში. ექსპოზიცია დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნოს ავტორის შემოქმედებით სამყაროს და დაინახოს, როგორ გადადის არქიტექტურული აზროვნება ფერწერულ და გრაფიკულ ფორმებში.
გამოფენა 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.