ჯემალ წულუკიძე: ქართული ჭიდაობა ეროვნული კულტურის ნაწილია
აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს „აბა ჭიდაობის“ ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე წლებია, ქართული ჭიდაობის განვითარებას ემსახურება. 2008 წლის ივნისიდან იგი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციას ხელმძღვანელობს. ჯემალ წულუკიძე ინტერვიუში არა მარტო სპორტზე, არამედ ქართულ ხასიათსა და ისტორიულ მეხსიერებაზე საუბრობს.
– ბატონო ჯემალ, 14 ნოემბერს 55 წელი გისრულდებათ. რას გამოარჩევდით განვლილ გზაზე?
– უპირველესად, მადლობა გაზეთ „აჭარას“, მის შემოქმედებით კოლექტივსა და მკითხველს იმ ყურადღებისთვის, რომელსაც ქართული ჭიდაობის მიმართ იჩენთ. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სპორტის ამ სახეობაზე საუბარი მხოლოდ შეჯიბრებებისა და შედეგების ჩამოთვლით არ შემოიფარგლება. 55 წელი, რა თქმა უნდა, ერთგვარი შეჯამების დროა, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრების შეფასება მხოლოდ ასაკით ან თანამდებობებით არ შეიძლება. მთავარია, რა გააკეთე, რა გამოცდილება დააგროვე, რამდენ ადამიანს შეხვდი, რამდენ სიკეთეს ჩაუყარე საფუძველი და რამდენად შეასრულე პირადი პასუხისმგებლობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიკოსის სპეციალობას დავეუფლე. ვმუშაობდი მასწავლებლად, ბათუმის დამოუკიდებელ პედაგოგიურ ინსტიტუტში – ლექტორად, 8 წლის განმავლობაში გაზეთ „აჭარა p.s.“-ში ვიყავი მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი. 2008 წლიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მიმართულებით ვსაქმიანობ. ეს გამოცდილება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი კავშირია: ადამიანებთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაზიარება, პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგულება. ჟურნალისტიკამ მასწავლა, რომ მოვლენების უკან ყოველთვის უნდა დაინახო ადამიანი და კონკრეტული ფაქტი, ისტორიკოსის განათლებამ კი კიდევ უფრო გამიმძაფრა წარსულისა და მემკვიდრეობისადმი პასუხისმგებლობა. ალბათ, სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ ქართული ჭიდაობა მხოლოდ სპორტული ორგანიზაციის საქმიანობა არ არის. ეს ეროვნული კულტურის ნაწილია, რომლის შენარჩუნებაც ცოდნას, მოთმინებასა და თანმიმდევრულ მუშაობას მოითხოვს.
– ხშირად აღნიშნავთ, რომ ქართული ჭიდაობის დიდი ოჯახის ერთ–ერთი რიგითი ჯარისკაცი ხართ. როგორ თავსდება ერთმანეთთან ასეთი თავმდაბლობა და ხელმძღვანელის დიდი პასუხისმგებლობა?
– ჩემთვის ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს. რამდენიმე წლის წინ, გაზეთ „აჭარასთან“ ინტერვიუში ვთქვი და ახლაც იმავე აზრზე ვარ: მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული ჭიდაობის დიდი ოჯახის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი. სპორტულ ორგანიზაციაში კეთილი სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია გეგმა, დისციპლინა, სწორი მენეჯმენტი, ფინანსური რესურსების მიზნობრივი გამოყენება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა. ფედერაციის უპირველესი გამოწვევა იყო, არის და კვლავაც რჩება პროფესიონალიზმი და სასურველი სპორტული შედეგი.
– თქვენივე სიტყვებია: „არსად, არაფერში არ არის ასე ძალუმად ჩაქსოვილ–ჩაგვირისტებული ქართველი კაცის შემართება, რაინდული სული, ხასიათი, როგორც ქართულ ჭიდაობაში“. რატომ არის თქვენთვის ქართული ჭიდაობა ასე პრივილეგირებული?
– ქართული ჭიდაობა ისეთივე ეროვნული საუნჯეა, როგორიც ქართული სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი. როდესაც ვამბობ „ქართულს“, მხოლოდ სახელწოდებას არ ვგულისხმობ. ჩემთვის ეს ხასიათის, სულიერების, მოძრაობის, აზროვნებისა და კულტურული გამოცდილების ერთობლიობაა. კარგი ფალავანი მარტო ძლიერი კი არ უნდა იყოს, არამედ საზრიანი, ზნემაღალი, დიდსულოვანი და რაინდული თვისებებით დაჯილდოებული. გამარჯვება მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როდესაც მას ღირსება ახლავს.
– აჭარაში ქართული ჭიდაობის განვითარების ისტორიაზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც მისი ორგანიზებული განვითარების საფუძველი შექმნეს. . .
– ეროვნული სპორტის ისტორია მხოლოდ ცნობილი ჩემპიონების სახელებით არ იწერება. მას ქმნიან ადამიანები, რომლებიც ხშირად ყოველგვარი ხმაურის გარეშე მუშაობენ, ტრადიციას ინარჩუნებენ, თანამოაზრეებს იკრებენ და მომავალ თაობას გზას უხსნიან. ჩვენს რეგიონში ქართული ჭიდაობის განვითარებაზე საუბრისას აუცილებელია, სათანადო ყურადღება დაეთმოს ვასილ გაროზაშვილსა და მის თანამოაზრეებს. მათი ღვაწლის შეფასება მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საუნჯეს – საქმეს, რომელსაც დღეს ჩვენ ვაგრძელებთ. ამავე ისტორიულ ჯაჭვში განსაკუთრებული პატივისცემით უნდა გავიხსენოთ მიხეილ გადაევი, რომელიც ამჟამად ქართული ჭიდაობის უფროსი თაობის მხცოვანი წარმომადგენელია. ასეთი ადამიანები ცოცხალი მეხსიერების მატარებლები არიან. მნიშვნელოვანი შრომა აქვს გაწეული აჭარის სპორტის მემატიანეს, ბატონ ლევან ჯიოშვილს, თავის წიგნებში – „სპორტი აჭარაში“ და „აჭარის სპორტის ფოტოისტორია“. ჩვენი ვალია, წინაპრების ღვაწლი დავაფასოთ, მათი დაწყებული საქმე გავაგრძელოთ.
– ქართული ჭიდაობის ისტორიის შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი ახლანდელი მდგომარეობის გააზრებაც. . .
– 18 წელია აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. ეს წლები მუდმივი მუშაობის, გამოცდილების დაგროვებისა და სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავების პერიოდია. როდესაც ფედერაციის ხელმძღვანელობა დავიწყე, რეგიონში მხოლოდ ერთი სექცია და ერთი ოფიციალური მწვრთნელი იყო, დღეს კი ქართული ჭიდაობის განვითარებაში 11 მწვრთნელია ჩართული. მთიანი აჭარის შორეულ სოფლებშიც კი სექციები მოქმედებს. ვცდილობთ, ქართული ჭიდაობა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
– ქართული ჭიდაობის ისტორიული საყრდენი სოფელი იყო, დღეს კი სოფლის დაცლა და ახალგაზრდების ქალაქში გადასვლა სერიოზული პრობლემაა. ეს პროცესი რა გავლენას მოახდენს ეროვნულ სპორტზე?
– სოფლის დაცლა მხოლოდ სპორტის პრობლემა არ არის. ეს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული საკითხია. თუ გვინდა, სოფელმა ტრადიციები შეინარჩუნოს, იქ მცხოვრებ ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ. საჭიროა გამართული ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციის საშუალებები, განათლებისა და სპორტის ხელმისაწვდომობა. ჩვენი მიზანია, სოფელში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოვიყენოთ, გავაძლიეროთ ადგილობრივი ჯგუფები და ბავშვებს ვარჯიშისა და განვითარების შესაძლებლობა მივცეთ.
– რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში თვითმმართველობის ხელმძღვანელთა მხარდაჭერა?
– აჭარაში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ და სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნა. ჩვენთვის ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტების სასპორტო სკოლების დარბაზები, მოედნები და სპორტული ინვენტარი, რისთვისაც მადლობას ვუხდი აჭარის სპორტის დეპარტამენტს, სასპორტო სკოლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს.
– თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ ახალგაზრდებს. რა უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა ფალავანს, რომ წარმატებას მიაღწიოს?
– ნიჭი აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. საჭიროა შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, მწვრთნელისადმი ნდობა, საკუთარი შეცდომების გააზრება და მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა. ჩვენი ვალდებულებაა, ახალგაზრდებს შესაბამისი გარემო შევუქმნათ.
– ხშირად უსვამთ ხაზს პროფესიონალიზმის აუცილებლობას. რა არის დღეს ფედერაციის მთავარი გამოწვევა?
– როგორც ადრეც მითქვამს, ფედერაციის უპირველესი გამოწვევა იყო, არის და კვლავაც რჩება პროფესიონალიზმი და სასურველი სპორტული შედეგი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სპორტსმენთა მომზადების დონე მუდმივად უმჯობესდებოდეს, მწვრთნელებს ჰქონდეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მსაჯობა უფრო სრულყოფილი გახდეს და შეჯიბრებები მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდეს. მინდა, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ, რომელიც ქართულ ჭიდაობაში მოდის, დაინახოს განვითარების პერსპექტივა და იგრძნოს, რომ მის შრომას სათანადოდ აფასებენ.
– რას ნიშნავს ქართული ჭიდაობის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა?
– 2018 წლის 28 ნოემბერს ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი აღიარება ქართული კულტურისა და ეროვნული სპორტული ტრადიციისა. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ქართული ჭიდაობა მხოლოდ სპორტული შეჯიბრების ფორმა არ არის. იგი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
– სწორედ ამ ისტორიული დღისადმი მიძღვნილი ტურნირი იქცა აჭარის ფედერაციის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ინიციატივად. რა განვითარება ჰპოვა მან?
– გვინდოდა, 28 ნოემბერი მხოლოდ ისტორიულ თარიღად არ დარჩენილიყო და მისთვის კონკრეტული სპორტული დატვირთვა მიგვენიჭებინა. ამ მიზნით დავიწყეთ იუნესკოს მიერ ქართული ჭიდაობის მსოფლიო აღიარების დღისადმი მიძღვნილი ტურნირების ორგანიზება. თავდაპირველად შეჯიბრება რესპუბლიკური მასშტაბის იყო, მოგვიანებით კი საერთაშორისო ფორმატამდე განვითარდა. ტურნირი წელს მესამედ იმართება საერთაშორისო ფორმატით და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად უცხოელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.
– საერთაშორისო ურთიერთობებზე საუბრისას ნიშანდობლივია თქვენი მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესებსა და შეხვედრებში. რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ღონისძიებებს ქართული ჭიდაობისთვის?
– საერთაშორისო ურთიერთობები ეროვნული სპორტის განვითარებისთვის აუცილებელია. მხოლოდ საკუთარ გარემოში მუშაობა საკმარისი არ არის, თუ გვინდა, რომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო სპორტულ სივრცეში უფრო ცნობილი გახდეს. საერთაშორისო შეხვედრები, კონგრესები და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, განვიხილოთ თანამშრომლობის პერსპექტივები და ქართული ჭიდაობის ინტერესები სათანადოდ წარმოვაჩინოთ.
– საქართველოს „აბა ჭიდაობის“ ეროვნულ ფედერაციასაც ხელმძღვანელობთ. რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება ქართული ჭიდაობის განვითარებისთვის?
– სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა დამატებით პასუხისმგებლობასა და გამოცდილებას მოითხოვს. 2018 წლის თებერვლიდან საქართველოს „აბა ჭიდაობის“ ეროვნულ ფედერაციას ვხელმძღვანელობ. ეს მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობებისა და სპორტული მენეჯმენტის თვალსაზრისით საინტერესო გამოცდილებას იძლევა. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში გასამართ „აბა ჭიდაობის“ ევროპის მეხუთე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შარშანდელ წარმატებას გაიმეორებს – კვლავ მოიპოვებს გუნდურ პირველ ადგილს.
– სხვადასხვა პროფესიული ჯილდოს, დიპლომისა და „წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის“ წოდება გაქვთ. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი აღიარება?
– ნებისმიერი პროფესიული აღიარება სასიამოვნოა, რადგან ის მიანიშნებს, რომ შენს საქმიანობას ამჩნევენ და აფასებენ, თუმცა ჩემთვის ჯილდო უფრო მეტად პასუხისმგებლობის შეხსენებაა, ვიდრე თვითკმაყოფილების საფუძველი.
– ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ვაჩვენებთ მას საზოგადოებას. ჟურნალისტური გამოცდილება ამ საქმეში რა როლს ასრულებს?
– სპორტის განვითარებას მედიის მხარდაჭერა სჭირდება. როდესაც გაზეთი ან ტელევიზია აშუქებს შეჯიბრებას, აცნობს საზოგადოებას ახალგაზრდა ფალავანს, მის მწვრთნელსა და მიღწევებს, ეს მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება არ არის. ამით სპორტსმენსაც ეძლევა სტიმული და სხვა ახალგაზრდასაც უჩნდება სურვილი, სპორტით დაკავდეს. მადლობა გაზეთ „აჭარას“, რომელიც წლების განმავლობაში ინტერესით აშუქებს ჩვენს ღონისძიებებს.
– როგორ წარმოგიდგენიათ ის დღე, როდესაც ქართულ ჭიდაობას მსოფლიოს ფართო აუდიტორია გაიცნობს?
– ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი: „სულ მალე, როგორც ქართულ ცეკვას, ქართულ ჭიდაობასაც მთელი მსოფლიო დაუკრავს ტაშს!“ ეს სიტყვები დღემდე ჩემი სურვილისა და რწმენის გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, საერთაშორისო აღიარება ერთ დღეში არ მოდის. ამისთვის საჭიროა წლების განმავლობაში მუშაობა, საერთაშორისო შეჯიბრებები, სპორტული წესების სრულყოფა, მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა. ჩემი ოცნებაა, ქართული ჭიდაობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცოდნენ, უცხოელი ახალგაზრდები სწავლობდნენ მის წესებსა და ტექნიკას, ხოლო საერთაშორისო ტურნირები ჩვენი ეროვნული სპორტის ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდეს.
– დაბოლოს, რას უსურვებდით ქართულ ჭიდაობას, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად ირგებენ ქართულ საჭიდაო ჩოხას?
– ქართულ ჭიდაობას ვუსურვებ წინსვლას, წარმატებებსა და საერთაშორისო აღიარებას. აჭარას – კიდევ უფრო ძლიერ სპორტულ გარემოს, ჩვენს მწვრთნელებს – დაფასებასა და პროფესიულ განვითარებას, ახალგაზრდებს კი ჯანმრთელობას, მიზანდასახულობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. მსურს, ქართულმა ჭიდაობამ შეინარჩუნოს თავისი ეროვნული სახე. მიზანი მხოლოდ მედლებისა და თასების მოპოვება არ უნდა იყოს. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ჭიდაობამ აღზარდოს ღირსეული ადამიანები, რომლებსაც ეცოდინებათ შრომის, პატივისცემის, სამართლიანობისა და საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ფასი. 55 წლის ასაკში ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩვენ მიერ დაწყებული საქმე გაგრძელდეს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში და მომდევნო თაობამ ქართული ჭიდაობა არა მხოლოდ წარსულის დიდ მემკვიდრეობად, არამედ ცოცხალ, განვითარებად ეროვნულ ფენომენად მიიღოს. თუ ამას შევძლებთ, ქართული ჭიდაობა მომავალშიც იქნება ქართველი კაცის რაინდული სულის, საზრიანობისა და ღირსების გამოხატულება.
– გმადლობთ საუბრისთვის. გილოცავთ 55 წლის იუბილეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და წარმატებას ქართული ჭიდაობის სამსახურში. . .
– მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდით გვედგა და დღესაც მზად არის, ქართული ჭიდაობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ოთარ ცინარიძე