„გმირის დღე“ ბათუმში – ეროვნული გმირების ისტორია და პატრიოტული ღირებულებები ახალი თაობისთვის
საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ ბათუმში, 6-7 ნოემბერს, პროექტის „გმირის დღე“ ფარგლებში საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები გამართა. ინიციატივის მთავარი მიზანი ეროვნული გმირების ღვაწლის გაცნობა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ახალგაზრდებში სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობისა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებაა.
პროექტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, მარიამ ლაშხს, კომისიის წევრ რიმა ბერაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეროვნული გმირების მაგალითის მნიშვნელობაზე, როგორც ახალგაზრდა თაობისთვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიისა და ქვეყნის თავისუფლების ფასის უკეთ გააზრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებაზე.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, ეროვნული გმირების ღვაწლისა და თავდადების შესახებ ცოდნის გაღრმავება ახალგაზრდებს ქვეყნის ისტორიის გააზრებაში ეხმარება. მან ასევე ხაზი გაუსვა სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, რაც მოსწავლეებს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.

„გმირის დღე“ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ინიციატივაა და ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს აერთიანებს და მიზნად ისახავს, ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს ისტორია, ეროვნული გმირების ცხოვრება და მათი თავდადების მნიშვნელობა. ამასთან, ინიციატივა ხელს უწყობს ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და მომავალი თაობის ეროვნული ღირებულებებით აღზრდას.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო. ღონისძიების ფარგლებში ბათუმის №2 საჯარო სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკაში თბილისის №220 და ბათუმის №2 საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივა მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობებისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
პროექტის მეორე დღე მოსწავლეთა თეატრალურ და შემეცნებით წარმოდგენებს დაეთმო. თბილისის ჩუღურეთის რაიონის №220 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თეატრალური კომპოზიციები წარმოადგინეს, ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი დამსწრე საზოგადოებას მარო მაყაშვილის ცხოვრება და სამშობლოსთვის თავდადების ისტორია გააცნეს. მოსწავლეებმა ასევე პრეზენტაციები გამართეს და საკუთარი სკოლების ისტორია წარადგინეს.
პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ და კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ღონისძიება ბათუმისა და თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ჩართულობით განხორციელდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სხვადასხვა რაიონის სკოლებს შორის კავშირების გაღრმავება, მოსწავლეთა ურთიერთობის ხელშეწყობა და საერთო საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა.
როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს – „გმირის დღე“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ისტორიის ცოდნა მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის, ეს არის საკუთარი ქვეყნის, მისი თავისუფლებისა და იმ ადამიანების დაფასება, რომელთა თავდადებამაც დღევანდელობას საფუძველი ჩაუყარა.