ერთ სცენაზე გაერთიანებული ნიჭი, ემოცია და შესაძლებლობები
თეატრი სივრცეა, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, ემოციების გაზიარება და მაყურებელთან განსაკუთრებული კავშირის დამყარება. სწორედ ამ იდეას დაეფუძნა ინკლუზიური დასის „ცისარტყელას“ ახალი სპექტაკლი „არგონავტები – ოქროს საწმისის იდუმალება“, რომლის პრემიერაც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
სპექტაკლი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

დადგმაში ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მოსწავლეები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. პროექტმა გააერთიანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ზრდასრულები, მოწვეული მსახიობები და მოხალისე მოსწავლეები.

სპექტაკლზე რეჟისორმა ნიკოლოზ ტუღუშმა იმუშავა და მაყურებელს ისტორიის განსხვავებული ვერსია შესთავაზა.
პროექტის მიზანია შშმ ბავშვებში მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარების განვითარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სოციუმთან პოზიტიური კომუნიკაციის კულტურის ჩამოყალიბება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარება.

პრემიერას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე, მოწვეული სტუმრები და შშმ ბავშვთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
„ცისარტყელას“ პრემიერამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელოვნებას არ აქვს ბარიერები და თითოეულ ადამიანს შეუძლია იყოს შემოქმედებითი პროცესის სრულფასოვანი მონაწილე. სცენაზე გაერთიანებულმა განსხვავებულმა შესაძლებლობებმა, საერთო მიზანმა და სიყვარულმა კი მაყურებელს მნიშვნელოვანი გზავნილი გაუზიარა – საზოგადოება მაშინ არის უფრო ძლიერი და მრავალფეროვანი, როდესაც თითოეული ადამიანის ნიჭს, ხმასა და შესაძლებლობას სათანადო სივრცეს უთმობს.
ნანა აბულაძე