წლის გამორჩეული სპორტული ასპარეზობა
By

წლის გამორჩეული სპორტული ასპარეზობა

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის სპორტული წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და დამაგვირგვინებელი ღონისძიება – აჭარის 2026 წლის აბსოლუტური ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში – წარმატებით დასრულდა.

შუახევის სპორტული ცენტრის დარბაზში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის 26 უძლიერესი ფალავანი შეიკრიბა.

სპორტული ასპარეზობის მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძე, მთავარი მსაჯი გელა ზოიძე.

შეჯიბრებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის, აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირისა და მასმედიის წარმომადგენლები.

სპორტსმენებმა თავდაპირველად 4 წონით კატეგორიაში იასპარეზეს, შემდეგ კი საუკეთესოებს შორის გამოვლინდა აჭარის 2026 წლის აბსოლუტური ფალავნის საპატიო ტიტულის მფლობელი.

შეჯიბრება გამოირჩეოდა დაძაბული, სანახაობრივი და უკომპრომისო ორთაბრძოლებით.

წონითი კატეგორიების მიხედვით პრიზიორები გახდნენ:

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში – ლუკა დავითაძე, ბათუმის ძიუდოს სექცია – პირველი ადგილი: ალეკო სუხიტაშვილი, ბათუმის სპორტული ცენტრი – მეორე ადგილი; გიორგი გელაძე,  ხულოს სასპორტო სკოლა – მესამე ადგილი.

80 კგ-ში: თომა გელაშვილი, ბათუმის ძიუდოს სექცია -პირველი ადგილი; დიეგო მახარაძე, ქედის სასპორტო სკოლა – მეორე, ხოლო რიჩარდ ფუტკარაძე, შუახევის სპორტული ცენტრი – მესამე ადგილი.

90 კგ-ში: ბაჩანა ბოლქვაძე, ბათუმის ძიუდოს სექცია -პირველი; გოგიტა ზოიძე, შუახევის სპორტული ცენტრი – მეორე; ზვიად მახარაძე, ბათუმის სპორტული ცენტრი-მესამე ადგილი.

+90 კგ-ში: რატი წულუკიძე, ქედის სასპორტო სკოლა – პირველი; თამაზ დიასამიძე, ბათუმის სპორტული ცენტრი – მეორე; არჩილ ჯაიანი, ბათუმის სპორტული ცენტრი – მესამე ადგილი.

საპრიზო ადგილებზე გასულთაგან 9 მოჭიდავემ  ქართულ ჭიდაობაში აჭარის 2026 წლის ფალავნის ტიტულის მოსაპოვებელ ორთაბრძოლებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. წელს ფალავნის ტიტული თომა გელაშვილმა მოიპოვა. ფინალში მისი მეტოქე თამაზ დიასამიძე იყო. რატი წულუკიძე წლევანდელი ფალავნობის ბრინჯაოს პრიზიორია.

4 წონით კატეგორიაში, ასევე,  ფალავნობის საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები თასებით, დიპლომებით, შესაბამისი სინჯის მედლებით, ფალავნობაში წარმატებულები კი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. თომა გელაშვილს 1000 ლარი გადასცეს, თამაზ დიასამიძეს – 800, რატი წულუკიძეს – 600 ლარი. აბსოლუტურ ფალავანს თომა გელაშვილს, დამატებით გადაეცა ქართული ფალავნობის ტრადიციული ჯილდო ცხვარი.

აჭარის 2026 წლის აბსოლუტური ფალავნობა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის, თვითმმართველობების მხარდაჭერით გაიმართა.

– ვულოცავთ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ღირსეულ წარმატებას. მადლობას ვუხდით თითოეულ სპორტსმენს, მწვრთნელს, მსაჯს, ორგანიზატორსა და გულშემატკივარს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი სპორტული პაექრობის წარმატებით ჩატარებაში.ქართული ჭიდაობა მხოლოდ სპორტი არ არის – ის ჩვენი ეროვნული იდენტობის, ღირსების, ვაჟკაცობისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების განუყოფელი ნაწილია, – გვითხრა ჯემალ წულუკიძემ.

 

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *