ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ 300-მდე ოჯახს უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნებათ
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ტაოს ქუჩაზე იმყოფებოდნენ.
ტაოსა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები 300-მდე ოჯახის უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ბათუმის მერიამ, საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროებთან კოორდინაციით, პრობლემის აღმოფხვრის ღონისძიებები უმოკლეს ვადებში შეიმუშავა.
საკითხის კომპლექსური შესწავლისთვის პროცესში ჩაერთნენ დარგის სპეციალისტები, მათ შორის გეოლოგები, რომლებმაც ტერიტორია შეისწავლეს და ჭაბურღილების მოწყობისთვის შესაბამისი ადგილები განსაზღვრეს.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია 160 მმ დიამეტრის საუბნო ჭაბურღილის მოწყობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ შეფასდება წყლის რესურსის მოცულობა და დადგინდება, რამდენად უზრუნველყოფს იგი მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ჭაბურღილის მოწყობაც დაიგეგმება.
ჭაბურღილიდან მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებამდე წყალმომარაგების ქსელის მოწყობასა და წყლის განაწილების სისტემის გამართვას შპს „ბათუმის წყალი„ უზრუნველყოფს.
სამუშაოების დასრულებამდე შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიებები განახორციელა. ტაოს ქუჩის მოსახლეობისთვის უკვე მოეწყო წყალმომარაგების ქსელი საცხოვრებელ სახლებამდე, ამ ეტაპზე კი დარჩენილია ქსელზე დაერთების სამუშაოები.