საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ დოლარს მიაღწია
By

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ დოლარს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან შედეგს, როდესაც სებ-ის მიერ განხორციელებული წმინდა შესყიდვები 2.4 მლრდ აშშ დოლარი იყო.
აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განაცხადა, სადაც 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.
მისი განმარტებით, სავალუტო ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა პირობებმა ქვეყანას საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობა მისცა. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელი 130%-ს შეადგენდა.
ნათია თურნავას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.
რეზერვების მართვისა და დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს საერთაშორისო სარეზერვო აქტივებს მონეტარული ოქრო დაამატა. ამ მიმართულებით შესყიდვები 2026 წელსაც გაგრძელდა და დამატებით, ჯამურად 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა.
შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1,365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.
ამასთან, გაიზარდა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციაც ვალუტების მიხედვით. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს ბრიტანული ფუნტი დაემატა, გაიზარდა ჩინური იუანისა და ევროს აქტივების ფლობა.
სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მონეტარული ოქროსა და სხვა უცხოური ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *