ბათუმში 385 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა
By

ბათუმში 385 აღსაზრდელზე გათვლილი, სრულად რეაბილიტირებული №6 საბავშვო ბაღი გაიხსნა

განახლებული სივრცე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის შიდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილების სისტემები და გაუმჯობესდა სახანძრო უსაფრთხოება. ბათუმის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, კეთილმოეწყო ბაღის ეზო და გარე ინფრასტრუქტურაც.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მზარდი მოთხოვნისა და აღსაზრდელთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება. მისივე თქმით, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია ბავშვებისა და პერსონალისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნასა და ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებას ემსახურება.

შენობის რეაბილიტაცია, გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი საგრანტო დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის საერთო საგრანტო ბიუჯეტი დაახლოებით 7,55 მილიონი ევროა და ის ბათუმის №6, №10 და №16 საბავშვო ბაღების განახლებას მოიცავს. პროექტის მიზანი შენობებში ენერგიის მოხმარების, მინიმუმ, 20%-ით შემცირება და ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოებაა.

№10 და №16 საბავშვო ბაღების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, ფაქტობრივად, დასრულებულია. მუნიციპალური დაფინანსებით გრძელდება მათი ეზოების კეთილმოწყობა, რისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმში ეს უკვე მეოთხე საბავშვო ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესი სრული რეაბილიტაციის შემდეგ განახლდა.

განახლებული ინფრასტრუქტურა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძემ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *