ერთობლივ სხდომაზე  2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2027-2030 წლების პრიორიტეტები განიხილეს
By

ერთობლივ სხდომაზე  2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2027-2030 წლების პრიორიტეტები განიხილეს

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი და 2027-2030 წლების პრიორიტეტები განიხილეს. ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები ფრიდონ ფუტკარაძე და მინდია დიასამიძე უძღვებოდნენ, მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ხოლო თანამოხსენებით სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი  დენის სალუქვაძე წარდგნენ.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის – ზურაბ პატარაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის თანახმად, მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით იზრდება და ერთი მილიარდ 59 მილიონი ლარით განისაზღვრება. როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, კანონის პროექტი მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით დაიგეგმა და თითქმის ყველა მიმართულებით გაიზარდა დაფინანსება.

წარმოდგენილი პროექტით 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 027 654,6 ათასი ლარია. მათ შორის შემოსავლები შეადგენს 947 654,6 ათას ლარს. შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრა: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი – 930 000,0 ათასი ლარით, სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი – 17 654,6 ათასი ლარით. მინისტრის განცხადებით, მომავალი წლისთვის იზრდება თითქმის ყველა მხარჯავი დაწესებულებისა და აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

კანონის პროექტის თანახმად, 42 მილიონ ლარზე მეტი ემატება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტს, რომელიც 215 925,8 ათასი ლარია; განათლებისა და სპორტის სამინისტრო – 126 037,1 ათასი ლარი; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 97 000,0 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო – 42 000,0 ათასი ლარი; კულტურის სამინისტრო – 54 000,0 ათასი ლარი.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუვაძემ. მისი განცხადებით, უწყების 2027 წლის ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტით იზრდება, რაც არაერთი მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.

ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებზე საუბრის დასრულების შემდეგ, მომხსენებლებმა უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს. ორივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

ამავე სხდომაზე ორივე მინისტრმა 2026 წლის ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა წარმოადგინა. კანონმდებლებმა ანგარიში ცნობად მიიღეს.

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *