შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
By

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის ვიცე-პრემიერსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერსა და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს კარელ ჰავლიჩეკს, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რადოვან რიხს.
კარელ ჰავლიჩეკთან შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებებით არსებულ კავშირებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში ჩეხური კომპანიები წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა ჩეხურ მხარეს ამ მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო და ჩეხური კომპანიების აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებიც იყო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რადოვან რიხთანაც. საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვანია მისი შემდგომი ინტენსიფიკაცია.
მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და საერთო გამოწვევები განიხილეს. შალვა პაპაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ასევე სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ. აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალსა და ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
შალვა პაპაშვილი ჩეხეთში  საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის წევრები – ალუდა ღუდუშაური და ირმა ზავრადაშვილი.
  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *