By
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ პირველ ცხრა თვეში 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებას შეუწყო ხელი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ China Global Television Network-თან (CGTN) ინტერვიუში განაცხადა.
სამხარაძის შეფასებით, მიმდინარე წელი საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხია. მისი თქმით, ივნისში პარტნიორობის ახალ დონეზე აყვანას უკვე მოჰყვა ხელშესახები შედეგები, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაოთხმაგდა. ახლა ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ საქართველოს უვიზოდ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს – ჩინეთს“, – აღნიშნა სამხარაძემ.
მისივე განცხადებით, გამარტივებული მიმოსვლა ხელს უწყობს როგორც ხალხთაშორის კონტაქტებს, ისე ბიზნესურთიერთობების განვითარებას. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვაა. სამხარაძის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ უკვე 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, წლის ბოლოსთვის კი მაჩვენებლის 3 მილიარდ დოლართან მიახლოებას ელოდებიან.
ინტერვიუში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სატრანსპორტო კავშირებსა და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს. ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები ამ მიმართულებით ერთმანეთს ემთხვევა, რადგან ორივე ქვეყანა დაინტერესებულია აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებით.
„ეს არის დღეს ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე. ვფიქრობ, აქ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ვიმედოვნებთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა მან.
ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა განათლებისა და კულტურის სფეროებში მზარდ თანამშრომლობაზეც. მისი თქმით, სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ინტერესდება ჩინური ენის შესწავლით, პარალელურად კი იზრდება ჩინელი ახალგაზრდების ინტერესი ქართული ენის მიმართ. ამ მიმართულებით უკვე გააქტიურდა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებიც.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს, როგორც უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენელ ქვეყნებს, კულტურული და ტრადიციული თვალსაზრისით ბევრი საერთო აქვთ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პარალელურად კულტურული ურთიერთობების განვითარების დამატებით შესაძლებლობას ქმნის.
ჟურნალისტთან საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე შეაფასა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა. მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, რასაც საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობაც განაპირობებს.
„საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ჩვენი ქვეყნის აქტივია და მისი გამოყენება ასევე შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩინეთს. აქ საუბარია ვაჭრობის ხელშეწყობაზე, საქონლის ტრანზიტის გაადვილებაზე, იმ ვრცელი რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც მოიცავს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, ორი ქვეყნის მთავრობების პოლიტიკა ამ საკითხში თანხვედრაშია და არსებობს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მომავალი ერთობლივი პროექტებისთვის.
„დიდ პოტენციალს ვხედავ მომავალ პროექტებსა და თანამშრომლობაში, რათა განვავითაროთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა, წინ წავწიოთ შუა დერეფანი, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა, ამ რეგიონების და მოსახლეობის ცხოვრება გახდეს ბევრად მარტივი და უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.