ხასან ჰელიმიშის შემოქმედებითი სამყარო – თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცოცხლებული ზღვის პეიზაჟები
By

ხასან ჰელიმიშის შემოქმედებითი სამყარო – თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცოცხლებული ზღვის პეიზაჟები

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მულტიმედიური, იმერსიული გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც მსგავსი ინოვაციური ფორმატით პირველად გაიმართა, მხატვრის მიერ ზღვის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და დამთვალიერებელს მისი შემოქმედებითი სამყაროს განსხვავებულად აღქმის შესაძლებლობას სთავაზობს.
გამოფენა ტრადიციულ და ციფრულ ფორმატებს აერთიანებს. ექსპოზიციის მთავარი თემებია მეხსიერება, ნოსტალგია და თავისუფლება, ხოლო ზღვა ხასან ჰელიმიშის შემოქმედებაში მთავარ სიმბოლოდ და შთაგონების წყაროდ გვევლინება.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე და საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე ესწრებოდნენ.
ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერმა გოგა ანთიძემ გახსნა. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტრადიციულ ხელოვნებას ახალ სიცოცხლეს სძენს და დამთვალიერებელს ხელოვნებასთან ურთიერთობის განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.
ხასან ჰელიმიშის გამორჩეულ შემოქმედებასა და ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემაც. მისი თქმით, მსგავსი ინოვაციური პროექტები კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე თაობისთვის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხატვრის შვილმა ნარიმა ჰელიმიშმა. მან ორგანიზატორებთან ერთად განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მოწვეული სტუმრის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლის სოფიო ბაკურიძის, ხელოვნებათმცოდნეებისა და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ხასან ჰელიმიშის შემოქმედების დაფასებისა და მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით ხორციელდება. მულტიმედიური გამოფენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება და მისი ახალი ფორმით გაცნობა.
  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *