ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სარჩელზე – პოლიტიკური შეფასებები და პოზიციები  
By

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სარჩელზე – პოლიტიკური შეფასებები და პოზიციები  

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა განახლდა. პროცესი ახსნა-განმარტებების ეტაპიდან შეკითხვების რეჟიმში გადავიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განმარტებით, თავდაპირველად მოსამართლეები კითხვებით მოსარჩელე მხარეს მიმართავენ, შემდეგ კი მოპასუხეებს მოუსმენენ. სხდომები 11, 12 და 13 ნოემბერსაც გაგრძელდება.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე მხარეებმა საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მოსარჩელე მხარის განცხადებით, ხუთი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში კონსტიტუციის დარღვევის ნიშნები იკვეთება, ოპოზიციური პარტიები კი მიიჩნევენ, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და პოლიტიკური მიზნებით არის ინიცირებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მოსარჩელე მხარე მზად არის, მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხოს და სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტები.
„მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი, კონსტიტუციის დარღვევის მცდელობები თუ განხორციელებული ფაქტები. ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს პარტიების ანტიკონსტიტუციური ქმედებები, რაც ქართულ დემოკრატიას განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტიები საერთო პოლიტიკური მიზნებით მოქმედებენ და მათი საქმიანობა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. გორდულაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარისთვის მნიშვნელოვანია 2004-2012 წლებში განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასებაც.
სარჩელს კატეგორიულად არ ეთანხმება „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და პარტიების აკრძალვა მოქალაქეებს პოლიტიკური არჩევანის შესაძლებლობას შეუზღუდავს.
„აბსურდის თეატრი გრძელდება. „ქართული ოცნება“ საკუთარი საბრალდებო დასკვნის წერას აგრძელებს. მას სიმართლე არ აქვს. მის მხარეს არ არის საქართველოს უახლესი ისტორია. არ აქვს არანაირი არგუმენტი, გარდა იმისა, რომ სურს, ჩვენი ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურად აქციოს. ეს საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმეა – სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად უსაფუძვლო, აბსურდული და შეთითხნილი მითების საფუძველზე რეჟიმი მშვიდობიან, დემოკრატიულ ძალებს კრძალავს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პროცესის შედეგთან დაკავშირებით სკეპტიკური მოლოდინი აქვს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ანა ბუჩუკურს. მისი თქმით, პარტიის სტრატეგია სიმართლესა და სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება, თუმცა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ განსაზღვრულია.
„ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივია, მას ჰქვია სიმართლე. როცა სიმართლე შენს მხარეს არის, ცხოვრება უფრო მარტივია, ყოველ შემთხვევაში – სხდომათა დარბაზში. მაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესი ისე წავა, როგორც „ოცნებას“ აწყობს. „ოცნება“ აგებს ამ პროცესს, მაგრამ პროპაგანდით, ფეიკებით და ტყუილებით ცდილობენ, ეს რეალობაც შეცვალონ“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
ამავე პარტიის წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, მიმდინარე პროცესი მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებების გაუქმებას არ ეხება და განსხვავებული აზრის შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს. მისი თქმით, შეკითხვების ეტაპზე საზოგადოება კიდევ უფრო ნათლად დაინახავს მხარეთა არგუმენტებს.
„ეს პროცესები მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, როგორც სუბიექტების გაუქმებას არ ისახავს მიზნად, ეს არის „ოცნების“ მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი განსხვავებული აზრის გასაუქმებლად“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
მისივე შეფასებით, მოსარჩელე მხარეს კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტების წარმოდგენა გაუჭირდება, რადგან სარჩელი, მისი თქმით, პოლიტიკური ნარატივით არის გაჯერებული.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს 88 დეპუტატის სარჩელს, რომელიც ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებს. საუბარია პარტიებზე: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *