მარიამ ქვრივიშვილი UNECE-სა და ITF-ის ხელმძღვანელებს შეხვდა – განხილვის მთავარი თემები ტრანსპორტი და რეგიონული დაკავშირებადობა იყო
By

მარიამ ქვრივიშვილი UNECE-სა და ITF-ის ხელმძღვანელებს შეხვდა – განხილვის მთავარი თემები ტრანსპორტი და რეგიონული დაკავშირებადობა იყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივან იანგ ტაე კიმთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრები გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში შედგა. მხარეებმა საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ეკონომიკურ ინიციატივებში მონაწილეობის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და სატრანსპორტო სექტორის განვითარების საკითხები განიხილეს.

ტატიანა მოლჩანთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNECE-ს თანამშრომლობაზე, მათ შორის – ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და მათი მნიშვნელობა რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის კონტექსტში წარმოაჩინა.

განხილულ პროექტებს შორის იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და თბილისის ახალი აეროპორტი, რომელთა განხორციელება, სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული სატრანსპორტო ფუნქციის გაძლიერებასა და საერთაშორისო გადაზიდვებში ქვეყნის როლის ზრდას შეუწყობს ხელს.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივან იანგ ტაე კიმთან საუბრის მთავარი თემა კი სატრანსპორტო სისტემის გაციფრულება იყო. ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სატრანსპორტო პროცედურების მოდერნიზაციისა და გამარტივების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ორმხრივი საავტომობილო ტრანსპორტის ნებართვების გაციფრულებას, რაც სატრანსპორტო პროცესების გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილება.

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *