მაკა ბოჭორიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვებსა და ახალგაზრდებს განათლებაზე წვდომა შეზღუდული აქვთ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებრივ მდგომარეობასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა პარიზის მშვიდობის ფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ფორუმში მონაწილეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები გააცნოს. მინისტრის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ახალგაზრდების მდგომარეობა საქართველოს ყოველდღიური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდებს, ბავშვებს აქვთ უფლებები შეზღუდული, განათლებაზე წვდომა შეზღუდული და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მუშაობის და ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა მშვიდობის შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნისკენ უნდა იყოს მიმართული.
„მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა იყოს მიმართული სწორედ მშვიდობის ძიებისკენ და სწორედ მშვიდობამ მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს და ბავშვებს, განვითარდნენ და უკეთესი მომავალი ჰქონდეთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.