ბრაკონიერობის ფაქტები – აჭარაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათგან გამოვლენილი ფაქტებიდან 247 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობა დაახლოებით 550 კგ-ია. ყველაზე მეტი – 105 ფაქტი გამოვლენილია იმერეთში, 84 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში, 64 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 54 – ქვემო ქართლში, 47 – კახეთში, 37 – შიდა ქართლში, 14 – გურიაში, 11 – აჭარაში, 11 – სამცხე-ჯავახეთში. 48 ფაქტი გამოვლენილია შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის 10 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 16 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ბრაკონიერები, ხშირ შემთხვევაში, იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ტიპის ბადე და ელექტროიარაღი. უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია პრევენცია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.