ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, დავიბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ იქ მცხოვრები ადამიანებიც
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის საკითხებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაური შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივას, უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპული იდენტობის შენარჩუნებისა და მიგრაციის საკითხებს.
რუსეთთან ურთიერთობების შეფასებისას პრემიერმა წინა და მოქმედი ხელისუფლებების საქმიანობა შეადარა და განაცხადა, რომ მისი შეფასებით, 2004-2012 წლებში რუსულ კომპანიებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეკონომიკური აქტივები გადაეცა, ხოლო 2008 წელს ქვეყანამ ტერიტორიები დაეკარგა.
„წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა რუსეთის ტერიტორიულ და ეკონომიკურ ექსპანსიას, 2012 წლიდან კი ნულოვანი ტერიტორიული ექსპანსია და ნულოვანი ეკონომიკური ექსპანსიაა. ეს არის კონკრეტული შედეგები. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს და არ ვაწარმოებთ პოლიტიკურ კომუნიკაციას. ეს ფაქტებია, დანარჩენი კი მხოლოდ სპეკულაციები და სუბიექტური წარმოდგენებია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა, ამ კონტექსტში, მოლდოვასთან შედარებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს და პოლიტიკური კომუნიკაციაც გრძელდება. მისივე განცხადებით, საქართველოში ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა 70 პროცენტს აღემატება, რაც მოლდოვის მაჩვენებელზე მაღალია.
დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის საკითხზე საუბრისას კობახიძემ წინა ხელისუფლების პერიოდიც გაიხსენა. მისი განცხადებით, 2012 წლამდე ქვეყანაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, ბიზნესის რეკეტსა და არჩევნების გაყალბებას.
„ციხეებში ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი მოვლენები, 2008 წელს მათ მიერ დაწყებული ომი და მრავალი სხვა მძიმე ქმედება – ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების მმართველობას უკავშირდება. სწორედ ეს იყო ავტორიტარული მმართველობა. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა კი დემოკრატიის განვითარებაა“, – აღნიშნა პრემიერმა.
პოლიტიკურ პლურალიზმზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმაც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ 61 მანდატი მოიპოვა, თუმცა რამდენიმე პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, რითაც, მისი შეფასებით, საკუთარ ამომრჩეველს უღალატა და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას შეუშალა ხელი.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნული ინტერესების დაცვაზეც. მისი თქმით, ხელისუფლების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო ხალხია.
„ყველაფრის საუკეთესო შემფასებელი სწორედ ქართველი ხალხია. ხალხის მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ჩვენი ეროვნული ინტერესები. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ამომრჩეველთა 54-მა პროცენტმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ და აღნიშნა, რომ ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი.
ევროპის მომავალსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ევროპული იდენტობა წლების განმავლობაში სუსტდება, რასაც ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკური მდგომარეობისა და პოლიტიკური ლიდერობის საკითხებიც ემატება.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადი კულტურა, ეთნიკური და რელიგიური იდენტობა. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ტოლერანტობის ნაკლებობას. საქართველო საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის თანაცხოვრების მაგალითს წარმოადგენს“, – აღნიშნა მან.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს სურს, გახდეს ისეთი ევროპული სივრცის ნაწილი, რომელსაც ძლიერი იდენტობა, ეკონომიკა და პოლიტიკური ლიდერობა ექნება. როგორც მან აღნიშნა, ევროპა მისთვის, უპირველეს ყოვლისა, ფასეულობებს, ტრადიციებს, კულტურასა და ცივილიზაციას უკავშირდება და არა კონკრეტულ პოლიტიკოსებსა თუ ბიუროკრატებს.
„პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება. ჩვენთვის ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილად ყოფნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
საგარეო ზეწოლისა და ომში ჩართვის საფრთხეზე საუბრისას კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოიყენა ტერმინი „გლობალური ომის პარტია“. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა მაღალი ოფიციალური სტატუსის მქონე პირთან, რომელმაც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ომში ჩათრევას არც ევროკავშირი ცდილობდა და არც ამერიკის შეერთებული შტატები. ეს იყო კონკრეტული ძალების მცდელობა, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე როგორც ევროკავშირში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა მან.
ამავე საკითხს დაუკავშირა პრემიერ-მინისტრმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და უკრაინაში მიმდინარე ომი. მისი შეფასებით, სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ამის ინტერესი არ ჰქონდათ. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. მისი თქმით, საქართველოს მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის და მნიშვნელოვანია იქ მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობების აღდგენაც.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიბრუნოთ არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ არ გვსურს, მათთან ომი ოდესმე განმეორდეს. ჩვენი ხედვა მშვიდობიანია. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენთვის მხოლოდ მშვიდობიანი გზა შეიძლება იყოს მისაღები“, – აღნიშნა პრემიერმა.
ეკონომიკურ განვითარებასა და მიგრაციაზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ ქვეყნიდან გასულთა რაოდენობას გადააჭარბა. მისი თქმით, ეს ეკონომიკური ზრდის შედეგია, რადგან ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 9 პროცენტს შეადგენს.
პრემიერის შეფასებით, ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის სხვაობის შემცირება მომავალში ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციის მოტივაციასაც შეამცირებს. მან მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ამ ქვეყნებიდან მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა საცხოვრებლად უფრო განვითარებულ წევრ სახელმწიფოებში გადასვლა გადაწყვიტა.
დისკუსიის ფარგლებში, კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიან და საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას შეწყვეტენ.