ფესტივალი „განდაგანა“ 14-15 ნოემბერს ჩატარდება
ბათუმში 14-15 ნოემბერს სოფლის ფესტივალი „განდაგანა“ ჩატარდება. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით, ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.
გასული წლის მსგავსად, წელსაც „გარდენია შევარდნაძე“ ფესტივალზე აჭარული სოფლის თემატურ სივრცეს წარმოადგენს – შთამბეჭდავი დეკორაციებით წარმოჩენილი იქნება აჭარული ყოფა, რაც მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება თიხის, ქარგვის, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები.
ფესტივალ „განდაგანაზე“ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ. მათ შორის იქნება „ურსა“, „გორდელა“, „კახაბერი და ხანუმები“, „ოდა“, „თეატრალური კვარტეტი“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.