ზურაბ პატარაძე: ახალგაზრდებს პოტენციალის რეალიზებისთვის სრულფასოვანი პირობები უნდა შევუქმნათ
By

ზურაბ პატარაძე: ახალგაზრდებს პოტენციალის რეალიზებისთვის სრულფასოვანი პირობები უნდა შევუქმნათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

გამარჯვებულ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სპეციალური პრიზები გადასცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ და განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ზურაბ პატარაძემ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი შესაძლებლობების გამოვლენისა და აკადემიური მიღწევების წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის გაღრმავებასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.

„ჩვენs ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმა დღეს არის მყარი საფუძველი, სრულიად ახალი ფოკუსიდან დავინახოთ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობები, პოტენციალი, მათი ინტერესების მრავალფეროვნება და ინტელექტუალური შესაძლებლობები. ასევე, ეს არის ახალი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, შევუქმნათ მათ სრულფასოვანი პირობები ამ პოტენციალის რეალიზებისთვის“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში საჯარო და კერძო სკოლების დაახლოებით 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა 144 გამარჯვებული, მათგან 17-მა კი წარმატებას ორ ან მეტ საგანში, ან რამდენიმე კონკურსში მიაღწია.

საგნობრივი ოლიმპიადა ყოველწლიურად ექვს საგანში ტარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ორგანიზებული კონკურსები კი მოიცავს ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას, ისტორიას, სამოქალაქო განათლებასა და სახვით ხელოვნებას.

დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.f

  • No Comments
  • ნოემბერი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *