მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
,,კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან. ის ემუქრება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, ეკოსისტემებს და ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობას – ადამიანების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობას. საქართველო სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებს ამ გლობალურ გამოწვევებს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტითა და ბიომრავალფეროვნებით, თუმცა, ამავდროულად, მოწყვლადია კლიმატური რისკების მიმართ. კლიმატის ცვლილება უდიდეს გლობალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლებლობაცაა, საერთაშორისო სოლიდარობის გასაძლიერებლად, ერთობლივი ძალისხმევითა და მჭიდრო კოორდინაციით უსაფრთხო მომავლის ასაშენებლად. გლობალური დათბობის 1.5 გრადუსით შეზღუდვის მიღწევის გზა თანამშრომლობასა და ურთიერთნდობას უნდა ეფუძნებოდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე ისაუბრა მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავაც ურყევად უჭერს მხარს მშვიდობას, სტაბილურობასა და კონსტრუქციულ დიალოგს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
,, ჩვენი ხელისუფლება ადასტურებს მზაობას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და თავისი წვლილი შეიტანოს ყველა იმ გლობალურ ინიციატივაში, რომელიც მიმართულია ეკოლოგიური მდგრადობისა და გარემოს გაუმჯობესებისკენ. მხოლოდ ერთობლივი, კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ უფრო ძლიერი საზოგადოებების, მდგრადი ეკონომიკებისა და უსაფრთხო მომავლის შენებას ჩვენი შვილებისთვის“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
კონფერენციას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.