ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტებს გერმანიაში 10 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო
აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ გერმანიაში წარმატებით დაასრულა 35 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნე. ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ეროვნული საშემსრულებლო ხელოვნების წარდგენის მიზნით გამართულ კონცერტებს 10 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ქართული კულტურის უნიკალურმა ნიმუშებმა გერმანელი მსმენელის დიდი ინტერესი და განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. მისი მიზანი ქართული კულტურისა და უნიკალური პოლიფონიის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენა, ეროვნული საშემსრულებლო ტრადიციების პოპულარიზაცია და კულტურული კავშირების გაღრმავება იყო.
ტურნეს ფარგლებში კონცერტები გაიმართა ბერლინის, ჰერცბერგის, დრეზდენის, მაგდებურგისა და ლაიფციგის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიულ ლოკაციებზე. გერმანიაში მცხოვრები ქართველებისთვის ჩატარდა მასტერკლასები, ასევე, ინკლუზიურ ორკესტრ „Utopia Orchestra“-სა და ბერლინში დაარსებულ ქართულ გუნდ „ბახტრიონთან“ ერთად, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
ლაიფციგსა და მაგდებურგში გამართულ კონცერტებს აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი დაესწრო, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია და საელჩოს მრჩეველი დუდანა მაზმანიშვილი.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა ანსამბლის სოლო კონცერტმა ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიაში, სადაც ქართული ხმა 1500 მაყურებლის წინაშე პირველად აჟღერდა. ბახის სამყაროში შესრულებულმა ქართულმა პოლიფონიურმა ნიმუშებმა მსმენელის დიდი ინტერესი და ხანგრძლივი ემოცია დაიმსახურა.
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ მგალობლიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა კულტურული ორგანიზაცია „KulturLeben Berlin“-ისა და კომპანია „Kolchi Event“-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორ ანჟელა მაიენბურგთან, ასევე, ინკლუზიური ორკესტრის „Utopia Orchestra“-ს პროექტის ხელმძღვანელთან, მაესტრო მარიანო დომინგო-პუერტასთან. შეხვედრაზე განიხილეს ინკლუზიური ორკესტრის ჩამოყალიბების სპეციფიკა და სახელოვნებო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობა.
შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გერმანიაში ალექსანდრე კარტოზიასთანაც. ვლადიმერ მგალობლიშვილმა ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს ანსამბლ „ბათუმის“ საიუბილეო საგასტროლო ტურნეს ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ამ პროცესში კულტურული დიპლომატიის როლს.
ღონისძიებები აჭარის კულტურის სამინისტროს, გერმანიაში საქართველოს საელჩოს, გერმანული კომპანიის „KulturLeben Berlin“-ისა და ქართული „Kolchi Events“-ის თანამშრომლობით გაიმართა.