ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება
By

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად სამუშაოები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ და ხელვაჩაურის მერმა ზაზა დიასამიძემ დაათვალიერეს.

სამუშაოების დათვალიერებისას, მთავრობის თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მოისმინა მათი მოსაზრებები.

„საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს ემსახურება და მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე სოფლების განვითარებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონის მასშტაბით ყველა მნიშვნელოვანი და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას და ასევე, ახალი მიმართულებებით სამუშაოების დაგეგმვას, რათა ყველა სოფლის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, შეუფერხებლად ისარგებლოს გამართული საკომუნიკაციო საშუალებებით“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სოფელ ზანაქიძეებში 2-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა იგება. პროექტის ფარგლებში უკვე აშენებულია დამცავი ხელოვნური ნაგებობა და მოწყობილია სანიაღვრე არხები, რომლებიც გზიდან ზედაპირული წყლების გადინებას უზრუნველყოფს. აღნიშნული გზა ზედა ახალშენს სოფელ ხეღრუსთან დააკავშირებს და რეაბილიტირებული გზით 200 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.

პარალელურად, ორთაბათუმი-მასაურას მიმართულებით, დასკვნით ეტაპზეა 1,5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია. ამ მონაკვეთზეც ასფალტ-ბეტონის საფარის ბოლო ფენა იგება.

პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზაზა შავაძემ მიაწოდა. სამუშაოებს, ასევე, გაეცნენ აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *