მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წლისთვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება
By

მარიამ ქვრივიშვილი: 2029 წლისთვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება

საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორში ტვირთბრუნვის ზრდა, რკინიგზის მოდერნიზაცია და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება – ამ მიმართულებებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყნის ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოს რკინიგზის მიერ გადატანილი ტვირთების მოცულობა 12%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნული განცხადება მარიამ ქვრივიშვილმა კონფერენციაზე „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სექტორში – ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში. მოხარულები ვართ, რომ გატარებულმა რეფორმებმა, მოდერნიზაციამ, ისევე როგორც დიგიტალიზაციამ, ამ სექტორში უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი და ჩვენ გვაქვს რეკორდული შედეგები უშუალოდ თითოეულ ნავსადგურსა და ტერმინალში გადამუშავებული ტვირთნაკადის თვალსაზრისით, რამაც მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გადააჭარბა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დადებითი დინამიკა ასევე თვალსაჩინოა საქართველოს რკინიგზაში – გადატანილი ტვირთების მოცულობა უკვე 12%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში ისტორიული მაქსიმუმია.

„საქართველოს ტრანსპორტის სექტორში სახელმწიფომ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მოახდინოს საკმაოდ დიდი მოცულობის თანხების ინვესტიციების განხორციელება. 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული სატრანსპორტო სექტორის განვითარებაში, თუმცა, ამ ეტაპისთვის, მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო საქართველოს რკინიგზის შემდგომ და მიმდინარე მოდერნიზაციაზე“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რომლის მიზანიც საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის სრულად განახლება და გაფართოებაა.

„რას ემსახურება 2 მილიარდი ლარი – გარდა იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივობისა თუ პროექტებისა, რაც განხორციელდება, მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს რკინიგზამ დამატებით შეიძინოს 50 ახალი ლოკომოტივი, 10 სამგზავრო მატარებელი და 2000-მდე სატვირთო ვაგონი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია – 400-ზე მეტი ვაგონი უკვე შევიძინეთ საქართველოს რკინიგზაში და გვაქვს მიმდინარე აქტიური ტენდერი 10 სამგზავრო მატარებლის და 50 ლოკომოტივის შეძენისთვის. ეს, რა თქმა უნდა, თვისობრივად გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რკინიგზას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *