ავტომობილების ხმაურის ზღვარი 100 დეციბელამდე გაიზარდა
სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ხმაურის რეგულაცია შეიცვალა. ცვლილების თანახმად, ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ახალი რეგულაციით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში 23:00 დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაური 100 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმებისას სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
კანონით დადგენილი ნორმის გადაჭარბებისთვის, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობას კი 10 ქულა დააკლდება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 200 ლარს, ხოლო ქულების შემცირება 20-ს შეადგენს. მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირებას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირება და შესაბამის სამართლებრივ დარღვევებზე რეაგირება აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.