შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, ესე იგი,  რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის ინტერესებიდან გამომდინარე
By

შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, ესე იგი,  რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის ინტერესებიდან გამომდინარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის პოლიტიკას, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებსა და ეკონომიკური განვითარების საკითხებს გამოეხმაურა. მან ყურადღება გაამახვილა მონტენეგროში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი მოთხოვნები ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გარე გავლენის გაძლიერებას ემსახურება. პაპუაშვილმა ბრიუსელის მიდგომები საბჭოთა კავშირის პოლიტიკას შეადარა და პარალელურად, ევროკომისიის მიერ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ცვლილებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს მაჩვენებლები ნათლად წარმოაჩენს განსხვავებას ბრიუსელის პოლიტიკურ შეფასებებსა და ქვეყნების რეალურ ეკონომიკურ ინტერესებს შორის.

„ბრიუსელის ფანტაზიას სხვა კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით, საზღვარი არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მონტენეგროში მოთხოვნილი საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს ბრიუსელის ბიუროკრატია კანდიდატი ქვეყნების პოლიტიკურ და ინსტიტუციურ პროცესებზე გავლენის მოპოვებას. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ვეტინგის მექანიზმი, რომელიც თავდაპირველად მოსამართლეებისა და პროკურორების კეთილსინდისიერების შემოწმებას უკავშირდებოდა, ახლა უკვე პოლიტიკური ლიდერების მიმართაც ვრცელდება.

„მგონი, ე.წ. ვეტინგი რა არის, უკვე ყველამ გაიგო. აქამდე თუ საუბრობდნენ მოსამართლეებზე და პროკურორებზე, ახლა ვხედავთ, რომ მონტენეგროში, საკონსტიტუციო ცვლილებებით, კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნების შემდეგ გამარჯვებული გუნდის, მათ შორის, გუნდის ლიდერის კეთილსინდისიერება ვიღაცამ უნდა გადაამოწმოს. სავარაუდოდ, ეს იქნებიან უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები. მათ უნდა გადაამოწმონ კეთილსინდისიერება ადამიანების და თქვან, მათი გაგებით, ეს ადამიანი არის თუ არა კეთილსინდისიერი. ფაქტობრივად, დემოკრატიულ არჩევანზე გარე ძალებმა უნდა მოახდინონ გავლენა. ამას ეხება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ბრიუსელის მსგავსი მოთხოვნები მხოლოდ ცალკეული საკითხებით არ შემოიფარგლება და კანდიდატი ქვეყნებისგან, სხვადასხვა მიმართულებით, იმავე მოთხოვნების შესრულებას ელოდებიან, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე დააყენეს. მან ევროკავშირის ბიუროკრატიის მიდგომა საბჭოთა კავშირის მმართველობის პრინციპებს შეადარა.

„ხანდახან გვეუბნებიან, როდის მოვითხოვეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაო, მოითხოვენ ყველაფერს ჩვენგან, რაც მოთხოვნილი აქვთ სხვაგან. ეს გვაჩვენებს, რამდენად არასწორი ხედვა აქვს ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ევროკავშირის საბჭოთა კავშირისკენ წაყვანა, სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი, მის წევრ რესპუბლიკებს უთითებდა, ვინ უნდა ყოფილიყო ცეკას პირველი მდივანი, მეორე მდივანი. ეს სულისკვეთებაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში. მონტენეგროში ცვლილებები, რომელიც ბრიუსელიდან არის მითითებული, სწორედ აქეთ არის მიმართული, რომ სრულად იყოს გავლენის ქვეშ მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემა და ყველაფერი, რაც ქვეყნის მმართველობაზე არის პასუხისმგებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკურ პროგნოზსაც გამოეხმაურა. მისი ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ ევროკომისიამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გაზარდა, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში კი შეამცირა. პაპუაშვილის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, რამდენად შეესაბამება ბრიუსელის რეკომენდაციები კონკრეტული ქვეყნების ეკონომიკურ ინტერესებს.

პაპუაშვილმა მოლდოვისა და საქართველოს მაგალითზე ენერგომატარებლების ფასებიც შეადარა. მისი განცხადებით, 2021 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოლდოვაში ერთი კუბური მეტრი გაზი დაახლოებით 65 თეთრი ღირდა, საქართველოში კი – 56 თეთრი. მისივე თქმით, დღეს მოლდოვაში მომხმარებლისთვის გაზის ფასი 3 ლარსა და 65 თეთრს შეადგენს, საქართველოში კი კვლავ 56 თეთრია. პარლამენტის თავმჯდომარე ამ განსხვავებას მოლდოვის მიერ ბრიუსელის რეკომენდაციების გათვალისწინებას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფა უნდა იყოს.

„ზრუნავენ არა იმაზე, რომ ჰქონდეთ რაც შეიძლება იაფი ენერგომატარებლები და აქედან გამომდინარე, დაბალი ფასები, არამედ იმაზე, რომ როგორმე მიიღონ დადებითი შეფასებები ბრიუსელისგან. აქედან არის მარტივი დასკვნა, რაც უფრო გაქებს ბრიუსელი, ესე იგი, რაღაცას არასწორად აკეთებ შენი ხალხისთვის. ჩვენთვის ეს არის სწორედაც რომ ტესტი – რაც უფრო მეტად შეგვაქებს ბრიუსელი, ჩვენ კითხვა უნდა დავსვათ, ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც უფრო გაგვაკრიტიკებს ბრიუსელი და მისი ელჩი, ესე იგი სწორად ვიქცევით და ჩვენი ხალხი მოგებაში იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მონტენეგროს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატთა კეთილსინდისიერების შემოწმება სავალდებულო ხდება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 2026 წლისთვის 7.3%-მდე გაიზარდა, რაც საგაზაფხულო პროგნოზთან შედარებით, 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *