შოთა რუსთაველის პატრონი ერი რომ რაღაც წილად პატივისცემის ღირსად მიმიჩნევს, ეს ჩემგან ათმაგად დასაფასებელია
By

შოთა რუსთაველის პატრონი ერი რომ რაღაც წილად პატივისცემის ღირსად მიმიჩნევს, ეს ჩემგან ათმაგად დასაფასებელია

დავით შემოქმედელის (ტაკიძე) შემოქმედებას და საზოგადოებრივ მოღვაწეობას საქართველოსა და უცხოეთში კარგად იცნობენ. პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემული 25 წიგნის ავტორია. მან აკაკი ბაქრაძესა და მურმან ლებანიძესთან ერთად დააარსა სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, ახლა მისი პრეზიდენტია. დავით შემოქმედელთან ინტერვიუ აჭარის მთიანეთში მისი სტუმრობისას ჩავიწერეთ.
– ბატონო დავით, ცნობილი გვარის წარმომადგენელი ბრძანდებით, დღეს ქართველი და უცხოელი მკითხველი შემოქმედელის ფსევდონიმით გიცნობთ. . .
– თავიდან ფსევდონიმის არჩევაზე არც მიფიქრია. დავიბადე გურიის სოფელ შემოქმედში, სოფელში, რომლის სახელშიც თითქოს თავიდანვე იყო ჩადებული ჩემი მომავალი. შესანიშნავმა მწერალმა ლადო მრელაშვილმა მითხრა: „როგორი დამთხვევაა – შენი მშობლიური სოფელია შემოქმედი, შენი საქმიანობა კი შემოქმედება. როგორი კეთილხმოვანება და შინაარსობრივი დატვირთვა აქვს ამ სახელს. აუცილებლად ფსევდონიმად შემოქმედელი უნდა დაირქვა“. მისმა ნათქვამმა დამაფიქრა, თუმცა გადაწყვეტილება მაშინვე არ მიმიღია. გარკვეული ყოყმანის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ფსევდონიმი მხოლოდ ჩემი დაბადების ადგილის აღმნიშვნელი კი არა, შემოქმედებითი გზის გამომხატველიც შეიძლებოდა გამხდარიყო. ასე დამკვიდრდა ჩემი ლიტერატურული სახელი – დავით შემოქმედელი.
– გზა, რომელიც დაფუძნებიდან დღემდე სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოებამ გამოიარა ეროვნულ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული. როგორ და რა ფორმით გრძელდება ეს გზა?
– სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებამ დიდი და სახელოვანი გზა გამოიარა. დევიზი ამ საზოგადოებისა გახლდათ დიონისე არეოპაგელის თეზა: „წმინდა საგანი, წმინდა საშუალება, წმინდა მიზანი“. სხვადასხვა წელს ამ საზოგადოების პრეზიდენტები იყვნენ ქართული მწერლობისა და კულტურის კორიფეები: ირაკლი აბაშიძე, აკაკი ბაქრაძე, მურმან ლებანიძე… რელიგიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა საქართველოს სულიერი მწყემსმთავარი ილია მეორე, ხოლო რუსთველოლოგიის კომიტეტს – საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან დაწყებული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი დღეებიდან მოყოლებული, ამ საზოგადოების მიერ გაწეული ღვაწლი ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში ფასდაუდებელია. მოკლედ, რაც ეს საპასუხისმგებლო ტვირთი დამედო მხრებზე, რეტროსპექტულად ჩვენ მიერ ქართულ კულტურაში გაკეთებული საქმეებია: სამეცნიერო-კულ­ტუ­რუ­ლი სა­ხის ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი ის­რა­ელ­ში, ბერ­ლინ­ში, ტაო-კლარ­ჯეთ­ში, კა­პა­დო­კი­ა­ში, ანის­ში, ჰე­რეთ­ში, და­ვითგა­რე­ჯა­ში, ცა­მე­ტი ასუ­რე­ლი მა­მის ნა­კვა­ლევ­ზე, ჩვენ მიერ ტაო-კლარჯეთზე გადაღებული ფილმი ,,ტაო შემაძრწუნებელი ბედნიერება“ (რეჟისორი – მარინა კოლხიდაშვილი), რომელმაც მსოფლიო ქრისტიანული დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე დიდი აღიარება მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა; ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან 200 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო აკადემიურ თე­ატრ­ში; შოთა რუს­თა­ვე­ლის 850 წლის­თა­ვი­სა­დმი მი­ძღვნი­ლი სა­ღა­მო რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო აკადემიურ თე­ატრ­ში; საქართველოში პირველად, მოაწყო ქართული ხელოვნების ფესტივალი საჯარო სკოლებში ,,ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან“, რომლის ჟიურის წევრები იყვნენ: ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი (რუსთაველის საზოგადოების კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე), ომარ მხეიძე, დავით შემოქმედელი, შოთა რუს­თა­ვე­ლის ძეგ­ლის გა­ხსნა სანქტ-პე­ტერ­ბურგ­ში (ძეგ­ლის ავ­ტო­რია ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი); ქარ­თუ­ლი სა­კვი­რაო სკო­ლის გა­ხსნა სანქტ-პე­ტერ­ბურგ­ში; ნიუ-იორკში გამოვიდა ჩემ მიერ შედგენილი და ჩემივე წინასიტყვაობით ქართველ და უცხოელ მკვლევართა ნაშრომების წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი – მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“.

– რა ადგილს იჭერს თქვენს შემოქმედებაში ქართულ-გერმანული და ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობები?

– ეს ვრცელი თემაა. მთავარს გამოვყოფ: ისრაელში ჩავატარეთ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, ასევე შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე გერმანიაში. ბერლინში აღვადგინეთ საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ფილიალი, ხოლო ბონში რუსთაველის საზოგადოების ახალი ფილიალი გავხსენით.

– თქვენი ნაწარმოებების მიხედვით შექმნილია მონოსპექტაკლები და სიმღერები. ქართველ მწერლებთან, ხელოვანებთან ურთიერთობიდან რას გაიხსენებთ?

– დიდი მადლობა ყველა იმ ხელოვანს, ვისაც ჩემი სიტყვა სხვადასხვა ფორმით მიაქვს მსმენელამდე. მოდით, პირველად, თუ შეიძლება ასე დაერქვას, ლიტერატურულ კურიოზს გავიხსენებ: ეს იყო პირველი შეხვედრა ნოდარ დუმბაძესთან. ყმაწვილი პოეტი ვარ. გადავწყვიტე, საყვარელი მწერლისთვის, ნოდარ დუმბაძისათვის გამეცნო ჩემი ლექსები. რამდენიმე საგულდაგულოდ შევარჩიე, ლამაზად გადავწერე და მასთან მივედი. დაიწყო კითხვა, გულის ფანცქალით ველოდები განაჩენს. უცბად ერთ-ერთ ლექსზე შეჩერდა, გაიცინა და წამოიძახა: ამაზე არც მე ვიტყოდი უარსო. რომ გამეგო, რომელი იყო ეს ლექსი, თითის წვერებზე წამოვიწიე და ტექსტს თვალი ჩავკარი. ლექსს სათაურად ,,ორი გოგონა“ ეწერა. შემოეხაზა ორი სტრიქონი: ,,მგონია, ორივ პატარძალია, დაგოგმანებენ ჩემს ტკბილ მამულში“. ვწერდი, რომ ორი გოგონა თანაბრად მიყვარდა, არჩევანი ვერ გამეკეთებინა და მსურდა, ორივე ცოლად მომეყვანა. ბატონი ნოდარი ამ დროს მწერალთა კავშირის მდივანია. თავისთან იხმო ცნობილი პოეტი, შემდგომში ჩემი უფროსი მეგობარი მედეა კახიძე და ეუბნება: აი, გურიიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა კაცი. რომ წერდი: საქართველოში ორცოლიანობის მაგალითები არ იყოო, ეს კაცი საპირისპიროს ამტკიცებს, ორ ცოლს ითხოვს და უნდა დაეხმაროო! მიყურებს გაოცებული ქალბატონი მედეა უცნობ ადამიანს და სიცილით ეუბნება: მე გათხოვილი ქალი ვარ, ორი შვილის დედა და მაგ საქმეში ვერ გამოვადგებიო. მივხვდი, ჩემით უკვე კარგად ერთობიან. შიშით გავიფიქრე, ვაითუ, ხვალ ბატონმა ნოდარმა სადმე ეს ამბავი გამოაქვეყნოს და ჩემზე მთელი საქართველო იხარხარებს-მეთქი. წავალ, ბატონო ნოდარ, ჩემს ლექსებს წავიღებ! – ვთქვი რაღაცნაირად დარცხვენილმა… მოიცა, მოიცა… ასე ადვილად ვერ წახვალ! მაინტერესებს, შენ თუ მართლა გიყვარს ის ორი გოგონა, მაშინ დიდი ვერაფერი ამბავია ეს ლექსი. რუსთაველმა ერთი ქალის სიყვარულზე იმხელა პოემა დაწერა და შენ ორი ქალის სიყვარულზე ამის მეტი ვერაფერი შექმენი?!. ხოლო თუ არ გიყვარს არცერთი, გამოიგონე და დაწერე, მაშინ ყოჩაღ და ამ ლექსსაც დაგიბეჭდავო. ისედაც სიმართლეს ვეტყოდი, მაგრამ მივხვდი, რომ მცდიდა. გამახსენდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა სპილოებზე ლექსი დაწერა და ბატონმა ნოდარმა უთხრა: ბიჭო, ჩოხატაურს არ გაცილებიხარ, რა იცი, სპილოების შესახებ რომ წერო?!. კითხვაზე არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე: რომც არ დამიბეჭდოთ, ორივე მიყვარს-მეთქი! ნოდარმა გადაიხარხარა, შემაქო, კი არ გამოვედი, გამოვფრინდი მისი ოთახიდან.

– საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ზე-კართან“ გეგელიძეებში, ჩაოსა და შუახევში მკითხველებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრები გამართეთ. რა შთაბეჭდილებებით დატოვეთ ეს კუთხე?

– ყველაფერი, რაც მთიანი აჭარის კულტურულ ცხოვრებას ეხება, რაც ჩემი თვალით ვნახე ამ ღონისძიებების ორგანიზატორების მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული, ეს გახლავთ უაღრესად საჭირო საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის სულიერი ცხოვრებისათვის. ამას სახელმწიფოსაგან სჭირდება მხარდაჭერა და გვერდით დგომა, ხოლო ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა – ეს იყო დღეები, რომლებიც ბოლო ამოსუნთქვამდე მემახსოვრება.

– ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციები რა საქმიანობით არიან დაკავებულნი?
 – მრავალი მიზანი გვაქვს, რომ სამეცნიერო და კულტურული ცხოვრება უფრო შინაარსიანი და მაღალესთეტიკური გავხადოთ. ვნახოთ, რას გვაჩვენებს მომავალი.

– მადლიერმა საზოგადოებამ დაბადებიდან 60 და 70 წლის იუბილეები გადაგიხადათ. ადრე, თქვენს შემოქმედებაზე – პროფესორმა გულნაზ გვალიამ, წელს – ავტორთა ჯგუფმა წიგნები გამოსცეს. ერთხელ, საჯარო გამოსვლისას აღნიშნეთ, რომ ყველაზე დიდ ჯილდოდ „საპატიო ოზურგეთელის“ წოდებას მიიჩნევთ…

– შოთა რუსთველის პატრონი ერი რომ რაღაც წილად პატივისცემის ღირსად მიმიჩნევს, ეს ჩემგან ათმაგად დასაფასებელია.

– ახლა რა წიგნზე მუშაობთ?

– ერთდროულად რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ სამი მიმართულებით: – პოეზიაში, პროზაში, ესეისტიკაში. კონკრეტულად კი არასოდეს ვიცი, სად მიმიყვანს შემოქმედების უხილავი ძალა.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *