„ქართველები და ზღვა“ – ფესტივალი, რომელიც გალაკტიონის სახელს ატარებს
By

„ქართველები და ზღვა“ – ფესტივალი, რომელიც გალაკტიონის სახელს ატარებს

ბათუმმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. იგი ნელ-ნელა ტრადიციად ყალიბდება – წელს მესამედ ჩატარდა. სამდღიანი ღონისძიება მრავალფეროვანი ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროგრამით იყო დატვირთული, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად უცხოელებიც მონაწილეობდნენ.

ფესტივალი „ქართველები და ზღვა“ ოფიციალურად აჭარის მწერალთა სახლში გაიხსნა. საინტერესო აქტივობებთან ერთად შეკრებილებმა დოკუმენტური ფილმი ნახეს გერმანიაში მცხოვრებ, იქ დაბადებულ და გაზრდილ, ნახევრად ქართველ მოზარდებზე (ფილმის ავტორები – ფრანკფურტში მცხოვრები პედაგოგი ნინო ხალვაში-ვირთ და ანდრეი პოპოვი). იქვე საზოგადოებამ მხატვარ ბაჩანა ხალვაშის ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერა.

ფესტივალის მეორე დღე – 17 ნოემბერი, გალაკტიონის დაბადების თარიღი, მთლიანად მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა – შეკრებილებმა, უდავოდ, ისიამოვნეს დიდი პოეტის შესახებ ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმით. ბოლო დღეს შედგა დისკუსია თემაზე „მეოცე საუკუნის ლიტერატურული მიმდინარეობები და გალაკტიონ ტაბიძე“.

განსაკუთრებული ადგილი დაუთმეს ქართული ემიგრაციის წარმომადგენელთა წარმოჩენას, მათი ღვაწლის აღნიშვნას გალაკტიონოლოგიაში. მონაწილე მსახიობებმა და მუსიკოსებმა, ლიტერატურულ-მუსიკალურმა კოლაჟებმა, თემატურმა გამოფენებმა განსაკუთრებული განწყობა შექმნეს.

– მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეძღვნება გალაკტიონს და იმიტომაც, რომ ეს ხდება ბათუმში, რომელიც მას ძალიან უყვარდა და აღელვებდა. უკვე მესამედ ტარდება და ყოველ ჯერზე ეს პოეზიის დღესასწაულია, არის ის, რაზეც გალაკტიონი ოცნებობდა – მას სურდა, ასეთი ფესტივალი ბათუმში ყოფილიყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ერთმანეთს პროფესიონალი ადამიანები ხვდებიან. ფესტივალი, რომელიც გალაკტიონის სახელს ატარებს, ქალაქ ბათუმის მერიისა და აჭარის მწერალთა სახლის მხარდაჭერთ ტარდება და მადლობა მათ. მას სათავე დაედო აჭარის რადიოს არქივში გალაკტიონის ხმის ჩანაწერით. მასში პოეტი საუბრობს საკუთარი ოცნების შესახებ, რომ სურს ბათუმში ყოველწლიურად ჩატარდეს ზღვის, პოეზიისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი დღეები, სათაურიც თავად შეურჩია – „ქართველები და ზღვა“. გარდა მეტაფორული სახეებისა, გალაკტიონ ტაბიძე ზღვას განიხილავდა როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელ სივრცეს, საუბრობდა ქართველებისთვის ზღვის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე. ჩვენ ანდერძივით მივიღეთ პოეტის განუხორციელებელი იდეა და გალაკტიონი სიმბოლურად დავაბრუნეთ მის საყვარელ ბათუმში. როგორც ჩანს, მას ამ ქალაქისადმი განსაკუთრებული სიყვარული ამოძრავებდა. ყოველთვის დიდი სიყვარულითაც ხვდებოდნენ. უყვარდა იმიტომ, რომ აქ გამოსცა თავისი ჟურნალის რამდენიმე ნომერი და წიგნი – „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“. ის თვლიდა, რომ ბათუმი არის სივრცე, სადაც მაღალ დონეზე შეიძლება საუბარი პოეზიაზე, ზოგადად, ხელოვნებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი აქვს, სხვადასხვა დროს ფესტივალს სტუმრობდნენ მკვლევრები და მსახიობები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, წელს ჩამოსულები იყვნენ გერმანიიდან, თურქეთიდან. მიღებული გვაქვს საინტერესო გზავნილები და თარგმანები დანიიდან და იტალიიდან. ფესტივალის სამივე დღეს წაკითხული და განხილული იყო თარგმანები სხვადასხვა ენაზე, ვისაუბრეთ პოეტის ბიოგრაფიის დეტალებზე, – აღნიშნა ფესტივალის დამფუძნებელმა ნინო ხოფერიამ.

– ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩემთვის მშობლიურ აჭარაში ჩამოსვლა, სადაც 20 წელზე მეტია არ ვყოფილვარ, გასაკუთრებით ამ ფილმის ჩამოტანა მახარებს, რომელშიც ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ნახევრად ქართველების შესახებაა მოთხრობილი. მქონდა პატივი, პირველს მიმეტანა მათ გულებამდე გალაკტიონის პოეზია. მარტში დავიწყეთ ლექსების შესწავლა. კარგი ბავშვები არიან, როგორ შეიძლებოდა, მათ არ სცოდნოდათ დიდი გალაკტიონის შესახებ. ამ პროექტის განხორციელება სწორედ ამ ბავშვების დამსახურებაა, – გვითხრა ნინო ხალვაშმა.

– ფესტივალში მეორედ ვმონაწილეობ, რა თქმა უნდა, მიხარია, რადგან ეს ყველაფერი გალაკტიონთან, ზღვასთან, ჩვენს საყვარელ ბათუმთანაა დაკავშირებული. მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ნინო ხოფერიას ფესტივალის ორგანიზებისთვის, მადლობა საქართველოს მწერალთა სახლს, პირადად, ქეთევან დუმბაძეს, რომელიც გეგმავს, მხარში დაუდგეს ამ ფესტივალს, ასევე აჭარის მწერალთა სახლს – მასპინძლობისთვის,- აღნიშნა პოეტმა მანონ ბულისკერიამ.

– ამ დღეს ვიკრიბებით არა მხოლოდ გალაკტიონის, არამედ ზოგადად, პოეზიის მოყვარულები და მისი მცოდნენი. გალაკტიონის ლექსებში ახალ-ახალ მიგნებებს ვაკეთებთ და მსმენელს ვაცნობთ. მჯერა, ფესტივალი მომავალშიც ჩატარდება. მხარდაჭერისთვის მადლობა ბათუმის მერიას. საერთოდ, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ქალაქი ამ სახის ფესტივალს მასპინძლობს, – თქვა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *