საბა დიასამიძე – პროექტ ,,ნიჭიერის“ ვარსკვლავი აჭარიდან
11 წლის საბა დიასამიძე, რომელმაც მოსახლეობის ფართო ფენების ყურადღება პროექტ „ნიჭიერში“ მოპოვებული „ოქროს ღილაკით“ (რაც ნახევარფინალში გადასვლას გულისხმობს) მიიქცია, მრავალმხრივი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და სანიმუშო სწავლით გამოირჩევა. პატარა ხელოვანი შესანიშნავად ცეკვავს და მღერის, ასრულებს აჭარულ შაირებს.
საბა ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეა, პარალელურად კი აქტიურად ეუფლება ქართულ ფოლკლორს – ცეკვავს ქორეოგრაფიულ ანსამბლში და სწავლობს შუახევის სალოტბარო სკოლაში. ფართო საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერის“ სცენიდან გაიცნო, სადაც ბიძაშვილთან, ელენე დუმბაძესთან ერთად შესრულებული ემოციური ნომრით ჟიურისა და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.
როგორც საბა გვიყვება, ორი წლის ასაკიდან მღერის და ცეკვავს, ტრადიციული აჭარული შაირებისადმი განსაკუთრებული ინტერესი კი ბებიამ გაუღვივა, რომელიც მისი შთაგონების მთავარი წყაროა:
– როცა ბებია სახლის საქმეს აკეთებდა, მეც სულ მის გვერდით ვტრიალებდი. ამ დროს ხშირად ღიღინებდა, მეც ვუსმენდი. სწორედ ასე ვისწავლე და შევიყვარე აჭარული შაირები. პირველად მუზა ყანაში მუშაობის დროს მეწვია, თოხი გადავაგდე და დავიწყე სიმღერა.
საინტერესოა, რომ საბა და ელენე პროექტ „ნიჭიერში“ სრულიად შემთხვევით მოხვდნენ. ერთ დღეს მათი შესრულებული სიმღერა და ცეკვა საბას დამ ტელეფონით გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. ვიდეოს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ მისი ნახვის შემდეგ დაუკავშირდნენ „ნიჭიერის“ პროდიუსერები და კონკურსში მონაწილეობა შესთავაზეს.
საბა ჩვენთან საუბარში სცენაზე გასვლისა და „ოქროს ღილაკთან“ დაკავშირებულ ამბავს, დაუვიწყარ ემოციებს იხსენებს.
– მჯეროდა, რომ „ნიჭიერის“ სცენაზე ფეხს რომ დავდგამდი, ძალიან ბევრი ადამიანი გამიცნობდა. იქამდე თუ ნახევარ საქართველოს ვუყვარდით მე და ელენე, ახლა მთელი საქართველო გვიცნობს და გვგულშემატკივრობს. სცენაზე გასვლის წინ საერთოდ არ ვნერვიულობდი, თუმცა ელენე ცოტათი ღელავდა და ვცდილობდი, გამემხნევებინა. სიმართლე გითხრათ, ჟიურისგან ხუთ „კი“-ს ნამდვილად ველოდებოდი, მაგრამ ნუცა ბუზალაძემ „ოქროს ღილაკს“ რომ დააჭირა ხელი, ეს სრულიად მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო. იმ წუთებში მეც და ელენეც უბედნიერესები ვიყავით. მალევე დავიწყეთ შემდეგი ტურისთვის მზადება, თუმცა სიურპრიზად დავტოვებ და ჯერ ვერ გაგიმხელთ, რას ვამზადებთ. იმას კი ნამდვილად გპირდებით, რომ მაყურებელი წინ დიდი სანახაობით ისიამოვნებს.
მიუხედავად გადატვირთული რეჟიმის, რეპეტიციებისა და კონკურსისთვის მზადების რთული გრაფიკისა, საბა სკოლაშიც სამაგალითოა. როგორც თავად აღნიშნავს, სწავლა ძალიან უყვარს და ყველა საგანს ერთნაირი ინტერესითა და პასუხისმგებლობით ეკიდება. განსაკუთრებით მოსწონს ისტორია, მათემატიკა, ქართული ენა, ბუნება და, რა თქმა უნდა, სპორტი. ეს შრომისმოყვარეობა შეფასებაზეც აისახება, იგი ფრიადოსანი მოსწავლეა.
სცენისა და ფოლკლორის დიდი სიყვარულის მიუხედავად, 11 წლის ხელოვანს მომავალთან დაკავშირებით, განსხვავებული ამბიციური გეგმები აქვს – პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ოცნებობს. პატარა ვარსკვლავს სურს, დიდ სპორტში მიღწეული წარმატებითა და გამომუშავებული თანხით ბავშვთა თავშესაფრებს დაეხმაროს და მზრუნველობამოკლებულ პატარებს დაუდგეს გვერდით.
საბას მთავარი ძალა და სტიმული მისი ოჯახია. სწორედ ოჯახის წევრების განსაკუთრებული სიყვარული, რწმენა და მუდმივად მხარში დგომა აძლევს პატარა ხელოვანს მოტივაციას, რომ საკუთარი შესაძლებლობები კიდევ უფრო განავითაროს, ახალ მწვერვალებს მიაღწიოს და თითოეულ გამოსვლაში მთელი გული ჩადოს.
ოცნებობს აღიარებასა და ხალხის სიყვარულზე – ძალიან სურს, რომ მისი ნიჭისა და შემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეიტყონ და ქართული ფოლკლორი საერთაშორისო სცენებზეც გააცნოს მაყურებელს, ვუსურვოთ, რომ აუხდება ეს ოცნება.
თამარ ლამპარაძე