„როსტომ აბაშიძე – ბეჭდაუდებელი ფალავანი“
ბათუმში დოკუმენტური ფილმის „როსტომ აბაშიძე – ბეჭდაუდებელი ფალავანი“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს დოკუმენტური ფილმების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ისახავს რეგიონში კინოხელოვნებისა და დოკუმენტური კინოწარმოების განვითარების ხელშეწყობას, პროფესიონალი და დამწყები რეჟისორებისა და შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა ნანა ახვლედიანმა გადაიღო და ეძღვნება ქართული ჭიდაობის გამორჩეულ წარმომადგენელს, ლეგენდარულ ფალავან როსტომ აბაშიძეს, რომელმაც თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა არა მხოლოდ ქართული ჭიდაობის, არამედ მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში.
სპორტის დამსახურებული ოსტატი როსტომ აბაშიძე ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა შორის სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. იგი არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, დასახელებულია მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით, არის ბათუმის საპატიო მოქალაქე.
დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, კულტურის მინისტრის მოადგილეები, როსტომ აბაშიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„როსტომ აბაშიძე ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ისტორიაა, რომელმაც თავისი მიღწევებით საქართველოს ძალიან ბევრი წარმატება მოუტანა და, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონის მხრიდან განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. მადლობა მას განვლილი გზისთვის. რაც შეეხება ფილმს, შესანიშნავადაა გადაღებული, საინტერესო მოსასმენი და დარწმუნებული ვარ, ეს ფილმი იქნება ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი საკუთრება, რომელიც ისაუბრებს არა მხოლოდ როსტომ აბაშიძეზე, არამედ მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის, რომლებიც უნდა მიეჩვიონ დისციპლინას, მიზანდასახულობას და იბრძოლონ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.