მიხეილ სარჯველაძე: სოციალურად დაუცველთა რეესტრი მუდმივად განახლებადია
By

მიხეილ სარჯველაძე: სოციალურად დაუცველთა რეესტრი მუდმივად განახლებადია

სოციალურად დაუცველთა ერთიანი რეესტრის სრულყოფისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის შეფასების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მიზანი მონაცემთა ისეთი ბაზის შექმნაა, რომელიც მოქალაქეთა რეალურ მდგომარეობას ასახავს და სოციალური დახმარების სამართლიანად განაწილებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, წლების განმავლობაში ოჯახების გადამოწმების პროცესი შეჩერებული იყო, რის შედეგადაც რეესტრში ისეთი ადამიანებიც რჩებოდნენ, რომელთა მიმართაც საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი შესაძლოა, ობიექტურად აღარ არსებობდა.
„ოჯახების გადამოწმების პროცესის დაწყების შემდეგ გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, რამაც შემდეგ გამოიწვია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ცალკეულ ოჯახებს ახალ სარეიტინგო ქულას განუსაზღვრავს, რომლის შედეგადაც კანონმდებლობით, მაგალითად, შემწეობის მიღების უფლება არ არის გათვალისწინებული. ვიღაცა შეიძლება, საერთოდ ამოსაღები იყოს სოციალურად დაუცველთა ერთიანი რეესტრიდან და ასე შემდეგ.
ეს ქულები ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ეს გახლავთ მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად, არითმეტიკული სიზუსტით ხდება იმის დაანგარიშება, ვის რა ეკუთვნის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ამ საქმეს ასრულებს სოციალური მომსახურების სააგენტო და ვფიქრობ, რომ წარმატებულად გაართვა თავი ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველთა რეესტრი მუდმივად ახლდება, რადგან მასში ოჯახები ემატებიან და გარკვეული პერიოდულობით გამოირიცხებიან კიდეც. შესაბამისად, მათი გადამოწმების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
„სოციალურად დაუცველთა რეესტრი არის ცოცხალი ორგანიზმი. ბუნებრივია, ადამიანები, ოჯახები რეესტრში ამ პერიოდის განმავლობაშიც ემატებოდნენ. ვიღაცა, ბუნებრივია, აკლდებოდა. ასე გაგრძელდება მომავალშიც და, ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც ჩვენ მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რომლის მეშვეობითაც ზუსტად გვეცოდინება, ვის რა სტატუსი აქვს და, აქედან გამომდინარე, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *