კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი
By

კობა კაკალაძის სახელობის ტურნირი

ორ დღეს მიმდინარეობდა კობა კაკალაძის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელსაც  მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. კობა კაკალაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა თავისუფალ ჭიდაობაში.

მისი სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი ტრადიციულია და წელს მეთორმეტეტდ გაიმართა.

ტურნირში წელს ოთხი ქვეყნის 400-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, უცხოელი მოჭიდავეებიც ჩაერთნენ, რამაც შეჯიბრს საერთაშორისო მასშტაბი და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა.

სომხეთის რესპუბლიკიდან ბათუმში – ხუთი კლუბი, ყაზახეთიდან კი ორი გუნდი ჩამოვიდა. საქართველოს მასშტაბით ტურნირში თითქმის ყველა რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 2011-2012 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა 45-დან 110 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში იასპარეზეს, ხოლო 2013-2015 წლებში დაბადებულებმა – 23-დან 53 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში.

როგორც აჭარის ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავისუფალ ჭიდაობაში მარად არძენაძემ აღნიშნა, ტურნირში აჭარის ნაკრების წარმომადგენლები საკმაოდ კარგად გამოვიდნენ – აჭარიდან ცხრა ფინალისტი გვყავდა.

ტურნირს ესწრებოდა კობა კაკალაძე. „აჭარასთან“ მან არა მხოლოდ მიმდინარე ტურნირზე, არამედ, როგორც ქობულეთელმა, საბა ლაზიშვილის სპორტულ გზაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ საბამ ჭიდაობა ქობულეთის სასპორტო სკოლაში დაიწყო და თავისუფალ ჭიდაობაში საკმაო წარმატებებსაც მიაღწია – არის საქართველოს მრავალგზის პრიზიორი – მეორე-მესამე ადგილების მფლობელი, თუმცა, ბოლო წლებში მიღებულმა ტრავმებმა მის სპორტულ კარიერას ხელი შეუშალა. მოგვიანებით საბა საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, რადგან უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო სწავლა.

კობა კაკალაძის შეფასებით, თუ ბოლოდრონდელ მოვლენებს გავიხსენებთ, რომელზეც მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, საბა ლაზიშვილმა არა მხოლოდ სპორტული შესაძლებლობებით, არამედ პიროვნული თვისებებითაც გამოიჩინა თავი. მან ქართული ხასიათი, ეროვნული სული წარმოაჩინა.

– ქართველებს ოდითგანვე გვახასიათებს – მეგობარს გასაჭირში არ მივატოვებთ, საბამ კი ამ ღირებულების ერთგულება რთულ ვითარებაში დაამტკიცა – გვერდით დაუდგა მერაბ დვალიშვილს და ამით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აჭარის, ქობულეთის, მთლიანად საქართველოს ღირსება. რაც შეეხება ჩემი სახელობის ტურნირს, მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გასაზრდელად, ამასთან მომავალი თაობის აღზრდის, მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნების მნიშვნელოვანი საშუალებაა. მსგავსი შეჯიბრებები ხელს უწყობს ქართული ჭიდაობის ტრადიციების გაგრძელებას და ახალგაზრდა სპორტსმენების წარმოჩენას, – აღნიშნა კობა კაკალაძემ.

რესპუბლიკური ტურნირის საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დიპლომებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ანეტა ირემაძე,

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *