„მამულიშვილობა არა მხოლოდ წარსულის პატივისცემა, მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაცაა“
By

„მამულიშვილობა არა მხოლოდ წარსულის პატივისცემა, მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაცაა“

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი 20 წლისაა. ორგანიზაცია ეროვნული ფასეულობების დაცვას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას, საგვარეულო ურთიერთობების განმტკიცებაც ემსახურება და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. კავშირის განვლილ გზაზე, მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მისი თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძე გვესაუბრა.

– ადამიანებთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი ინტერესების პატივისცემა, მშობლიური კუთხის სიყვარული და იმ ღირებულებების ერთგულება, რომლებზეც ჩვენი წინაპრები იზრდებოდნენ, ჩემთვის ყოველთვის უმთავრესი იყო. დიდაჭარელი ვარ. მთაში გაზრდილმა კაცმა კარგად იცის, რას ნიშნავს მეზობლობა, თანადგომა, სიტყვის ფასი და პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე. აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირთან ურთიერთობაც სწორედ ამ ღირებულებებმა განაპირობა. აქ შევხვდი ადამიანებს, რომელთათვის მამულიშვილობა მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს არის ყოველდღიური შრომა, პასუხისმგებლობა და მზადყოფნა, უანგაროდ ემსახურო ქვეყანას. კავშირის თავმჯდომარეობა ჩემთვის, უპირველესად, დიდი ნდობა და პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორგანიზაციას უკვე აქვს საკუთარი ისტორია, ტრადიციები და იმ ადამიანების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომლებმაც მის ჩამოყალიბებას საფუძველი დაუდეს.

– როგორ გაჩნდა იდეა, რომ აჭარაში ეს არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნებულიყო?

–კავშირის დაფუძნება ქართული გვარების ისტორიის შესწავლას, საგვარეულო ფესვების მოძიებას, ისტორიული მეხსიერების აღდგენასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას უკავშირდება. აჭარამ მძიმე პერიოდი გამოიარა. ოსმალთა სამსაუკუნოვანმა ბატონობამ, მუჰაჯირობამ, მოსახლეობის გადაადგილებამ და ისტორიულმა ძნელბედობამ ბევრი ოჯახი და საგვარეულო ერთმანეთს დააშორა. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა იცოდნენ საკუთარი გვარი, მაგრამ აღარ იცოდნენ წინაპართა საცხოვრებელი ადგილი, ნათესაური კავშირები და საგვარეულოს ისტორია. ამიტომ გაჩნდა საჭიროება, დაარსებულიყო ორგანიზაცია, რომელიც ამ კავშირების აღდგენაზე იზრუნებდა.

– რა პრინციპებით ხელმძღვანელობს კავშირი?

– ჩვენი საქმიანობის საფუძველია მამულის სიყვარული, ეროვნული ერთიანობა, ისტორიული სიმართლისადმი პატივისცემა, ტოლერანტობა, ურთიერთთანადგომა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. მამულიშვილობა არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი გვარის ან კუთხის სიყვარულს, ეს მთელი საქართველოს სიყვარულია, მისი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და მრავალფეროვნების პატივისცემაა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თაობათა შორის კავშირის შენარჩუნება. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, ვინ იყვნენ მათი წინაპრები, რა შექმნეს, რა ფასეულობები შემოგვინახეს. დღეს კავშირის საქმიანობის მთავარი პრინციპია ზეპარტიულობა. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს პოზიცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არ ვატარებთ პარტიულ ინტერესებს. გვაერთიანებს გაცილებით მნიშვნელოვანი ღირებულებები – სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი.

– აჭარაში მომუშავე, ცხოვრებით დაბრძენებული პიროვნებები შემოიკრიბეთ. გვიამბეთ მათ შესახებ?

– ეს ჩვენი კავშირის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. ორგანიზაციის ძალა მხოლოდ წევრთა რაოდენობით არ განისაზღვრება. გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა გამოცდილება, ცოდნა, ავტორიტეტი და ადამიანური ღირსებები მოაქვთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. ჩვენ გვერდით არიან მწერლები, პოეტები, ხელოვნებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, მეცნიერები, პედაგოგები, საზოგადო მოღვაწეები, ადამიანები, რომლებმაც თავიანთი შრომითა და ცხოვრების წესით პატივისცემა დაიმსახურეს. მათი მონაწილეობით ჩვენი ღონისძიებები მხოლოდ ოფიციალურ შეკრებად არ რჩება. ისინი ხშირად იქცევა ისტორიის, ლიტერატურის, კულტურისა და ადამიანური ურთიერთობების ნამდვილ დღესასწაულად. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ა(ა)იპ „მწიგნობართან“ თანამშრომლობა, რომლის ხელმძღვანელი მანანა წულუკიძე არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. ასევე, დასაფასებელია მწერლებისა და პოეტების ჩართულობა, მათ შორის თამარ ხოზრევანიძის, გულიკო გაბაიძის, შაქრო ჩიკვაიძისა და სხვათა საქმიანობა. მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო წამოწყებებსაც, მათ შორის აღსანიშნავია „საქართველო წერს ზურაბ გორგილაძის რჩეულს“. მიგვაჩნია, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გზა ახალგაზრდებისთვის ქართული ლიტერატურისა და კულტურის შეყვარებაა, გამოცდილი ადამიანების გვერდით მათი ყოფნა კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს არის ცოდნის, გამოცდილებისა და ფასეულობების ბუნებრივი გადაცემა თაობიდან თაობისთვის.

– ორგანიზაციას რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს და რამდენად ახერხებთ დასახული მიზნების განხორციელებას?

– ჩვენი კავშირი ფინანსური შესაძლებლობებით არასოდეს გამოირჩეოდა. მეტწილად, საზოგადოებრივ საწყისებზე ვმუშაობთ. საქმიანობის მთავარი საყრდენია გამგეობის წევრთა მონდომება, ორგანიზაციის წევრების შემოწირულობები, კეთილი ადამიანებისა და ქველმოქმედების თანადგომა. ხშირად, კონკრეტული ღონისძიება სწორედ იმ ადამიანების დახმარებით ხორციელდება, რომლებიც კარგად აცნობიერებენ მისი ჩატარების მნიშვნელობას. რა თქმა უნდა, მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა რომ გვქონდეს, გაცილებით მეტ პროექტს განვახორციელებდით, განსაკუთრებით ისტორიული კვლევების, გამოცემების, ახალგაზრდული პროგრამებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენი საქმიანობის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი ადამიანების ნდობა და მხარდაჭერაა.

– როგორია კავშირის დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან?

– საზოგადოებრივი ორგანიზაცია ვერ იქნება გულგრილი იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც ქვეყანასა და ხალხს ეხება. კავშირის ოცწლიანი ისტორია ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს მოიცავს. ყოფილა პერიოდები, როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ მოძრაობებში, გამოდიოდნენ ინიციატივებით და საჯაროდ გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და მას ვერ უარვყოფთ, თუმცა დღეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ეროვნული, კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობაა. მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთება შესაძლებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანამშრომლობითაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი ერთიანობა, მშვიდობა, საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემა და ეროვნული ინტერესების დაცვა. ნებისმიერი ხელისუფლება, უპირველესად, ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. სადაც კარგი საქმე კეთდება, საჭიროა მხარდაჭერა, სადაც პრობლემაა – მისი დანახვა და კონსტრუქციულად წარმოჩენა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ჩვენი მიზანი არა დაპირისპირება, არამედ საერთო საქმისთვის ადამიანების გაერთიანებაა.

– თქვენს წინადადებებსა და სურვილებს როგორ ითვალისწინებენ?

– უნდა ითქვას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის მრავალი კარგი მაგალითი გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენის წინადადებები, რომლებიც ღირსეული ადამიანების ღვაწლის დაფასებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება. მაგალითად, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობამ სხვადასხვა დროს გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები ღირსეული პიროვნებების საქმიანობის სათანადოდ დაფასების შესახებ. კარგი თანამშრომლობის მაგალითია ნოდარ (სპარტაკ) ვანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ნარდის ტურნირიც, რომელიც ტრადიციად დამკვიდრდა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერაც მოიპოვა. ყველა წინადადება ყოველთვის და დაუყოვნებლივ ვერ ხორციელდება. ამას ზოგჯერ ფინანსური, ორგანიზაციული ან სხვა ობიექტური მიზეზები აქვს. მთავარია, არსებობდეს ურთიერთპატივისცემა, დიალოგი და სურვილი, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივები უყურადღებოდ არ დარჩეს. კარგი საქმე საერთო ძალისხმევით უკეთ კეთდება.

– თუ გაიხსენებთ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის, რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განახორციელეთ?

– ოცი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ბუნებრივია, ყველას ჩამოთვლა ერთ ინტერვიუში შეუძლებელია, თუმცა რამდენიმე მიმართულებას გამოვყოფ, უპირველესად, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას. კავშირის ადრეული პერიოდის მნიშვნელოვანი ინიციატივები უკავშირდება აჭარის ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლებისა და დედასამშობლოსთან დაბრუნების ისტორიული თარიღების ფართოდ აღნიშვნას, ამ მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების წინ წამოწევას. ასევე, აღსანიშნავია ჩაქვში უძველესი კოლხური მეტალურგიული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობა. ეს არის ჩვენი ისტორიის გამორჩეული ნაწილი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი კი არა, გაცილებით ფართო კულტურული მნიშვნელობისაა. ყურადღებას ვუთმობთ საგვარეულო შეკრებებსა და ნათესაური ურთიერთობების აღდგენას. სხვადასხვა დროს კავშირები დამყარდა ფუტკარაძეების, გოგაძეების, ბოლქვაძეების, დუმბაძეების, დიასამიძეების, ქათამაძეების, დავითაძეებისა და სხვა გვარების წარმომადგენლებს შორის. ცალკე უნდა გამოვყო თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან ურთიერთობა. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ტრაპიზონში ქართული კულტურის ასოციაციის გახსნის ცერემონიაში, სადაც ქართულენოვანი წიგნებიც ჩავიტანეთ. აღსანიშნავია საქველმოქმედო საქმიანობაც. ვსტუმრობთ ხანდაზმულებს, სოციალურად მოწყვლად ადამიანებს, ბავშვებს. ასეთი შეხვედრები, შესაძლოა, დიდი ფინანსური დანახარჯებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით ძალიან ღირებულია. კავშირის წევრები მონაწილეობდნენ ბათუმის ხანდაზმულთა თავშესაფარ „სავანის“ ბენეფიციარებთან გამართულ შეხვედრებში, ბავშვთა ცენტრ „თანას“ მხარდასაჭერ ღონისძიებებში. საზოგადოებრივ-კულტურული საქმიანობის ფარგლებში ვაწყობთ საიუბილეო საღამოებს, ხსოვნის ღონისძიებებს, შეხვედრებს მწერლებთან, პედაგოგებთან, ხელოვანებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ჩვენი მონაწილეობით აღინიშნა სახალხო განათლების ამაგდარისა და გაზეთ „აჭარის“ ყოფილი რედაქტორის, ვახტანგ წულუკიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე.

– კავშირმა რამდენიმე მივიწყებული პიროვნება წარმოაჩინა. მათი საქმიანობის დასტურად რიგ ღონისძიებებს მართავთ...

– მიმაჩნია, რომ ერის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა იმ ადამიანების ხსოვნის შენარჩუნება, რომლებმაც თავიანთი შრომით, ნიჭით, თავდადებითა და ღირსებით საზოგადოებას სიკეთე მოუტანეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი დამსახურება თანდათან დავიწყებას ეძლევა. გადის წლები, იცვლება თაობები და ზოგჯერ მშობლიურ სოფელშიც კი აღარ იციან, ვინ იყო ადამიანი, რომელმაც თავისი კუთხისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ეს არის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და ღირსეული ადამიანის ხსოვნისადმი ერთგულების გამოხატულება. მნიშვნელოვანია სტეფანე ქემხაძის ღვაწლის წარმოჩენა და მისი ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივა. ყურადღების მიღმა არ რჩებიან მეცნიერები, პედაგოგები, კულტურის მოღვაწეები, სოფლის მეურნეობის ამაგდარები და სხვა ღირსეული ადამიანები. კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს, იოსებ წულუკიძეს, საზოგადოებასთან ერთად, 85 წლის იუბილეც მივულოცეთ. ჩემი სურვილია, მომავალში უფრო სისტემურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით – შეიქმნას ბიოგრაფიული მასალები, მოეწყოს თემატური შეხვედრები, დაიდგას სამახსოვრო ნიშნები და შეიქმნას ღირსეული მამულიშვილების შესახებ ინფორმაციის ერთიანი არქივი.

– ერთ დროს საგვარეულო კავშირთან მოქმედებდა საზოგადოებრივ–ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც რამდენიმე ნომრის გამოცემის შემდეგ დაიხურა. რატომ?

– ჟურნალი „მამულიშვილი“ ჩვენი კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო წამოწყება იყო და ემსახურებოდა ეროვნული ღირებულებების, საგვარეულო ისტორიების, ლიტერატურული შემოქმედების, საზოგადოებრივი საკითხებისა და ღირსეული ადამიანების ღვაწლის წარმოჩენას. ჟურნალი საწყის ეტაპზე პერიოდულად, ძირითადად, წელიწადში ერთხელ გამოდიოდა. სამწუხაროდ, მისი გამოცემა უწყვეტ რეჟიმში ვერ გაგრძელდა, თუმცა ჟურნალის იდეაზე უარი არ გვითქვამს. გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა. საქმეში აქტიურად ჩაერთო მწერალი შაქრო ჩიკვაიძე. მინდა, „მამულიშვილი“ იქცეს არა მხოლოდ პერიოდულ გამოცემად, არამედ ჩვენი კავშირის ოცწლიანი ისტორიისა და მომავალი საქმიანობის ერთგვარ მემატიანედ.

– კავშირის ხელმძღვანელობას აქტიურად უთავსებთ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტობას. როგორც ვიცი, ორგანიზაციებიც აქტიურად თანამშრომლობთ.

– ქართული ჭიდაობა მხოლოდ სპორტის სახეობა არ არის. ჩვენი ეროვნული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ქართული ხასიათის, ვაჟკაცობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემისა და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციების გამოხატულებაა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციასთან თანამშრომლობა ჩვენი კავშირისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ორივე ორგანიზაციას ერთი საერთო მიზანი აქვს – ეროვნული ფასეულობების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. კავშირის წევრები მონაწილეობენ სპორტულ ღონისძიებებში, ხელს უწყობენ მათ პოპულარიზაციას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ახალგაზრდა ფალავნების წახალისებას. მაგალითად, შუახევში გამართულ ქართული ჭიდაობის ტურნირზე კავშირმა სპეციალური პრიზი დააწესა საუკეთესო ტექნიკური მოჭიდავისთვის. ასევე, აქტიურად ვიყავით წარმოდგენილი აჭარის 2026 წლის აბსოლუტურ ფალავნობაზე, რომელიც შუახევის სპორტულ ცენტრში გაიმართა. ამიტომ აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციასთან ურთიერთობა ჩვენთვის მხოლოდ ორგანიზაციული თანამშრომლობა არ არის. ეს არის საერთო ეროვნული საქმის სამსახური.

– თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

– ოცი წელი, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი ისტორიაა, მეორე მხრივ კი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. ჩემი სურვილია, კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაფართოვდეს მისი საქმიანობის არეალი და მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგვარეულო ისტორიების შესწავლა, საარქივო მასალების მოძიება, ზეპირი ისტორიების ჩაწერა, ძველი ფოტოების, დოკუმენტებისა და მოგონებების დაცვა. ვფიქრობ, უნდა შეიქმნას საგვარეულო მემკვიდრეობის ელექტრონული არქივი, რომელიც მომავალ თაობებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაეცნონ საკუთარი წინაპრების ისტორიას. ასევე, საჭიროა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, განსაკუთრებით – თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან, რომლებმაც ისტორიული ძნელბედობის მიუხედავად მრავალი ეროვნული ტრადიცია შეინარჩუნეს. გვსურს, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კულტურულ ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო შედეგიანი გახდეს. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი კავშირის დამფუძნებლებს, ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელებს, გამგეობის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, თანამოაზრეებს, ქველმოქმედებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ ოცი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი კეთილი საქმით, დაგვიდგნენ გვერდით. მამულიშვილობა არა მხოლოდ წარსულის პატივისცემა, მომავლის წინაშე პასუხისმგებლობაცაა. სწორედ ამ შეგნებით უნდა გავაგრძელოთ საქმიანობა.

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ნოემბერი 20, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *