მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს და ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა მშვიდობის მნიშვნელობა რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაში.
ხაზი გაესვა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას და პატივისცემას.
საუბარი ასევე, შეეხო უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ერთობლივ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პროექტებს და „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალი წლის დასაწყისში ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.