სამაგიდო წიგნის ავტორი იუბილარია
By

სამაგიდო წიგნის ავტორი იუბილარია

ლევან ჯიოშვილი – 65

საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორის  პირველი მოადგილე ლევან ჯიოშვილი იუბილარია, მას 26 ნოემბერს 65 წელი შეუსრულდა.

დაიბადა ბათუმში, სწავლობდა №13 საშუალო სკოლაში,  დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი. აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ, 1983 წლიდან, ნაყოფიერად მოღვაწეობს  აჭარაში სპორტის სფეროში   სხვადასხვა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მან თავი გამოიჩინა, როგორც ინიციატივიანმა და ენერგიულმა, მაღალკვალიფიციურმა სპორტის მოღვაწემ, რომელიც საქმის სიღრმისეული ცოდნით, წარმატებით ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ლევან ჯიოშვილის სახელს უკავშირდება რეგიონში სპორტის სახეობათა განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები. მას  თამამად შეიძლება უწოდო აჭარის სპორტის ცოცხალი მემატიანე, რადგან არ არსებობს სპორტის სახეობა,  რომელზეც მისგან ამომწურავ პასუხს ვერ მიიღებთ.

დიდია მისი წვლილი  აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების დაარსებასა და ახალგაზრდა სპორტსმენთა მოზიდვაში, აღზრდასა და დაფინანსებაში. არის რეგიონში მოქმედ ფედერაციათა უმეტესობის  ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის წევრი. აღსანიშნავია ბატონი ლევანის წვლილი მაღალმთიანი რეგიონების სპორტის წინსვლაშიც.  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აქტიურად მონაწილეობს სპორტული ფედერაციების სამუშაო პროგრამების შედგენასა და განხორციელებაში, ღონისძიებათა დაგეგმვაში. მან შეიმუშავა რეგიონის სპორტის, ოლიმპიზმის,  პარაოლიმპიზმისა და სტუდენტთა სპორტის  განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამები.

ბატონი ლევანი აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1994-2004 წლებში, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, არჩეული იყო აჭარის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პირველ გენერალურ მდივნად, ასევე, აჭარის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივნად. 2012 წელს აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი დააფუძნა, რომლის ძირითადი მიზანი პარასპორტის პოპულარიზაციაა.

1989-1994 წლებში  ქ. ბათუმის სპორტკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში. 2019 წელს, მერიის სპორტის სამსახურთან ერთად,  ბათუმის, როგორც ევროპის სპორტის ქალაქის პროგრამა შეიმუშავა.

ლევან ჯიოშვილი  აჭარის ტელევიზიის პირველი სპორტული კომენტატორი გახლდათ, მუშაობდა გაზეთ ,,ლელოს“ შტატგარეშე კორესპონდენტად, პერიოდულ გამოცემებში  სისტემატურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს ქართული სპორტის აქტუალურ თემებზე.

2002 წელს, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,  საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა.

ცალკე უნდა აღინიშნოს  მისი ავტორობით  სპორტის თემატიკაზე  გამოცემული შესანიშნავი და ძალიან საჭირო წიგნები – ,,სპორტი აჭარაში“, ,,მოგვერდის დიდოსტატი, ,,მუხრან ვახტანგაძე – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში“,  ,,აჭარის სპორტის ფოტოისტორია“, რომლებიც მიზნად  რეგიონის სპორტის პოპულარიზაციას ისახავს.

ლევან ჯიოშვილი დღესაც ჩვეული ენერგიით აგრძელებს სპორტულ საქმიანობას, ჰყავს შესანიშნავი ოჯახი, ბევრი გულშემატკივარი… ეს გამორჩეული  პიროვნება დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობს ქვეყნის სპორტულ საზოგადოებაში.

გულით ვულოცავთ საიუბილეო თარიღს, ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს, დღეგრძელობას. კიდევ დიდხანს ეღვაწოს ქართული სპორტის საკეთილდღეოდ.

მანანა ძიძიშვილიო

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *