ბათუმმა პირველ სტუდენტურ სპორტულ ფესტივალ „უნიგამს“ უმასპინძლა
სტუდენტური სპორტის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება – ეს იყო ბათუმში გამართული პირველი სტუდენტური სპორტული ფესტივალ „უნიგამის“ გზავნილი.
ფესტივალი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. დახურვის საზეიმო ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, მინისტრის მოადგილეები, სპორტის სფეროს წარმომადგენლები, მონაწილე უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
„ფესტივალი „უნიგამი“ აერთიანებს როგორც სპორტულ, ისე ინტელექტუალურ ნაწილს, ამავდრულად, ის სოციალური ურთიერთობების შესაძლებლობაა. სპორტი, ზოგადად, აერთიანებს მეგობრობის, გუნდურობის, დისციპლინის, გამარჯვების, ზოგჯერ, დამარცხების უნარებს. ამ ფესტივალის სახით კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდული ტრადიცია დამკვიდრდება ჩვენს რეგიონში“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.
ხუთდღიან ფესტივალში ოთხი უნივერსიტეტისა და სამი პროფესიული კოლეჯის 56 სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდები საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელით, სპორტის სხვადასხვა სახეობასა და ინტელექტუალურ თამაშებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
საშეჯიბრო დღეების შეჯამების შემდეგ გამარჯვება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ მოიპოვა და ფესტივალის მთავარი თასიც დაიმსახურა. ყველა მონაწილე მადლობის სიგელებით დაჯილდოვდა.