სოფელ გვარაში 42 პირს იზოლაციის რეჟიმი დაუსრულდა
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მცხოვრებ, დაახლოებით, 42 პირს იზოლაციის რეჟიმი დაუსრულდა, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ნებისმიერ სოფელში, როგორც მაღალი რისკის ზონაში, საკარანტინო რეჟიმი, როგორც წესი, მას შემდეგ იხსნება, რაც ინფიცირების ბოლო შემთხვევიდან 28 დღე გადის.
ნიჟარაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს.
„ქობულეთში იზოლაციის რეჟიმი უკვე დაუსრულდა სოფელ გვარას მცხოვრებლებს, ეს იყო, დაახლოებით, 42 პირი. სოფლებს – ლეღვასა და მუხაესტატეს ეს პერიოდი დაუსრულდათ 30 აპრილს. თითოეულ მცხოვრებს ჩაუტარდება ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, რამდენიმე მათგანის ნიმუში უკვე აღებულია და საკონტროლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინიც გათავისუფლდებიან აღნიშნული რეჟიმისგან. რაც შეეხება სოფლის როგორც მაღალი რისკის ზონის გათავისუფლებას, ეს, იდეალურ შემთხვევაში, უნდა მოხდეს უკანასკნელი შემთხვევიდან ორი ინკუბაციური პერიოდის, ანუ 28 დღის გასვლის შემდეგ, როცა უკვე შეგვეძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს სოფელი აღარ არის რისკის ზონა და შეიძლება გაიხსნას. აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენ გადავცემთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.