შესაძლებელია თუ არა კომპრომისის მიღწევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია, პროცესები -მრავალფეროვანი. მმართველი პარტია ახალი პარლამენტის მოლოდინშია, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, მოკლედ, ყველა პოლიტიკური ძალა თავის ხმაზე მღერის და დუღილიც მატულობს. . . მიტინგები, გამოსვლები, წყლის ჭავლი და პოლიციელთა კორდონი. . . ხელისუფლების მოწოდება ოპოზიციის მიმართ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე, ოპოზიციის ულტიმატუმი და ა. შ. ასეთია დღევანდელი საქართველო, რომელიც ცდილობს, ტკივილებით ხელახლა იშვას. . . ისმის კითხვები – შეინარჩუნებს თუ არა ოპოზიცია ერთიანობას? რას უქადის ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი? რა ცხადყო არჩევნებმა? რამდენად აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ხარისხს? საერთოდ, რა გამოწვევების წინაშეა საქართველო?
როგორ გადაწყვეტს ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხებს, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს დაახლოებას დასავლეთთან, ანუ გაერთიანებას ნატოსა და ევროკავშირში. ამიტომაც დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ( მით უფრო ჩვენი საზოგადოება) დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მათთვის ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიის განმტკიცების, რეფორმების თვალსაზრისით, რეგიონში წარმატებულია. ამიტომაც მათი რჩევები და დროდადრო კრიტიკა, სწორედ საქართველოს კეთილდღეობაზეა გათვლილი. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს ფასილიკატორების ჩართვა მოლაპარაკებებში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ჯერჯერობით მოლლაპარაკებებმა სასურველი შედეგი ორივე მხარისთვის ვერ გამოიღო, თუმცა პოზიტიურია, რომ მხარეები საუბრობენ.
როგორც ცნობილია, 90-იან წლებში სწორედ შეუთანხმებლობამ კატასტროფამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, რასაც კარგად აცნობიერებს დასავლეთი და მხარეებს კომრომისის მიღწევისკენ მოუწოდებს. მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას მხარეები (მმართველი პარტია და ოპოზიცია), ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე დღევანდელ რეალობას დავუბრუნდეთ. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ საქართველოში პოლიტიკური დუღილის მთავარი მიზეზი ოპოზიციის ბოიკოტია, რადგან არჩევნების შედეგს არ აღიარებს და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ხელისუფლება ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ურჩევს და მათი მარგინალიზაციის საშიშროებაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, ეს საშიშროება არსებობს, თუ გავიხსენებთ ისტორიულ წარსულს, როგორც ცნობილია, 2008 წლის მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი არ შევიდა, რამაც გარკვეულ წილად, ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა, რაც წინაპირობა გახდა მათი ადგილობრივ არჩევნებში ფიასკოსი… რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში, მაშინდელი ოპოზიცია გაფარჩაკებული იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ექსპერტები. რა მდგომარეობაა დღეს? ჯერჯერობით ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს, თუმცა ზოგიერთი ლიდერი დროდადრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძის ამასწინანდელი განაცხადება გარკვეულწილად სწორედ პარლამენტში შესვლას გულისხმობდა, ანალოგიური იყო სამადაშვილის გზავნილიც, თუმცა შემდეგ უარყვეს და აღნიშნეს, თითქოს ჟურნალისტებმა მათი გზავნილი ვერ გაიგეს. . . ასე თუ ისე, ჯერჯერობით უკან დახევას არავინ აპირებს. დავუშვათ, ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, რა პროცესები განვითარდება საქართველოში? რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. ისიც ცხადია, რომ თუ ოპოზიცია მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ გამოიყვანს ქუჩაში, შედეგს ვერ მიაღწევს. ჯერჯერობით მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორება ვერაფრით შეძლეს. გარდა ამისა, ოპოზიციამ დასავლეთთანაც უნდა დაამყაროს კონტაქტები და გააგებინოს მათი გეგმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ფიასკოს განიცდიან. ყოველ შემთხვევაში ასეთ აზრს ავითარებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, ხოლო ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას და იქიდან ხელისუფლებაზე წნეხის გაძლიერებას ურჩევს. როგორც ვიცით, პარლამენტში ოპოზიციას 60 დეპუტატის შეყვანა შეუძლია, 150-იანი კვოტის პირობებში 60 დეპუტატი ხუმრობა არაა.
თავის მხრივ ვერც მმართველი პარტია უნდა გრძნობდეს კარგად თავს – თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მმართველი ძალა დაჭაობდება, დებატები არ იქნება. ხელოვნურად ოპოზიცია ვერ შეიქმნება, ერთმანეთის კრიტიკას კი მმართველი გუნდი მოერიდება. მოკლედ, ცხოვრება რუტინული გახდება, რაც ნამდვილად არ იქნება კარგი ქვეყნისთვის. სწორედ ამ საშიშროებაზე ამახვილებენ ყურადღებას ქართველი ექსპერტები და მხარეებს ურთიერთკომპრომისისკენ მოუწოდებენ, რათა არ შენელდეს ჩვენი დასავლური კურსი. გზა ევროკავშირსა და ნატოსკენ წარმატებული ქვეყნის ხვედრია და თუ ამ გზით ვივლით, არც პროგრესულ ქვეყანათა მხარდაჭერა და თანადგომა მოგვაკლდება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მსოფლიო თანამეგობრობა კანონის უზენაესობის დაცვასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის საქართველოდან მხოლოდ დაპირებებს არ შეეგუება. როგორც ჩანს, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და თუ ეჭვი შეეპარათ ხელისუფლების ქმედებების მართებულობაში სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, ცხადია, ეს დააშორებს ჩვენს ქვეყანას დასავლეთთან, რაც სწორედ რუსეთის სტრატეგიული მიზანია. შეესაბამება თუ არა ჩვენი დემოკრატიის ხარისხი დასავლურს? საერთოდ, დემოკრატიის ხარისხის აბსოლუტური საზომი არ არსებობს, ის თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურია. თუ დავეყრდნობით ჩვენი დასავლელი მეგობრების და მოკავშირეების აზრს, საქართველოს დემოკრატიულობის ინდექსი გარკვეულწილად, დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა ქვეყანაში არის სფეროები, სადაც ჩნდება კითხვის ნიშნები. ექსპერტთა აზრით, ეს შეინიშნება სასამართლო ხელისუფლებაში, თვითმმართველობაში, სადაც არაგამჭვირვალობა იგრძნობა, მიუთითებენ ასევე, ცესკოს დაკომპლექტების წესსა და შერჩევით სამართალზე სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ამ კუთხით საქართველოში ვერ მოხერხდა სტაბილური, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული პარტიული სისტემის ჩამოყალიბება. ვგულისხმობ იმას, რომ ბოლო 29 წლის განმავლობაში საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალების ნამოქმედარი, ერთგვარად, პოლიტიკურ აქციებს ჰგავდა. კერძოდ, თითოეული მოდიოდა ხელისუფლებაში ხალხის უდიდესი მხარდაჭერის პირობებში და საბოლოო ჯამში, მოღვაწეობას ასრულებდა „ისტორიის სანაგვეზე”. ფაქტია, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიები არსებობას წყვეტდნენ მოკლე დროში, როგორც „მრგვალი მაგიდა ” და „მოქკავშირი”, თუმცა ამ მხრივ ტრადიცია დაირღვა. „ნაცმოძრაობა” არ გამქრალა, სამაგიეროდ, ძალაუფლება დაკარგა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” მესამეჯერ შეძლო ხელისუფლებაში დარჩენა. . . რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ხელისუფლება და ოპოზიცია ან შეთანხმებას მიაღწევენ საჭირბოროტო საკითხებთან მიმართებით, ანდა მოხდება მკვეთრი დაპირისპირება მათ შორის, რაც არცერთისთვის არ იქნება კარგი. უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა დაზარალდება, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, სოციალური ფონი დამძიმდება და ა. შ. ამ მიმართებით ქვეყანას მრავალი გამოწვევა აქვს: ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არის რუსეთი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს პოლიტიკის, ეკონომიკის თუ სოციალური მიმართულებით; მეორე – სუსტი ეკონომიკა და აქედან გამომდინარეობს მესამე პრობლემაც – მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარი, რაც ასევე დაკავშირებულია დაუსაქმებელი ხალხის დიდ რაოდენობასთან. ეს სამი უმთავრესი სისტემური პრობლემა აქვს ქვეყანას, რომელიც სხვა ქვეპრობლემებსაც განაპირობებს. მათ მოსაგვარებლად ხელისუფლებას მართებს ძალიან სერიოზული მუშაობა. არის სხვა საკითხებიც, რომლებიც დროულად უნდა გადაწყდეს, მაგალითად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახელმწიფო 24-საათიან რეჟიმში უნდა მუშაობდეს,ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასა და გადაწყვეტილებებთან. მათი მოგვარება მნიშვნელოვანად განამტკიცებს ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობას და უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლა-განვითარებას, ეს კი მაშინ მიიღწევა, როცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.