ასლან ლორთქიფანიძე: ეს პოლიტიკური ძალები დიდი ხანია წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ პარტიებს…
nინო ცხვარაძე: 595 96 63 65 –
11 დეკემბერს მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო და ყველა ის პირი, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვანი წევრია. პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავაც არჩილ თალაკვაძე აირჩიეს, პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი გახდა, ხოლო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე კახა კუჭავა და დავით სერგეენკო აირჩიეს. დაკომპლექტდა კომიტეტებიც.
ამ ყველაფრის პარალელურად კი ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ინტერვიუ პოლიტოლოგ ასლან ლორთქიფანიძეს ვთხოვეთ.
-ბატონო ასლან, მე-10 მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?
-ეს პირველი შემთხვევაა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, რაც ზიანს აყენებს ქვეყანას, მის დემოკრატიულ განვითარებას, ხელს უშლის ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას. მასზე ცალსახა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილ სახელისუფლებო პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიმართავდნენ გაყალბების ისეთ მეთოდებს, რომელიც მანამდე ნაკლებად იყო ცნობილი: ე.წ. „მარაოს პრინციპი“, ყალბი პირადობებითა და კარუსელებით ხმის მიცემა და ა. შ. პარლამენტის პირველ სხდომაზე არდასწრების მიზეზად მოყავდათ თითქოსდა გაყალბებული არჩევნები, რომელიც არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებით არ დასტურდება. საუბარია ტექნიკური ხასიათის უზუსტობებზე, რომელსაც არავინ უარყოფს. ეს არ იყო იმ მასშტაბის დარღვევები, რომლებიც ზემოქმედებას იქონიებდა არჩევნების შედეგებზე, რაც დაადასტურა პარალელური ხმის დათვლის პროცესმა და ეგზიტპოლებმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა საუბნო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს ოპოზიციური პარტიის ყველა წარმომადგენელი – საობნო კომისიის წევრი, შენიშვნების გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური ხასიათის დარღვევებზე, რომლებიც ცალკეულ უბნებზე დაფიქსირდა, პასუხისმგებელია კომისიის ყველა წევრი, მათ შორის ოპოზიციის კვოტებით წარგენილი პირებიც.
-არჩევნების შედეგებს ამ დრომდე აპროტესტებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა მოლაპარაკებების მაგიდას მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის ლიდერებიც ესწრებიან. რა მოლოდინი გაქვთ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკებები?
-ოპოზიციის რადიკალური ფრთა, რომელიც შედგება ყოფილი არადემოკრატიული სახელისუფლებო პარტიებისგან, ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას, დესტრუქციას, რომელიც ზიანს მხოლოდ მმართველ პარტიას და ჯანსაღ ოპოზიციურ ნაწილს კი არა, მთელ ქვეყანას აყენებს. ეს პოლიტიკური ძალები დიდი ხანია წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკურ პარტიებს. რამდენჯერაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ისინი ვერ მიიღებენ იმდენ ხმებს, რამდენიც საკმარისი იქნება მთავრობის ფორმირებისთვის. ამიტომ სურთ არჩევნები აქციონ რევოლუციის საბაბად, თუმცა არც ეს გამოსდით, რადგან ქუჩაშიც არასაკმარისი ადამიანური რესურსი ყავთ. ერთადერთი, რაშიც ისინი წარმატებას აღწევენ, არის საბოტაჟი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ინტეგრაციისთვის ზიანის მიყენება. ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებად. ამ მოლაპარაკებების შედეგი იქნება ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლა და საარჩევნო რეფორმის გაგრძელება. საპარლამენტო მანდატებზე უარს არ იტყვის „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით გასული დეპუტატების ნაწილიც.
-ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების საფუძველზე რა შეგიძლიათ თქვათ – შევა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია?
– ოპოზიციის მცდელობა, რომ 9 პოლიტიკური სუბიექტისა და 14 პოლიტიკური პარტიის მიერ სადეპუტატო მანდატების მიღება გაასაღონ ერთპარტიულ პოლიტიკურ სისტემად, არის კრახისთვის განწირული. 1992 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდა, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ამდენი პარტია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში არასდროს მოხვედრილა. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ბარიერგადალახული პარტიების რაოდენობა ასე გამოიყურება: 1990 წელი – ბარიერი 4% – 2 საარჩევნო სუბიექტი, 1992 წელი – ბარიერი 2% – 24 საარჩევნო სუბიექტი, 1995 წელი – ბარიერი 5% – 3 საარჩევნო სუბიექტი, 1999 წელი – ბარიერი 7% – 3 საარჩევნო სუბიექტი, 2004 წელი – ბარიერი 7% – 2 საარჩევნო სუბიექტი, 2008 წელი – ბარიერი 5% – 4 საარჩევნო სუბიექტი, 2012 წელი – ბარიერი 5% – 2 საარჩევნო სუბიექტი, 2016 წელი – ბარიერი 5% – 3 საარჩევნო სუბიექტი, 2020 წელი – ბარიერი 1% – 9 საარჩევნო სუბიექტი. თუ არ მივიღებთ მხედველობაში 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 60 მანდატი არასდროს აუღიათ 235-წევრიანი პარლამენტის არსებობის პირობებშიც კი. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა უარს არ იტყვის სადეპუტატო მანდატებზე. პოლიტიკური ბოიკოტი ოპოზიციონერი დეპუტატების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა და მას ოპოზიციური პარტიები ხშირად იყენებენ, ასე იქნება მომავალშიც. სამწუხაროა, რომ დეპუტატები აიღებენ ხელფასებს, მიიღებენ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას და რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კვლავ პასიური იქნება საპარლამენტო მუშაობის პროცესში.
-ოპოზიციაში რომ განხეთქილებაა, ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს, თუნდაც ალეკო ელისაშვილის განცხადებები და პოზიცია. რა იქნება ელისაშვილის შემდეგი ნაბიჯი?
-სამწუხაროდ, მხოლოდ ალეკო ელისაშვილს და პარტია „გირჩს“ აღმოაჩნდა პასუხისმგებლობის გრძნობა სახელმწიფოსთან მიმართებაში. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური პარტიების ეს ნაწილი პრაგმატულად აზროვნებს, რადგან ამ დიალოგის შედეგად მიიღებენ არსებითად გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოს და საარჩევნო ადმინისტრაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების გაგრძელება. ალეკო ელისაშვილმა მთელ საზოგადოებას დაანახა ოპოზიციის იმ ნაწილის სახე, რომელთა მიზანი არის ვიწროპარტიულ ინტერესებს შეწიროს სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და დასავლური ინტეგრაცია.
-მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას შეერთებული შტატების ელჩიც ესწრებოდა. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ შტატები ეჭვქვეშ არ აყენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს?
-აშშ-ის პოზიცია რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ განმარტა. აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად ცალკეული დარღვევებისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ცალკეულ დარღვევებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. ის მთლიანად დაეყრდნო ეუთო/ოდირის წინასწარ დასკვნას. მსგავს განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარები და ნატოს წარმომადგენლები. 12 დეკემბერს საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ გასაგრძელებელია სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რისთვისაც საუკეთესო ადგილი პარლამენტია ანუ მათ მოუწოდეს ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობისკენ. ამ ფონზე, აშშ-ის ელჩის დასწრება პირველ სხდომაზე სრულიად ლოგიკური იყო. არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოპოზიცია და ამ მოსაზრებას არანაირი დოკუმენტური, დასაბუთებული საფუძველი არ აქვს. რადიკალური ოპოზიცია ღიად უპირისპირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რითაც ის ჩვენდამი მტრულად განწყობილი რუსული ინტერესების ჩარჩოებში ექცევა.
-ოპოზიცია, ერთი მხრივ, უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, თუმცა, მეორე მხრივ, ოფიციალურად უარი არ უთქვამთ მანდატებზე. . .
-დიახ, ასეა. ოპოზიციის ნაწილმა ცესკოში შეიტანა განცხადება პროპორციული სიის შემდგომი სიითი ნომრების განულების მოთხოვნით. თუ მათი ნაწილი პარლამენტშიც შეიტანს განცხადებას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით, მას უმრავლესობის წევრები დააკმაყოფილებენ. ეს გამოიწვევს ამ ოპოზიციური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასაც. ამ ქმედებების ერთობლიობა მათ მარგინალურ პოლიტიკურ ძალებად აქცევს.
-დრო გვაჩვენებს, ვინ შევა და ვინ არა საქართველოს პარლამენტში, თქვენი პროგნოზი როგორია?
-პოლიტიკური პარტიები ვერ წყვეტენ არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხს. თითოეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავად უნდა მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან იქნებიან დეპუტატები საქართველოს პარლამენტში. ისინი მომავალ წელს შეწყვეტენ პოლიტიკურ ბოიკოტს და ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. მათი ნაწილი გააგრძელებს პარლამენტის ბოიკოტირებას უფლებამოსილების შეწყვეტის გარეშე, ოპოზიციონერი დეპუტატების მესამე ნაწილი კი შეიწყვეტს სადეპუტატო უფლებამოსილებას. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი შეიწყვეტს უფლებამისილებას, ხელისუფლებას რჩება 2 ბერკეტი საპარლამენტო ოპოზიციის ფორმირებისთვის: 1. საკუთარი რიგებიდან შეიქმნას ოპოზიციური ფრაქცია და პარტია; 2. გაიხმოს მაჟორიტარების ნაწილი და შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, რაც უზრუნველყოფს ოპოზიციურ წარმომადგენლობას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.
-საპროტესტო აქციებს აგრძელებს რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კატეგორიულობით აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოში არ შევლენ. . .
-ამ დრომდე „ნაციონალურ მოძრაობას“ უსკოსთვის არ მიუმართავს სადეპუტატო უფლებამოსილებების შეწყვეტისა და პროპორციული სიების განულების თხოვნით. 15 დეკემბერს გაიმართება უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეძლებათ უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. არშესვლაში რას გულისხმობენ მკაფიოდ უნდა განმარტონ – პოლიტიკურ ბოიკოტს ანუ უმაღლესი საბჭოს მუშაობაში არმონაწილეობის გაგრძელებას ისე, რომ შეინარჩუნებენ სადეპუტატო მანდატებსა და ხელფასებს თუ უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მინიმუმ 1 წევრი მაინც შეინარჩუნებს სადეპუტატო მანდატს.
-მართავს თუ არა ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?
-ვერა, სააკაშვილმა სრული კონტროლი საკუთარ პარტიაზეც კი დაკარგა. ყველაზე გავლენიანი ოპოზიციორი პოლიტიკოსი ნიკა გვარამიაა. ის მედიასაშუალების გამოყენებით აბულინგებს ოპოზიციას. მას ამ პროცესში ეხმარებიან გიგა ბოკერია და გიგი უგულავა, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სადეპუტატო მანდატები და ამ მიზეზით სურთ მოლაპარაკებების ჩაშლა.
-როდის და როგორ დასრულდება პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში?
-პოლიტიკური კრიზისი ამ პოლიტიკურ პროცესს ნაკლებად შეიძლება ეწოდოს. პოლიტიკურ კრიზისს იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, როცა პარლამენტი ვერ აყალიბებს მთავრობას ან სახელმწიფო ინსტიტუტები ხდება ქმედუუნარო. არც ერთი გვაქვს და არც მეორე. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილი პარლამენტშიც იქნება წარმოდგენილი. მომავალ წელს პარლამენტი და უმაღლესი საბჭო სრულფასოვნად გააგრძელებენ საქმიანობას.
-“სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური ხმის დათვლის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. რამდენად არის ცესკოს ოფიციალური მონაცემები მასთან თავსებადი?
-ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დაზუსტებული მონაცემებით პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიღებული აქვს 47,6% (0,7% ცდომილებით), ხოლო ცესკოს ოფიციალური მონაცემებით – 48,22%, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემები ერთმანეთთან თავსებადია. ოპოზიციის მთელი კამპანია „გაყალბებულ არჩევნებზე“ იყო აგებული, რაც ამ დაზუსტებულმა მონაცემებმა ჩამოშალა. აღარ არსებობს მათი არგუმენტი, რომლის საფუძველზეც ითხოვდნენ ჯერ რიგგარეშე, ხოლო შემდგომ ხელახალ არჩევნებს. ეხლა ხავსს ეჭიდებიან და ამბობენ, რომ პარალელური ხმის დათვლა არ აჩვენებს სრულად მათი აზრით გაყალბებულ მონაცემებს, რომ თურმე „კარუსელები“, ამომრჩეველთა მოსყიდვა და ა.შ. ვერ აისახებოდა პარალელური ხმის დათვლის მონაცემებში. აჭარაში ასეთ დროს ამბობენ: „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო“. ოპოზიციას სურს დაფიქსირდეს ის შედეგი, რომელიც მას ხელს აძლევს, ეს კი ჯამში ამომრჩეველთა 100%-ია და მასში საერთოდ არ რჩება არცერთი ხმა მმართველ პარტიას. საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, საარჩევნო სისტემა არ ითვალისწინებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის სურვილების არჩევნების შედეგებში ასახვას.