გიორგი გორაძე – რუსეთი მატერიალურადაც აგებს პასუხს იმ ზიანისა და უბედურებისთვის, რაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჩაიდინა საქართველოში
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე შეტანილი სარჩელის განხილვის შემდეგ საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და 21 იანვარს ჩვენი ქვეყანა სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას თითქმის ორ წელზე მეტი ველოდით, რადგან ბოლო ზეპირი მოსმენა საქმეზე – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. იმ დღეს, ზეპირ მოსმენაზე საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციებით წარსდგა. 17 ქვეყნის მოსამართლეებით დაკომპლექტებული დიდი პალატის წინაშე თავისი სიტყვა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველმა ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიების აგრესიულ ოკუპაციას განაგრძობს. ბოლო ზეპირ მოსმენამდე როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან, შესწავლილი იყო სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული “ისკანდერის” ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვა) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. ისტორიულ პროცესს, რომელიც 2018 წლის 23 მაისს გაიმართა, საქართველოდან ადვოკატთა 25-კაციანი ჯგუფი ესწრებოდა. როგორც ჩვენთან საუბარში სამმა მათგანმა განაცხადა, ეს იყო ემოციებით დატვირთული პროცესი. სწორედ ამ დღეს იხსენებს ადვოკატი ლელი ბჟალავა.
– მე და ჩემი კოლეგები, როგორც მთელი საქართველო, ამაყები ვართ, რომ საქართველომ სასამართლო დავა მოიგო რუსეთის წინააღმდეგ. როგორც უკვე იცით, ბოლო ზეპირ მოსმენას ვესწრებოდი, რომელიც 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. ესენია: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). სხდომაზე საქართველოს ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატი იცავდა. ჩვენ, ქართველი ადვოკატები, რომლებიც ამ ისტორიულ პროცესს ვესწრებოდით, განხილვისას ცრემლებს ვერ ვიკავებდით. იმ განცდის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. მოწმეები რუსეთის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებდნენ. დღემდე, ყოველ დღე ველოდებოდი შედეგს. პროცესის დასრულების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ეზოში საქართველოს დროშა აღვმართეთ. ეს იყო დაუვიწყარი განცდა. ვინც პროცესს ვესწრებოდით, ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ რუსეთი ამ დავაში დამარცხდებოდა. ასეც მოხდა და ეს იყო ბოლო სასამართლო პროცესი, რადგან დიდი პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს დიდი გამარჯვებაა, – გვითხრა ადვოკატმა ლელი ბჟალავამ.
2018 წლის 23 მაისის ბოლო ზეპირ მოსმენას სტრასბურგის სასამართლოში ესწრებოდა პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი გიორგი გორაძეც. როგორც ჩვენთან საუბარში ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი დავები იშვიათია და საკმაო სირთულით ხასიათდება, თუმცა საქართველო-რუსეთის ეს საქმე გაცილებით რთული და მოცულობითი იყო. ამიტომაც სასამართლოს თითქმის სამი წელი დასჭირდა მასზე გადაწყვეტილების მისაღებად.
– სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ეს უკვე ჩემი მე-4 ვიზიტი იყო. მანამდეც დავსწრებივარ აქ სასამართლო პროცესებს, თუმცა 2018 წლის 23 მაისის საქართველო-რუსეთის პროცესი სულ სხვა იყო. ოცკაციანი ჯგუფი შედგა, რომელშიც ჩემი რამდენიმე სტუდენტი და უმეტესად ქართველი ადვოკატები იყვნენ, მათ შორის, ბრწყინვალე იურისტები აჭარიდან: ქალბატონები ლელა ბჟალავა, თინა იმნაძე და დალი ჭანიძე, ბატონები რომან ფუტკარაძე, სულხან ვარშალომიძე და აწ განსვენებული, ძალიან პატივსაცემი ადამიანი და იურისტი ჯემალ კიკნაძე. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებდი, რომ ისტორიულ პროცესზე ვიმყოფებოდი და მთელი შინაგანი არსებით ჩაძირული ვიყავი მის მსვლელობაში. როგორც ქართულ, ისე რუსეთის მხარეს, ოფიციალური თანამდებობის პირებთან ერთად, წარმოადგენდნენ ბრიტანელი ადვოკატები. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ეს პროცესი ამითაც იყო საინტერესო და დასამახსოვრებელი. ეს იყო ორი პროფესიონალი, უმაღლესი დონის ბრიტანელი ადვოკატის ჭიდილი. თუმცა პროცესზე კარგად ჩანდა ისიც, რომ რუსეთის ინტერესების დამცველის მხარეს სიმართლე არ იყო. ამიტომ ის წმინდა სამართლებრივი ხრიკებით ცდილობდა რუსეთისათვის პასუხისმგებლობის არიდებას და პროცესის მოგებას, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი დავები იშვიათია და საკმაო სირთულით ხასიათდება, თუმცა საქართველო-რუსეთის ეს საქმე გაცილებით რთული და მოცულობითი იყო. ამიტომაც სასამართლოს თითქმის სამი წელი დასჭირდა მასზე გადაწყვეტილების მისაღებად. ლოდინი ამად ღირდა. ჩვენ მოვიგეთ. მსურს, ეს გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, მივულოცო მათ, ვინც ამ წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა, დაწყებული სარჩელის ავტორებით და დასრულებული მათით, ვინც ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე. ვულოცავ მთელ საქართველოს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს დეოკუპაცია სწორედ საერთაშორისო ინსტიტუტებზე გადის, რომლის ქვაკუთხედიც, ამოსავალი წერტილი სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იქნება. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მივიყვანთ ამ გამარჯვებას და მალე მოხდება არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, არამედ რუსეთი მატერიალურადაც აგებს პასუხს იმ ზიანისა და უბედურებისთვის, რაც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ჩაიდინა საქართველოში! სასამართლო პროცესის შემდეგ პარიზში გავემგზავრეთ და ქართულ სათვისტომოს – ლევილს ვესტუმრეთ, გავშალეთ ქართული ხუთჯვრიანი დროშა და ლევილის რეზიდენციიდან სასაფლაომდე მსვლელობა მოვაწყვეთ, თან ქუჩაში ქართულ სიმღერებს ვმღეროდით. მოვინახულეთ დიდი ქართველი მამულიშვილების საფლავები და იქვე მათი შესანდობარიც შევსვით. დაუვიწყარი დღეები იყო – ქართული სულით გაჟღენთილი ფრანგული საღამოებით, – გვითხრა გიორგი გორაძემ.
ადვოკატი თემურ გოგსაძე, რომელიც ბოლო ისტორიულ ზეპირ მოსმენას სხვა ადვოკატებთან ერთად ესწრებოდა, მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ გადაწყვეტილებას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს: პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური და ეროვნულ-ფსიქოლოგიური.
– რაც მთავარია, ის, ერთგვარი პრეიუდიციაა ჰააგის სასამართლოსთვის, სადაც, შინაურ-გარეული მტრების ძალისხმევით, საქმე სახარბიელოდ არ გვაქვს. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა 2018 წლის დეკემბერში, ამავე სასამართლოს არანაკლებ მნიშვნელოვანი ვერდიქტი, როცა რუსეთის არცერთი საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ არ იქნა დაშვებული განსახილველად. აქედან გამომდინარე, გონიერი ხელისუფლების პირობებში, ეს ერთ-ერთი მყარი ინტრუმენტი უნდა გახდეს, დეოკუპაციის პროცესში. რა არის მოსალოდნელი? – რაღა თქმა უნდა, არანაკლებ სახიფათო ავანტიურები, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა ბოლო წლების უნიათო პოლიტიკის წყალობით, კავკასიაში დავკარგეთ რეგიონალური მოთამაშის ფუნქცია და სახიფათო სამკუთხედში აღმოვჩნდით! არსებობს საიდუმლო გეგმაც საქართველოს წინააღმდეგ, რომლისთვისაც მთელი ერი უნდა მოემზადოს და დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალთა ამარად ქვეყნის მომავალი არ უნდა დატოვოს. ამიტომ, განახლდა და ძალას იკრებს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოძრაობა, რომლის მიზანი, სწორედ, ერის გაერთიანებაა საქართველოსთვის, – გვითხრა თემურ გოგსაძემ.
აღსანიშნავი ფაქტია: სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და, აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საჩივარი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. რაც შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიყენებული ზარალის კონპენსაციას, ეს საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალკე უნდა განიხილოს. მხარეებს პოზიციების წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვთ. სახელმწიფოთშორის საჩივარზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლო განიხილავს ამავე საკითხთან დაკავშირებით შესულ ინდივიდუალურ საჩივრებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ერთხელ უკვე მოიგო საქმე, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.