მთავარია მონდომება და დაუზარელი შრომა
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ჩვენი თანაქალაქელი, 1-ლი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამთა ჯაყელი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის წარმატებული და გამორჩეული სტუდენტია, რომელმაც სრული დაფინანსება მოიპოვა და გაცვლითი პროგრამით იტალიაში ისწავლის. გთავაზობთ ინტერვიუს ამ პერსპექტიულ და ნიჭიერ ახალგაზრდასთან.
– დიდი წარმატება მოიპოვეთ – გაცვლითი პროგრამით იტალიაში, ლუმსას უნივერსიტეტში ისწავლით სრული დაფინანსებით, გილოცავთ! როგორი იყო გზა წარმატებისკენ?
– პირველ რიგში, უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემთვის ნამდვილად უდიდესი ბედნიერებაა, ვიყო იტალიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი. მიხარია, ამის შესაძლებლობა რომ მომეცა. წელს ჩავაბარე გამოცდები მაგისტრატურაში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საჯარო სამართლის მიმართულებით. ვერც კი წარმოვიდგენდი, პირველივე წელს თუ მომეცემოდა შესაძლებლობა, საერთაშორისო ასპარეზზე გავსულიყავი, თუმცა როგორც კი გამოცხადდა ის გაცვლითი პროგრამა გადავწყვიტე, მონაწილეობა მაინც მიმეღო. ასეც მოვიქეცი და გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე.
– სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტ –ს განსაკუთრებით ემადლიერებით. . .
– ცხადია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი ოცნება რეალობად მექცია. ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ მესწავლა, განსაკუთრებით, იტალიაში, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ქვეყანაა თავისი კულტურითა და ისტორიით. ნამდვილად, სწორი არჩევანი გავაკეთე, როდესაც -ჩავაბარე. უაღრესად ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემთვის ეს უდიდესი გამოწვევაა და აუცილებლად გავამართლებ საკუთარ და უნივერსიტეტის იმედებს.
– სანამ სტუდენტი გახდებოდით. . . ანუ მოსწავლეობის პერიოდი და სასურველი პროფესიისათვის მზადება. . .
– დავასრულე ქ.ბათუმის #1 საჯარო სკოლა. ზოგადად, სკოლა გვაძლევს შესაძლებლობას, გავიაზროთ, რა გვინდა მომავალში, რომელი პროფესიას ავირჩევთ და სად ვხედავთ საკუთარ თავს. იურისტობა ბავშვობიდან მინდოდა, ჩემს მომავალ პროფესიად ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულს განვიხილავდი. შესაბამისად, სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
– როგორს ხედავთ საკუთარ პერსონას მომავალში?
– სიმართლე გითხრათ, წინასწარ მომავალზე ფიქრი და წარმოდგენების შექმნა არ მიყვარს, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს მიზნები და მჯერა, ყველა დასახულ მიზანს მივაღწევ, მთავარია, მონდომება და დაუზარელი შრომა.
– შემდგარი ადამიანი როგორი წარმოგიდგენიათ, თქვენს თვალსაწიერზე ხედავთ ასეთი ადამიანებს? ანუ ვინაა თქვენთვის სამაგალითო და გზამკვლევი?
– ცხადია, ირგვლივ ძალიან ბევრი შემდგარი და წარმატებული ადამიანია. მეც მყავს სამაგალითო პიროვნება, რომლის მონდომება და დაუზარელი შრომა ჩემი უდიდესი მოტივატორია. მისი შეგონებები, რჩევები, გამხნევება და გვერდში დგომა მეხმარება ყოველთვის წინ ვიყურო და გამოწვევებს მზად და თამამად დავუხვდე, თუმცა ამჯერად, მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ.
– “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“- ამ შეგონების სიმართლეში დღევანდელობამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა. . .
– განსაკუთრებით ახლა, პანდემიის პერიოდში, ჯანმრთელობის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. ვერ ვიტყვი, რომ სწორად ვიკვებები და სისტემატურად ვვარჯიშობ, თუმცა ჩემთვის მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველდღიური აქტიურობა და რაც მთავარია, პოზიტიური განწყობა მეხმარება, რომ ვიყო ძლიერი და ჯანმრთელი.
– სულიერი ზრდისათვის რას აკეთებთ, ანუ ლიტერატურა და ხელოვნება და თქვენ. . . რა გიტაცებთ, რა აღგაფრთოვანებთ და დადებითად განგაწყობთ?
– ლიტერატურა და ხელოვნება ძალიან მიყვარს. მართალია, სტუდენტობის პერიოდში იშვიათად ვახერხებ მხატვრული ლიტერატურის კითხვას, თუმცა ვცდილობ გარკვეული დრო მაინც დავუთმო. ბავშვობაში, ალბათ როგორც უმეტესობა, მეც დავდიოდი მუსიკალურ სასწავლებელში. კლასიკური მუსიკა ძალიან მიყვარს, ხშირად განტვირთვისთვის ვუკრავ, რაც ძალიან მეხმარება. მიხარია, რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკის თუ სხვა სფეროებში. უდიდესი სიამოვნებით ვეცნობი ახალბედა მწერლების, მუსიკოსებისა თუ მხატვრების შემოქმედებას და მიხარია, რომ ასეთი მონდომებული და ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს.
– ბათუმი და თქვენ – ამ ქალაქის მერი რომ იყოთ, ანდა ნებისმიერი ქალაქის, რას გააკეთებდით მისთვის?
– ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ეს ქალაქი განსაკუთრებულად მიყვარს, სიყვარულის და სითბოს ქალაქია. ნებისმიერი ქალაქის სიკეთის და წარმატების გზა ახალგაზრდებზე გადის, ვეცდებოდი მაქსიმალურად, ბევრი შესაძლებლობა მიმეცა მათთვის, დასაქმებისა თუ განვითარების მხრივ.
– ცნობილ ზნეობრივ ცნებათა შორის უპირატესად რომელს მიიჩნევთ?
– ყველა არსებითად მნიშვნელოვანია და რომელიმეს გამოყოფა კონკრეტულად გამიჭირდება.
– “შეიცან თავი შენი“- უძველესი შეგონებაა და მუდამ თანამედროვე. . . გვესმის კი მისი ჭეშმარიტება?
– საკუთარი თავის შეცნობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა ცხოვრებაში, თუმცა, არა შეუძლებელი. აზრები ყოველთვის იყოფა, ნებისმიერ პიროვნებას განსხვავებული მიდგომა და აზრი ექნება აღნიშნულთან დაკავშირებით. მის ჭეშმარიტებას ყველა ინდივიდუალურად იგებს.
– შეკითხვა, რომელსაც თავად დაუსვამ საკუთარ თავს. . .
– რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯი? მზად ხარ გამოწვევებისთვის?