ისრაელმა ღაზაში ლტოლვილთა ბანაკს დაარტყა, „ჰამასის“ მძევალთა ოჯახები ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში ათობით ადამიანი ემსხვერპლა.შემთხვევის დროს 50 ადამიანი დაიღუპა და 150 დაიჭრა. ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ ღაზაში, ჯაბალიას რაიონში, ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო იერიში მიიტანეს. შედეგად, მათ „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური – იბრაჰიმ ბიარი და ათობით ტერორისტი მოკლეს, ჩამოანგრიეს მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურაც. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზს სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში 9 ჯარისკაცი დაიღუპა. ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის სარაკეტო დარტყმების შემდეგ მაშველები ნანგრევებში ცოცხლად დარჩენილებს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საქორწილო დარბაზს დაუმიზნეს, რომელიც დევნილთა თავშესაფრად იქცა. დაღუპული და დაშავებულია ათობით ადამიანი.
მთელი ღამე ღაზაში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ წყდებოდა. საჰაერო დარტყმების შემდეგ უკვე ოთხი დღეა, ისრაელის ტანკები ღაზის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ისრაელის არმიამ გაავრცელა საჰაერო თავდასხმების კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ სამიზნე ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი იყო.
თელ-ავივში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ისრაელელი მძევლების ოჯახები შეიკრიბნენ. ისინი შეშფოთებულნი არიან პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაციების გაძლიერების გამო. აქციის მონაწილეებმა ისრაელის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა რამდენიმე მძევლის ოჯახს და შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა, პრემიერი ამბობს, რომ მძევლების დაბრუნება სამხედრო მიზნების „განუყოფელი“ ნაწილია. ისრაელი ბომბავს ღაზის სექტორს მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელის არმიის საგუშაგოებს და სოფლებს.
„ჰამასმა“ 230-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა, მათ შორის არიან ბავშვები. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 500-მდე გაიზარდა.