„აზროვნების აკადემია“ – ემოციური, სოციალური და პიროვნული განვითარების სივრცე
თანამედროვე სამყაროში, სადაც ბავშვები სოციალური და ემოციური გამოწვევების წინაშე დგანან, მნიშვნელოვანია მათ ისეთი გარემო შევუქმნათ, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის მიღებაში, არამედ პიროვნულ და ემოციურ განვითარებაში დაეხმარებათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლა, რომელიც ბათუმში, რამდენიმე წელია, ბავშვებსა და მოზარდებს განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამები დაფუძნებულია არაფორმალური განათლების პრინციპებზე და ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, ემოციური ინტელექტის, თვითგამოხატვისა და სოციალური უნარების განვითარებაზე. როგორ მუშაობს აკადემია, რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის განვითარება ბავშვებისთვის, რა როლს ასრულებს შემოქმედებითი აქტივობები და მშობლების ჩართულობა, ამ თემებზე კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტთერაპევტი, „აზროვნების აკადემიის“ ფსიქოლოგიური პროგრამების ხელმძღვანელი სალომე ყურაშვილი გვესაუბრება.
– როდის გაიხსნა ბათუმში „აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლა, როგორ გაჩნდა შექმნის იდეა და რა მიზანს ემსახურება?
– „აზროვნების აკადემია“ 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის. პირველი პროექტი „სალონური საუბრები“ იყო, რომელიც ზრდასრულებისთვის დღემდე ქმნის სივრცეს, სადაც შეუძლიათ, სალონურ გარემოში მოუსმინონ დარგის პროფესიონალებს კულტურულ-საგანმანათლებლო საკითხებზე და გააზიარონ საკუთარი დამოკიდებულებები თემასთან მიმართებით. სამუშაო პროცესში გაჩნდა იდეა, მსგავსი გარემო შეგვექმნა არასრულწლოვანებისთვისაც და იმავე წელს გაიხსნა საკვირაო სკოლა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვებისა და მოზარდების კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, კითხვის პოპულარიზაციას, პიროვნულ ზრდას და ასაკობრივად მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავებას როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ბათუმში „აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლა 2019 წლიდან ფუნქციონირებს 3-დან 15 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებისთვის. აკადემია მონაწილეებს სთავაზობს განვითარებისთვის მხარდამჭერ გარემოს და არაფორმალური განათლების პრინციპებზე აგებულ სწავლებას. ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კურსი: ფსიქოლოგიისა და მხატვრული ლიტერატურის პროგრამა 5-15 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ინტენსიური პროგრამა 3-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის. 3-6 წლის ბავშვებისათვის განკუთვნილი პროგრამა 2026 წლის თებერვალში განვაახლეთ. ამ პროგრამის შეჩერება მოგვიწია კოვიდპანდემიის პერიოდში. გვიხარია, რომ ისევ გვაქვს შესაძლებლობა, ბავშვებს შევთავაზოთ სივრცე, სადაც მათი ემოციური, სოციალური და პიროვნული განვითარება ასაკობრივი საჭიროებებისა და ამოცანების გათვალისწინებით იქნება.
– რას გულისხმობს პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების პროგრამა 3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის?
– ეს ასაკობრივი პერიოდი, 3-6 წლის შუალედი, ბავშვის განვითარებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია. ამ ასაკში, გარდა იმისა, რომ სხვადასხვა უნარი აქტიურად ვითარდება, ფორმირდება ბავშვის აღქმა საკუთარი თავის, სხვებისა და სამყაროს შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც თავს უსაფრთხოდ, მიღებულად და თავისუფლად იგრძნობენ. როცა ბავშვი გრძნობს, რომ არავინ აჩქარებს, უსმენენ, მისი ემოციები მნიშვნელოვანი და ვალიდურია, თავისივე ტემპით იწყებს საკუთარი თავის გამოხატვას, ინიციატივების გამოჩენას და ავთენტურობის გამოვლენას. თითოეული შეხვედრის თემა წინასწარაა განსაზღვრული და კონკრეტულ თემაზე ერთმანეთისგან განსხვავებული აქტივობები იგეგმება. ბუნებრივია, მიწოდების ფორმა ასაკთან შესაბამისია. შეხვედრა მოიცავს შემოქმედებით აქტივობებს, სიმულაციურ და ფსიქოლოგიურ თამაშებს, ლოგიკურ სავარჯიშოებს, მოტორულ და სხვა ცოდნისა და უნარების განმავითარებელ აქტივობებს. პროცესში ვითარდება ფსიქო-სოციალური უნარები, ემოციური ინტელექტი, მეტყველება, აზროვნება, წარმოსახვა, მეხსიერება, ნატიფი მოტორიკა და სხვა.
– რატომ არის ბავშვისთვის ემოციური ინტელექტის განვითარება მნიშვნელოვანი?
– ემოციური ინტელექტის განვითარება დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრების ხარისხთან და მისი ფუნქციონირების დონესთან. წარმატებისა და კეთილდღეობისთვის საკმარისი არაა მხოლოდ ცოდნა ან მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემოციურ ინტელექტს, რაც კვლევებითაც დასტურდება. ადამიანებს, რომლებსაც განვითარებული აქვთ ემოციური ინტელექტი, უადვილდებათ სოციალური ურთიერთობები, იმედგაცრუებებთან გამკლავება, კონფლიქტის მართვა და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შეხვედრა. აღნიშნული უნარი ბავშვს ეხმარება საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მართვაში, სხვების ემოციების გაგებასა და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
– რა ტიპის სირთულეებს აწყდებით ბავშვებთან მუშაობის პროცესში?
– ბავშვებთან მუშაობის პროცესში, ცხადია, არის სხვადასხვა გამოწვევა. თითოეული განსხვავებული ხასიათობრივი წყობით თუ გამოცდილებით მოდის ჩვენთან და თავისი ტემპით ვითარდება. ზოგიერთისთვის, შესაძლოა, რთული იყოს მშობელთან განშორება, ბავშვებთან კომუნიკაცია, დალოდება, საკუთარი სურვილების გამოხატვა თუ ემოციების რეგულირება. ეს ყველაფერი უფრო პროცესის ნაწილია, ვიდრე სირთულე ან გამოწვევა. ხშირად მონაწილეებს, უბრალოდ, პროგნოზირებადი, უსაფრთხო გარემო და დრო სჭირდებათ, რათა ადაპტირდნენ, მოსინჯონ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
– რა როლი ენიჭება თამაშს, შემოქმედებით აქტივობებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს სასწავლო პროცესში და რამდენად ჩანს შედეგები ბავშვებში, რომლებიც ამ პროგრამის მონაწილეები არიან?
– თამაში ბავშვისათვის არაა მხოლოდ გართობის საშუალება, რადგან ააქტიურებს და ავითარებს ბავშვის შესაძლებლობებს. ბავშვები თამაშით სწავლობენ საკუთარ თავსაც და სამყაროსაც, ივითარებენ სხვადასხვა კოგნიტურ, ემოციურ თუ სოციალურ უნარებს. შესაბამისად, თამაში, შემოქმედებითი აქტივობები და პრაქტიკული სავარჯიშოები ჩვენს პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს თვალსაჩინოა, რომ ბავშვებს შეუძლიათ, უკეთესად დაამყარონ კონტაქტი საკუთარ თავთან, რადგან მათ მეტი იციან საკუთარი თავის შესახებ, იზრდება თვითგამოხატვის, სხვების გათვალისწინების, თვითრეგულირებისა და ემოციების ადაპტური ფორმით გამოხატვის დონე.
– როგორ ერთვებიან მშობლები სასწავლო პროცესში და თუ გაქვთ მათთვის რაიმე რეკომენდაციები?
– კურსის მიმდინარეობისას სემესტრულად გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან, რადგან ვფიქრობთ, რომ მშობლის ჩართულობა ჩვენს თანამშრომლობაში და ხედვის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო მიზნისთვის – ბავშვების კეთილდღეობისთვის. ამასთანავე, ჯგუფის წამყვანი ფსიქოლოგი შეხვედრის შემდეგ ხშირად გასცემს გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს. თითოეული მონაწილის მშობელს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს მათთვის განკუთვნილ ფსიქოსაგანმანათლებლო უფასო ლექციებს ბავშვის აღზრდისა და განვითარების საკითხებზე. მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც მშობლებისთვის გავცემდი, არის ის, რომ საკუთარი რეაქციები მოაქციონ დაკვირვების ფოკუსში – როგორ რეაგირებენ ბავშვის ქცევაზე, ტემპზე, მის ემოციებზე. რა მოქმედებს მათზე? დაკვირვების შემდეგ დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვა, რითია ეს საკითხი მათთვის მნიშვნელოვანი? აუცილებლად იპოვიან პასუხს საკუთარ ბავშვობაში, საკუთარ დამოკიდებულებებში ან გარემოს გავლენაში. ვისურვებდი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, შეძლონ ბავშვის პიროვნების პატივისცემა, არ ააჩქარონ, არ სცადონ გადაკეთება და შეხვდნენ ბავშვებს ზუსტად იქ, სადაც ბავშვის ასაკობრივ განვითარებას სჭირდება.
ნინი ჩხარტიშვილი