ალექსანდრე ხომერიკის სახელობის ფესტივალი, რომელმაც დაუვიწყარი წუთები გვაჩუქა
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ალექსანდრე ხომერიკის სახელობის საოპერო ფესტივალის დასკვნითი გალაკონცერტი გაიმართა, რომელსაც ვოკალისტი აჩიკო გოგიტიძე უძღვებოდა.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენასა და გამორჩეული ქართველი საოპერო მომღერლის, ალექსანდრე ხომერიკის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მომავალი თაობისთვის გადაცემას ისახავს მიზნად.
საღამოში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა (დირიჟორი – დავით მუქერია, გუნდის ქორმაისტერი საოპერო მიმართულებით – რუსუდან ბერიძე, კონსულტანტი – ავთანდილ ჩხენკელი), ადგილობრივი და მოწვეული სოლისტები: ოთარ ნაკაშიძე (ბანი), კონსტანტინე ყიფიანი (ტენორი), თამარ ლებანიძე (სოპრანო), ირაკლი ჯინჭარაძე (ტენორი), ბერდია ონიანი (ტენორი). შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ოტელო“.
ფესტივალის ფარგლებში და „ოტელოს“ დადგმის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და საოპერო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ოპერის სოლისტებს – მარინა ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილს და ბადრი სახამბერიძეს ფესტივალის სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო ჯილდოები მიიღეს სცენოგრაფმა იური ხაბაზმა და სახალხო არტისტმა ელდარ გეწაძემ.
დარბაზს სიტყვით აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მიმართა. მან ხაზი გაუსვა ალექსანდრე ხომერიკის ნაყოფიერ შემოქმედებას, მის მიერ ბათუმში საოპერო თეატრის დაფუძნებასა და განვითარებაში შეტანილ დიდ წვლილს, ფესტივალს კი შემოქმედებითი გაძლიერება და წარმატებები უსურვა.
საღამოს ალექსანდრე ხომერიკის მეუღლე, კონცერტმაისტერი მარინა ხომერიკი (დარჯანია), ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი ესწრებოდნენ. ბატონ ავთანდილს დიდი წვლილი მიუძღვის აჭარის საოპერო გუნდის შექმნაში.
გალაკონცერტის პარალელურად, ბათუმის დრამატული თეატრის ფოიეში ფოტოგამოფენა მოეწყო. ფესტივალის ფარგლებში შემეცნებითი შეხვედრა და მასტერკლასი გაიმართა, რომელიც ჯუზეპე ვერდის გენიალურ ოპერა „ოტელოს“ და ალექსანდრე ხომერიკის გამორჩეულ შემოქმედებით ბიოგრაფიას მიეძღვნა.
პროექტის მხარდამჭერები არიან აჭარის კულტურის სამინისტრო, ასევე, ქალაქ ბათუმის მერია და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ხელოვანები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ბრწყინვალედ ჩატარებული საღამოს შემდეგ მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას გავესაუბრეთ.
ირაკლი ჯინჭარაძე, ახალგაზრდა საოპერო მომღერალი:
– ამ ფესტივალში წელს მეორედ ვმონაწილეობ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თამარ ივერის მიერ ჩატარებულ ფესტივალზე ალექსანდრე ხომერიკის პრემია მომანიჭეს და სასიამოვნოა, რომ ამ დიდებულ მომღერალთან მეც რაღაც მაკავშირებს. დღეს შევეცადე, მის მიერ შესრულებული როლებიდან მოკრძალებით ზოგიერთი მეც შემესრულებინა და თუ ეს გამომივიდა, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია.
მარიამ ჯახუტაშვილი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი:
– ბრწყინვალედ ჩატარდა ფესტივალი, მადლობა მინდა გადავუხადო მის ორგანიზატორებს. ეს ფესტივალი აუცილებლად უნდა დაარსებულიყო, იგი ძალიან უხდება ბათუმს. გვქონდა ოპერის თეატრი და მიხარია, რომ ჩვენი გაზრდილი კადრები დღეს არამხოლოდ საქართველოში მოღვაწეობენ. აჭარას ყველა პირობა აქვს, რომ აქ ოპერის თეატრი იყოს. თუნდაც დღეს, როგორ იმღერეს!
მარინა დარჯანია-ხომერიკი:
– დღეს ყველას მინდა მოვეფერო, ვინც ამ ფესტივალის დაფუძნებაში მონაწილეობდა. მათ შორის არიან ჩემი „ოქროს ბიჭები“ – აჩიკო გოგიტიძე და აჩიკო ბერიძე, ამ იდეის ავტორები. მაგრამ იდეა იდეად დარჩებოდა, რომ არა ის ხელშეწყობა, გვერდით დგომა, რომელიც გამოიჩინეს აჭარის მთავრობამ, კულტურის მინისტრმა, საკრებულომ, მერიამ… ყველამ. ეს დღე ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია – როგორც ცრემლიანი და სევდიანი, ასევე სიხარულითა და სიამაყით სავსე ვარ. ვამაყობ, რომ ვიყავი ალეკოს მეუღლე, მისი მეგობარი. ალეკოს თაოსნობით ბათუმში ჩვენ ნამდვილად დიდი საქმეები ვაკეთეთ – იყო ოპერის თეატრი და ტრიუმფალური წარმატებები… ძალიან მინდა, რომ ეს გაგრძელდეს. ბათუმში საჭიროა ოპერის თეატრი. წარმატებები მინდა ვუსურვო ბათუმს და ბათუმელებს.
ელდარ გეწაძე, საოპერო მომღერალი:
– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი წარმატებული საღამოსთვის. ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ გადაგვეხედა ალეკო ხომერიკის შემოქმედებისთვის და პატივი მიგვეგო მის პიროვნებისთვის. ნათელში იყოს ალეკოს სული, მისი სახელი დავიწყებას არასოდეს მიეცემა.
ბადრი სახამბერიძე, საოპერო მომღერალი:
– ალეკო ხომერიკი დიდებული პიროვნება იყო, არაჩვეულებრივი მომღერალი, ბრწყინვალე ქართველი, უკეთილშობილესი ადამიანი. ერთხელ კონსევატორიაში მომისმინა და ხმის გამო შემაქო. მითხრა, აქ შენ ხმას სათანადოდ ვერ დაგიყენებენ, აი, ჩემი სახლის გასაღები, იცხოვრე იქ და მიდი ჩემს მასწავლებელთან – მურმან მახარაძესთანო. პირველი საორკესტრო რეპეტიცია ბატონ მურმანთან გავიარე… ალეკოს ყველაფერი უხაროდა, სულ ამბობდა, რომ ქართველებს ყველაზე უკეთესი ხმა აქვთო. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს სცენაზე ამოვიდა და ყელზე მაკოცა. ამას ბევრი ადამიანი არ გააკეთებს. ის იყო ბრწყინვალე პიროვნება, გულუხვი, პურმარილიანი. ზურაბ ანჯაფარიძემ თქვა (ამის ფირიც არსებობს), „ჩვენ რომ მუცელზე ვიხევით“, მოუსმინეთ ალეკო ხომერიკს, ოტელოს პარტიას რა იოლად, თავისუფლად მღერისო. ეს იყო ლეგენდარული ხმა.
ზაზა ხამათაშვილი, საოპერო მომღერალი:
– ალეკო ხელოვნებაში გიგანტი, საოცრება იყო, სცენაზე – ქარიშხალი, ცხოვრებაში ყველასგან გამორჩეული ადამიანი, მეგობარი… საქართველოს მისი სახით ჰყავდა უდიდესი ტენორი… ნათელი მის სულს…
ფესტივალი ისეთ ამაღლებულ ნოტზე დასრულდა, როგორიც ამ დიდებულ ტენორს, ალექსანდრე ხომერიკს შეეფერებოდა. ეს ემოციური საღამო დიდხანს ემახსოვრებათ მის მონაწილეებსა თუ მსმენელებს.
მანანა ძიძიშვილი