კაპელა ვატიკანში ბრწყინვალედ გამოვიდა
By

კაპელა ვატიკანში ბრწყინვალედ გამოვიდა

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ (მთავარი ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი – ლელა დოლიძე, კონცერტმაისტერი – თამარ თოფურძე)  იტალიაში, კერძოდ, ვატიკანში, გოთების წმინდა აგათას ბაზილიკაში  კონცერტი გამართა. იგი საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. ბათუმელების ხელოვნებამ მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ქართული მუსიკალური კულტურის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიება მიზნად ისახავდა პატრიარქ ილია II-ის ღვაწლის კიდევ ერთხელ წარმოჩენასა და მისი ხსოვნის უკვდავყოფას, საერთაშორისო დონეზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მდიდარი მუსიკალური ტრადიციების წარმოჩენას, უნიკალური ქართული მრავალხმიანობისა და საგუნდო ხელოვნების, ასევე, ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედების გაცნობას.

მუსიკალურმა პროგრამამ  ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები და პატრიარქ ილია II-ის საგალობლები გააერთიანა.

– ვატიკანში გამართული კონცერტი  ხელს შეუწყობს ქართული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. დიდი ტრადიციების მქონე კაპელამ ნამდვილად დაიმსახურა, რომ თავისი შემოქმედებით კიდევ ერთხელ წარმდგარიყო  ქვეყნის გარეთ  და იქაური საზოგადოებისთვის თავისი შესანიშნავი შემოქმედება გაეცნო. ეს სპეციფიკური ჟანრია და მას დიდი შრომა სჭირდება. ვატიკანში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის გამართვა ჩვენი ინიციატივა იყო.  კაპელის იქ გამოსვლა საქართველოსთვის დიდი მოვლენაა, რადგანაც ჩვენს პატრიარქს – ილია მეორეს მთელი მსოფლიო მიაგებდა პატივს,- აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

ჩვენს დელეგაციას თან ახლდა  აჭარის კულტურის მინისტრის   მოადგილე ბადრი ნაკაშიძე.

– ეს იყო ნამდვილად ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი გასტროლი. იგი ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას ემსახურებოდა, თან წელს საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების შემოსვლის 1700 წელი აღინიშნება. ჩვენი პატრიარქი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მას ყველა აფასებდა, როგორც გამორჩეულ სასულიერო მოღვაწეს, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოში ქრისტიანული რწმენის განმტკიცებისთვის, საზოგადოებაში ეკლესიის როლის ამაღლებისთვის. ნამდვილად დიდი პატივია ვატიკანში, წმინდა აგათას ბაზილიკაში, კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უნიკალურ შენობაში ჩვენი კაპელის გამოსვლა, რაც ასე მაღალ დონეზე განხორციელდა. მიხარია, რომ მეც მხვდა პატივი, ამ საღამოს უშუალოდ  დავსწრებოდი, – გვითხრა ბადრი ნაკაშიძემ.

წმინდა აგათას ბაზილიკაში გამართულ ქართულ მუსიკალურ საღამოს  იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორა ესწრებოდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით მექვაბიშვილმა, აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის პრეფექტმა, პონტიფიკური აღმოსავლეთის ინსტიტუტის კანცლერმა, კარდინალმა კლაუდიო გუჯეროტიმ, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ.

საღამოს იტალიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ჩვენი თანაქალაქელი  თეა ჭანტურიშვილი უძღვებოდა.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ვატიკანს შორის არსებულ მრავალწლიან კულტურულ ურთიერთობებს, კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობასა და მსგავსი ღონისძიებების როლს ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების გაღრმავების, კულტურათაშორისი დიალოგისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის პროცესში.

საღამოზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ  ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები ააჟღერა. შესრულდა პატრიარქ ილია II-ის საგალობლები.

პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ასახავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შეხვედრებს რომის პაპებთან – იოანე პავლე II-სა და ფრანცისკესთან საქართველოში მათი ვიზიტების დროს.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *