ამქვეყნად გატარებული სიცოცხლე სიკეთეს მოახმარა
By

ამქვეყნად გატარებული სიცოცხლე სიკეთეს მოახმარა

მანანა აბუსელიძე

მოულოდნელმა შემთხვევამ კიდევ ერთი ღირსეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, გარდაიცვალა წამყვანი მასწავლებელი მანანა გივის ასული აბუსელიძე.

ქალბატონი მანანა 1969 წლის აგვისტოში დაიბადა. საშუალო სკოლა გურიაში, კერძოდ, სოფელ ჩოჩხათში დაამთავრა. ოჯახში სამი და, ერთი ძმა იზრდებოდნენ. იგი ყველაზე უფროსი იყო, ამიტომაც ოჯახის საქმეებს მშობლებთან ერთად ინაწილებდა. სკოლის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, დაუსწრებელი განყოფილების დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სწავლის პერიოდშივე პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა.

ბედმა გურიიდან ისევ მთიან აჭარაში დაბრუნება არგუნა, კვირიაულელ (უჩამბის თემი) რამაზ ბერიძესთან ოჯახი შექმნა. მასთან 30-ზე მეტი წლის თანაცხოვრების პერიოდში სიკეთესა და სიყვარულს თესავდა. ქალ-ვაჟის გამზრდელმა და შვილიშვილების მომსწრემ პედაგოგიურ სარბიელზეც კარგი ავტორიტეტი მოიხვეჭა.

უჩამბის თემში, ერთ-ერთ პირველმა, სერტიფიცირებული მასწავლებლის წოდება მოიპოვა. იმ დღიდან მოყოლებული, საქმით პასუხობდა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. მის მაღალ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს ცხადყოფენ ის სიგელები და სამთავრობო ჯილდოები, რომლებიც 33 წლის განმავლობაში დაიმსახურა. სიცოცხლის ბოლო წლებში შუახევის რაიონის უჩამბისა და ჯაბნიძეების საჯარო სკოლებში მუშაობდა.

წარმატებული მასწავლებელი, კარგი მეოჯახე მეზობლებსა და მეგობრებშიც გამორჩეული იყო. მის ინიციატივასა და სახელს უკავშირდება მრავალი ღონისძიება. გულუხვი მასპინძლობაც წესად ჰქონდა მომადლებული.

ულმობელმა სიკვდილმა აღარ დააცალა იმ სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულება, რაც წუთისოფელში მის ცხოვრებასა და საქმიანობას მეტ ელფერს შემატებდა, თუმცა სიკვდილის წინაშე ყველანი უძლურნი ვართ. ქალბატონ მანანას ნამდვილად უნდა ეამაყა, რომ ამქვეყნად გატარებული სიცოცხლე სიკეთეს მოახმარა, სამუდამო სასუფეველში მადლი წაიღო. მისი საქმე და სახელი დიდხანს იცოცხლებს. უფალმა სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს.

ნათელი და სანთელი მის ხსოვნას!

შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრი,

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის შუახევის რაიონული საბჭო,

ჯაბნიძეების საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *