,,ამ ეტაპზე, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მინიმალურია“
By

,,ამ ეტაპზე, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მინიმალურია“

აშკარაა, რომ რუსეთი უკრაინისგან კაპიტულაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ომის დასრულებას არ აპირებს, რასაც უკრაინა ეწინააღმდეგება და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს აგრესორი ქვეყნის როგორც სამხედრო, ისე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
ანალოგიურად მოქმედებს რუსეთიც. სამწუხაროდ, აშშ ომის დასრულებასთან დაკავშირებით – არა რუსეთზე, არამედ უკრაინაზე ახდენს ზეწოლას, რომ არ დაბომბოს მოწინააღმდეგის ენერგეტიკული ობიექტები. ამ მიმართებით აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის ძალაში შესვლა ოფიციალურად გამოაცხადა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ზავი დაირღვა. რამდენად რეალურია ომის გაყინვა? რა პირობით დათანხმდება უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) პროფესორი გიორგი კობერიძე.
– აშშ–ის პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, მოხსნას სანქციები რუსულ საწვავზე, როგორ აფასებთ?
– რეალისტურად რომ ვთქვათ, აშშ-ის მხრიდან ნავთობის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დაახლოება ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის არ იქნება მომგებიანი, ამას არც მისი საგარეო მოკავშირეები შეაფასებენ დადებითად. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი უპირატესობა იყო ის, რომ მასზე იყვნენ დამოკიდებულნი სხვები, ის პოზიციონირებდა, მას შეეძლო ყოფილიყო გლობალური ძალა სხვებისთვის და მეტოქეებისთვის ანგარიში არ გაეწია. ახლა კი სიტუაცია ისე დალაგდა, უწევს ანგარიშის გაწევა, პირველ რიგში, არა თავისი მოკავშირეებისთვის, არამედ მეტოქეებისთვის და ამ პროცესში აშშ ჩანს როგორც სუსტი ძალა. სამწუხაროდ, ეს ის მიღწევაა, რაც რუსეთს უკვე აქვს, მიუხედავად იმისა, მართლაც განახლდება თუ არა საწვავის მიწოდება. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ნავთობზე, რაც რუსეთის სასარგებლოდ დამდგარი ფაქტია, გნებავთ პროპაგანდისტულად, გნებავთ საინფორმაციო თვალსაზრისით, რაც, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის რეპუტაციაზე მოქმედებს უარყოფითად.
– აშშ–ის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს, ეს რისი მანიშნებელია?
– ომის პირობებში არჩევნების ჩატარება არც რაციონალურია და არც შესაძლებელი, ვინაიდან რუსული დაბომბვების საფრთხე არსებობს და ადამიანები შეიძლება საარჩევნო ყუთთან მოკლან, როგორც მათ პურის რიგებში, საავადმყოფოებში კლავენ. ბოლო დღეებში, რუსეთი ბარბაროსულად ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, რაც ნაკლებად დასაჯერებელს ხდის არჩევნების ჩატარებას. ეს მოთხოვნა არის მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილი, რათა უკრაინაში მოხდეს გარკვეული ურთიერთდაპირისპირება, რაც, სამწუხაროდ, გაიმეორა დონალდ ტრამპმა და მეტყველებს იმაზე, რომ პუტინს საგარეო პოლიტიკაში ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე ტრამპს.
– უკრაინის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თუ რუსეთი ორთვიან მორატორიუმს გამოაცხადებს, ის დათანხმდება არჩევნების ჩატარებას. . .
– რუსეთს შორსმიმავალი გეგმები აქვს, ეს არ არის ომი კონკრეტული ქალაქისთვის, ეს არის ომი უკრაინის სრულად დასამორჩილებლად, ან, თუ რამე დარჩება ამ ქვეყნისგან, მოხდეს მისი დესუვერენიზაცია. შესაბამისად, არავის სჯერა, რომ რუსეთი რაციონალური ძალაა და არჩევნების დღეს მართლაც შეწყვეტს ცეცხლს.
– მეხუთე წელია, უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რა შეიძლება ითქვას ამ მიმართებით?
– მეხუთე წელია, ვხედავთ, რომ ინტენსიურმა დაბომბვამ დიდი პრობლემები შეუქმნა თავად რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, მათ შორის ენერგო და საკომუნიკაციო სექტორებში. ვხედავთ, ასევე, ლოგისტიკურ სექტორში მნიშვნელოვან პრობლემებს. ეს, უპირველესად, ეხება სამხედრო ეკონომიკას, ამასთან, ფრონტის ხაზი, პრაქტიკულად, კვლავ დონეცკის ოლქშია, ხოლო ლუგანსკის ოლქში, რომლის დაკავებას რუსეთმა ლამის წლები შეალია, 100-პროცენტიან უპირატესობას ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. გარდა ამისა, საბრძოლო მოქმედებები ისევ სლავიანსკის და კრამატორსკის ირგვლივ ვითარდება. ეს იმ რეალობაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა წარმატებული წინსვლა ვერ შეძლო, მეტიც, 12 თვე ხდება და ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს, კონსტანტინოვკას ვერ იღებს. სწორედ ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ რუსეთის არმია საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშეა როგორც ცოცხალი ძალის, ისე მომარაგების თვალსაზრისით. მიმდინარეობს აქტიური საუბარი მობილიზაციასთან დაკავშირებით. პუტინს კარგად ესმის, რომ მობილიზაცია საკმაო საფრთხის შემცველია პოლიტიკური თვალსაზრისით. ზამთარი იქნება საკმაოდ აქტიური უკრაინელების პოლიტიკური ნების გასატეხად. ამის მისაღწევად რუსეთი შეეცდება დრონების, რაკეტების გამოყენებას არა მხოლოდ სამხედრო ობიექტების, არამედ მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგაც, რაც ომის დანაშაულია და ამასთან, შეიცავს გენოციდის ნიშნებსაც.
– „ეს არის ომი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი შედეგი: პუტინის გამარჯვება ან მისი მარცხი, შუალედური გზის პოვნის ნებისმიერი მცდელობა ბოროტების მოკავშირედ გაქცევს“, – აცხადებს რუსი ოპოზიციონერი გარი კასპაროვი. თქვენი აზრი ამის შესახებ. . .
– რა თქმა უნდა, ამ ომს დამარცხებული და გამარჯვებული ეყოლება, მაგრამ ამაშიც არის მნიშვნელოვანი შუალედური ზღვარი. რას ვგულისხმობთ, ამ ომში აბსოლუტურ დამარცხებას და აბსოლუტურ გამარჯვებას, თუ ნაწილობრივ გამარჯვებას და ნაწილობრივ დამარცხებას? არ შეიძლება, ჩვენ მხოლოდ აბსოლუტური ტერმინებით ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ასეც შეიძლება მოხდეს, ვერ გამოვრიცხავთ აბსოლუტური შედეგების დადგომას. რუსეთის აბსოლუტური მარცხი იქნება, მაგალითად, თუ უკრაინა გავა ძალით ან პოლიტიკური ნებით 1991 წლის საზღვრებზე, ან პირიქით – რუსეთი გაიმარჯვებს და აიღებს კიევს, ანდა უკრაინის დიდ ნაწილს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კიევს, როგორც აღვნიშნე, აქცევს დესუვერენიზებულ წარმონაქმნად, მარიონეტულ რეჟიმად. ეს ყველაფერი არ შეიძლება გამოვრიცხოთ, მაგრამ ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი მხარის დამარცხება ან ერთი მხარის მიერ ამოცანის ვერშესრულება შესაძლებელია, რომ არ გულისხმობდეს მეორე მხარის ტოტალურ და აბსოლუტურ გამარჯვებას. აი, თუკი ვიტყვით, რუსეთმა ცეცხლი შეწყვიტა და ტერიტორიების კონტროლი, ამ ეტაპზე, შეინარჩუნა, ეს მისთვის ნიშნავს ამ ამოცანის ვერშესრულებას. რუსეთის ამოცანაა უკრაინის დესუვერენიზაცია და დემილიტარიზაცია. ფაქტია, რომ ის ამოცანები, რომლებიც თავიდანვე დაისახა, ვერ შესრულდა. ეს ასევე ნიშნავს, როგორც მინიმუმ, უკრაინის გადარჩენას. უკრაინა კვლავ მედგრად დგას, მაგრამ თუ ჩვენ რეალობას აბსოლუტური ტერმინებით შევაფასებთ და ვიტყვით, რომ რუსეთი აბსოლუტურად დამარცხებულია და უკრაინა – აბსოლუტურად გამარჯვებული, ეს გადამეტებული შეფასება იქნება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ აბსოლუტური შედეგის გარდა შეიძლება დადგეს რაღაც შუალედური შედეგები… ამ ეტაპზე, ომში თავად კრემლს აქვს ფსონი აწეული, ანუ რუსეთი მანამ არ გაჩერდება, სანამ აბსოლუტური შედეგი არ დადგება…მოკლედ, რთულია შევაფასოთ მხოლოდ ორი შესაძლო შედეგი (აბსოლუტური გამარჯვება და აბსოლუტური დამარცხება), მაგრამ თავშივე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორი შესაძლო შედეგის დადგომაც რეალისტურია.
– იკვეთება თუ არა, გარკვეულწილად, დასავლეთის პასუხისმგებლობა უკრაინის ომთან დაკავშირებით და რამდენად თანმიმდევრულია აშშ და ევროპა რუსეთის წინააღმდეგ?
– სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები ნაკლებად თანმიმდევრულია უკრაინასთან მიმართებით, თუმცა ეს, გარკვეულწილად, მოსალოდნელი იყო, რადგან თავად ტრამპი არ გახლავთ თანმიმდევრული პოლიტიკოსი. ეს გამოჩნდა ირანთან მიმართებითაც. მისი ცვლილებადი ხასიათი პოლიტიკაზე მძიმედ აისახა, მათ შორის, ამერიკის ეკონომიკაზე. ზოგადად, ამერიკაში შიდა და საგარეო პოლიტიკა ძალიან მჭიდროდაა გადაჯაჭვული, ანუ ერთმანეთს კვებავს. საგარეო მოკავშირეებისთვის ზურგის შექცევა ამერიკის ინტერესებში არ შედის, რაც შტატებში კარგად ესმით.
– რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა ატომური იარაღი გამოიყენოს?
– ამ ეტაპზე, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე მინიმალურია. ამის შესაძლებლობა რუსეთს მაშინაც ჰქონდა, როცა უკრაინულმა არმიამ კურსკის ოლქი დაიკავა, მაგრამ ფაქტია, რომ ბირთვული იარაღი არ გამოიყენა, მისი გამოყენება იქნებოდა „პანდორას ყუთის“ გახსნა, რასაც არ ემხრობა არც ჩინეთი, რადგან თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს შეტევით ომში გამოიყენებს, შემდეგ ეს ნორმალიზდება რიგ ქვეყნებთან მიმართებით (ტაივანის, კორეის საკითხი, ან ინდოეთ-პაკისტანის ურთიერთობა). ამიტომ ეს არის საკაცობრიო საკითხი. მეორე მხრივ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბირთვული იარაღის შეტევითი პოტენციალი უშუალოდ ფრონტის ხაზზე არ არის მასშტაბური, ბირთვულ იარაღს პოტენციალი აქვს, თუკი ჩააგდებ ქალაქში, რასაც იმხელა ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვება, რომ ეს იქნება ტოტალიტარული შოკი, გენოციდი. ცხადია, ამაზე მსოფლიო თვალს არ დახუჭავს. ადრეც მითქვამს, პუტინი შეიძლება მკვლელია, მაგრამ არა თვითმკვლელი.
– გვერდს ვერ ავუვლით ირანს, ამ მხრივ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?
– ირანის ომი გრძელდება და ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ ჰორმუზის სრუტესთან, არამედ ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან, რომელიც იემენის კონფლიქტთანაა პირდაპირ გადაჯაჭვული. როდესაც ჩვენ ირანთან ომზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ომი პირდაპირი მნიშვნელობით მოიცავს მთელ რეგიონს, სადაც განთავსებულია პროირანული შიიტური საბრძოლო ძალა და იბრძვის ირანის სასარგებლოდ. ეს ომი შეეხო საუდის არაბეთსაც, სწორედ ეს სურათი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ირანის ომი არ არის მხოლოდ ირანის ტერიტორიაზე, ეს არის მთელ რეგიონში. სავარაუდოდ, ამ ომს ექნება სამხედრო გაგრძელება. . .
– დაბოლოს, რა სცენარით შეიძლება განვითარდეს რუსეთ–უკრაინის ომი და აშშ–ირანის კონფლიქტი, რა გავლენას მოახდენს მათი შედეგები საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაზე?
– სცენარებზე საუბარი რთულია, მაგრამ ჯერჯერობით ამ ყველაფერს აქვს უფრო სამხედრო გადაწყვეტის შესაძლებლობა, ვიდრე პოლიტიკური. საერთოდ, კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა ხდება მაშინ, როდესაც ორივე მხარე ისე გამოიფიტება, რომ ომის გაგრძელების თავი არ ექნებათ. თუკი ერთი მხარე გამოიფიტება, ამ შემთხვევაში, ცალმხრივი მოლაპარაკების სახე ეძლევა ომს, მაგრამ თუკი ორივე მხარე გამოიფიტება, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, ან ზავი, ანდა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება შედგება. ამ ეტაპზე, არცერთი სცენარი არ არის დამდგარი, სავარაუდოა, რომ ორივე კონფლიქტი გაგრძელდება, ხოლო რა მასშტაბით და როგორ, ეს ზამთრის მოახლოებასთან ერთად გამოჩნდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილმა არჩევნებმა შეიძლება ტრამპს აიძულოს ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა, ან პირიქით, გახდეს ირანში ახალი ჩარევის მოტივატორი. რთულია ვთქვათ, რა მოხდება, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ორივე კონფლიქტი გაგრძელდება, ამ კონფლიქტების გადაწყვეტა სამხედრო ძალების ჩართვის გარეშე ნაკლებად შესაძლებელია.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • ოქტომბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *