„შუახევობა 2026“ – ტრადიციების, კულტურისა და ხელოვნების სინთეზი
შუახევში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუახევობა 2026“ იზეიმეს. მისი მთავარი გზავნილი ტრადიციების შენარჩუნება, ფოლკლორის პოპულარიზაცია, კულტურისა და ტურიზმის განვითარება იყო.
შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე კუთხეები მოაწყვეს უჩამბის, შუბნის, ოლადაურის, დღვანის, დაბა შუახევის, ზამლეთის, ჭვანის, ბარათაულისა და წყალსაყრის თემების წარმომადგენლებმა. აქ მოფუსფუსე ქალბატონები და მამაკაცები საპატიო სტუმრებს მასპინძლობდნენ, რომელთა შორის იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის თვითმმართველობების, ცალკეული დეპარტამენტებისა და უწყებების წარმომადგენლები. თემების კუთხეების ჩამოვლის შემდეგ, დღესასწაულის წამყვანმა სცენაზე მიიპატიჟა შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე.
„შუახევობა – ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს თაობებს, აცოცხლებს წინაპართაგან შემონახულ ტრადიციებს და წარმოაჩენს ჩვენი კუთხის მდიდარ ისტორიას, ჩვენს იდენტობას, კულტურასა და უნიკალურ მემკვიდრეობას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ეროვნული ადათ-წესების გამრავალფეროვნებაში. ეს ზეიმი ჩვენი ფესვების, ტრადიციების, ერთიანობისა და მშობლიური კუთხის სიყვარულის დემონსტრირებაა“, – თქვა ომარ ტაკიძემ.
შეკრებილებს მიესალმნენ და დღესასწაული მიულოცეს ზურაბ პატარაძემ, ცოტნე ანანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, შუახეველთა დელეგატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ანზორ ბოლქვაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ.
დღესასწაულის ფარგლებში „საპატიო შუახეველების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის, წელს ეს წოდებები მიენიჭათ: ნუგზარ ზოსიძეს, ფრიდონ დავითაძეს, ხვიჩა შარაშიძეს, ამირან დარჩიძეს, ბეჟან ბერიძეს, ჯემალ თავდგირიძეს, ოთარ ფუტკარაძეს, იური ქათამაძეს, ეთერ ბერიძეს, დიმიტრი ცეცხლაძეს, ვლადიმერ მახარაძეს, სულიკო ფუტკარაძეს, გურამ აბაშიძეს, გარდაცვალების შემდეგ დავით ზოიძეს. მათ დიპლომები გადასცეს ზურაბ პატარაძემ, ომარ ტაკიძემ, ცოტნე ანანიძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, ანზორ ბოლქვაძემ, იაგო დავითაძემ. დავით ზოიძის დიპლომი მის მეუღლეს, ქალბატონ რუსუდან ლორიას გადაეცა. დაჯილდოებულთა სახელით მადლობა გადაიხადა ხვიჩა შარაშიძემ.
„შუახევობას“ განსაკუთრებულ ელფერს მატებს სპორტული ასპარეზობები. ყველაზე მეტი გულშემატკივარი ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდს ჰყავდა. „შუახევობა-2026“-ის ფალავანი და ცხვრის მფლობელი ნიგაზეულელი სულხან აბაშიძე გახდა, რომელსაც წარმატება ზურაბ პატარაძემ მიულოცა, მკლავჭიდში უძლიერესი მიშა ტაკიძე გამოდგა.
მრავალი დამთვალიერებელი ჰყავდა ფოტოგამოფენას. აქვე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარებისა და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა პატარებისთვის. მოწყობილი იყო სპეციალური გასართობი სივრცე, სადაც საყვარელ ანიმაციურ პერსონაჟებთან ერთად, მათ მხიარული და დაუვიწყარი წუთები გაატარეს.
მაყურებელთა ოვაციები დაიმსახურეს ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების, შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლის გუნდისა და ქორეოგრაფიული ჯგუფების, სალოტბარო სკოლის მოსწავლეების, ბენდი „117“-ისა და ანსამბლ „გნოლის“ მომღერალ-მოცეკვავეებმა.
სახალხო დღესასწაული ჯგუფი „ურსას“ და დიჯეი ლუი ჯის მუსიკალური პროგრამით დასრულდა.
„შუახევობა- 2026“ის ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, აღნიშნეს, რომ ასეთი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის, ტრადიციების შენარჩუნებისა და მსგავსი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებისთვის.
კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ზურაბ პატარაძეს:
„ასეთი დღესასწაულები ერთმანეთთან დაახლოების, მშობლიურთან კავშირის დემონსტრირებაა. შუახევი მართლაც აჭარის მთიანეთის შუაგულია, სადაც ტრადიციები, კულტურა უწყვეტი ჯაჭვით ვითარდება, წლიდან წლამდე ახალი შენაძენებით მდიდრდება. შუახევში ნამდვილი სახალხო ზეიმი ვიხილეთ. მთისადმი ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ზეიმზე სიყვარული და ტრადიციებისადმი ერთგულება წარმოჩნდა. ჩვენი ისტორია, კულტურა, ყოველ ეტაპზე მოფერებას, წარსული დიდების ნაშთების – თაღოვანი ხიდების, ციხესიმაგრეების რესტავრაცია-კონსერვაციას ითხოვს. სიამაყით მინდა აღვნიშნო სტუმარ-მასპინძლობის ის დიდი ადათ-წესები, რაც მთაში გვაქვს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი შუახეველებს და წარმატებებს ვუსურვებ. სიკეთე, ბედნიერება და განვითარება მთიან აჭარას“.
ოთარ ცინარიძე