ანა ფრანკის როლი და პირველი წარმატებული ნაბიჯი პროფესიულ სცენაზე
თეატრის სცენაზე პირველი ნაბიჯები ხშირად განსაკუთრებულ სირთულეებს უკავშირდება. მსახიობისთვის პროფესიული გზის დასაწყისშივე ისეთი პერსონაჟის განსახიერება, როგორიც ანა ფრანკია, არა მხოლოდ შემოქმედებითი გამოწვევა, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მსახიობი მარიამ გუჯაბიძე სწორედ ამ რთული და ემოციური როლით წარსდგა პირველად ფართო მაყურებლის წინაშე, რამაც მისთვის პროფესიული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი განსაზღვრა. „ანა ფრანკის დღიური“ მილიონობით ადამიანისთვის იმედის, თავისუფლებისა და სიცოცხლის სიყვარულის სიმბოლოა, ამ ისტორიასთან შეხება კი მსახიობისთვის ადამიანის ყველაზე ღრმა განცდებში მოგზაურობაა, სადაც, ტრაგედიის ფონზე ბავშვური გულწრფელობა, ოცნებები და რწმენა არ ქრება. როგორ ემზადებოდა ამ როლისთვის, რა შეცვალა ანა ფრანკმა მის ცხოვრებასა და პროფესიულ ხედვაში, როგორია პირველი დიდი წარმატების ემოცია და რას ნიშნავს ახალგაზრდა მსახიობისთვის სცენაზე მაყურებლის ნდობის გამართლება, ამ ყველაფერზე მარიამ გუჯაბიძე ჩვენს ინტერვიუში საუბრობს.
– ახლახან დაამთავრეთ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორ შეიცვალა თქვენი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ სტუდენტობიდან პროფესიულ სცენამდე?
– ჯერჯერობით, ისევ გააზრების მომენტში ვარ. საინტერესო იყო სტუდენტობის წლები, დიდი გამოცდილება მივიღე. კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი, რასაც სამომავლოდ, იმედი მაქვს, თეატრში შევძლებ. როლზე მუშაობისას პასუხისმგელობის გამძაფრებული განცდა სტუდენტობის პერიოდიდან მომყვება, მაგრამ მაშინ მაინც სხვა დამოკიდებულება იყო პროფესიის მიმართ – ვსწავლობდი და ასე თუ ისე შეცდომის დაშვების უფლება მქონდა, მაგრამ ახლა, როცა დიდ სცენაზე ვდგავარ მაყურებლის წინაშე, შეცდომის უფლება არ მაქვს და ყველაფერს ბევრად დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რაც, იმედია, ჩემს მიერ შესრულებულ როლსაც დაეტყო.
– კარიერის დასაწყისშივე ანა ფრანკის განსახიერება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რა იყო პირველი ემოცია, როცა გაიგეთ, რომ სწორედ თქვენ ითამაშებდით ამ პერსონაჟს?
– პიესას რომ ვკითხულობდით და განვიხილავდით, არ მეგონა ამ როლზე თუ დამაკავებდნენ. ვიცოდი, რომ სადიპლომო სპექტაკლში უნდა მეთამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი, მაგრამ ანა ფრანკი, ხომ ქვაკუთხედია ამ დრამატული ამბის. მისი თვალთახედვა ქმნის ატმოსფეროს, მისი მონათხრობი – დრამატურგიას, აკავშირებს პერსონაჟებს. მთელი არსებით უნდა შემეგრძნო ანა, მთელი ძალებით უნდა მემუშავა ამ როლზე, არ მქონდა მოდუნების უფლება. აქაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს რეჟისორს, ბატონ გაბრიელ გოშაძეს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ასეთი საპასუხისმგებლო მისია დამაკისრა.
– როგორ ემზადებოდით ანა ფრანკის როლისთვის და რა აღმოჩენა გააკეთეთ ამ პროცესში?
– ანა ფრანკის დღიური რომ წავიკითხე, ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა ის იყო, რომ ამ ჩანაწერებში საშინელი რეალობის მიღმა დავინახე ჩვეულებრივი მოზარდი – ბავშვური სილაღით, პროტესტით, პირველი სიყვარულითა და იმედებით. კითხვისას სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მიმეტანა მაყურებლამდე არა მხოლოდ ისტორიული ტრაგედია, არამედ ცოცხალი, პატარა გოგონას სული, რომელიც კედლებს შორის იყო გამოკეტილი. ანაზე ბევრს ვკითხულობდი და ვეძებდი ინფორმაციას, თუმცა სულ სხვაა, როცა მისეულ ცოცხალ ტექსტს კითხულობ. ყოველ ფურცელზე გხვდება მოზარდის უდიდესი სიცოცხლისმოყვარეობა, მაგრამ სულ თან გდევს იმის მტკივნეული გააზრება, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი რეალობაში. ამ დროს საშინელ ტკივილს გრძნობ, მაგრამ როგორც მსახიობი, არ უნდა აჰყვე ემოციებს. პირიქით, როლი უნდა გაითავისო, შეაღწიო ანას სამყაროში და თავად გახდე ის. . . ეს საოცრად რთული და, ამავდროულად, უზომოდ საინტერესო პროცესია.
– რა იყო ამ როლის ყველაზე რთული ნაწილი ტექნიკურად და ემოციურად?
– როლზე მუშაობისას ტექნიკურად ყველაზე რთული ალბათ ის იყო, რომ სულ რაღაც 2 საათში მაყურებლისთვის უნდა გვეჩვენებინა, როგორ გაატარეს 2 წელი სამალავში. ყოველი სცენა ახალი ემოციებით იყო დატვირთული, მაყურებელს უნდა ეგრძნო, დროის დინებათან ერთად, ეტაპ-ეტაპ როგორ მძიმდებოდა სიტუაცია, როგორ იზრდება 13 წლის ბავშვი 2 წელიწადში და ყალიბდება ზრდასრულ ადამიანად. ემოციურად მთელი სპექტაკლი ძალიან რთული იყო ჩემთვის. განვიცდიდი ანას სირთულეებს. ამ მხრივ საკმაოდ მძიმე სათამაშოა ეს სპექტაკლი.

– იყო თუ არა რეპეტიციების დროს მომენტი, რომელმაც თქვენი წარმოდგენა ანა ფრანკზე მთლიანად შეცვალა?
– მოსამზადებლად საკმაოდ მცირე დრო გვქონდა, ფაქტობრივად, თეატრში ვცხოვრობდით და ღამეებს ვათენებდით. თავდაპირველად, მთელი ჩვენი სამსახიობო კურსი ინდივიდუალურად, საკუთარ როლებზე ვიყავით კონცენტრირებულები, თუმცა ანსამბლური მუშაობის პროცესში, როცა სცენაზე პერსონაჟები გადაიკვეთნენ, სრულიად ახალი რამ გავაცნობიერე. მივხვდი, რა დიდი დატვირთვა ჰქონდა ანას პერსონაჟს ამ საერთო სივრცეში. ის ერთი წამითაც არ აძლევდა თავს სასოწარკვეთის უფლებას და ყოველ სიტუაციაში, ყველანაირად ცდილობდა, იმ პირქუშ სამალავში სხვებისთვის ერთადერთ ნათელ წერტილად ქცეულიყო, რომელიც იქ ყოფნას ყველას ულამაზებდა. ის არ ფიქრობდა იმაზე, რომ ყოველ წამს შეეძლოთ მათი დაჭერა. პირიქით, ყოველდღე იმედოვნებდა, რომ ომი დასრულდებოდა და თავისუფლებას დაიბრუნებდნენ. სწორედ რეპეტიციებისას მივხვდი, რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, როცა მუდმივი საფრთხის პირობებშიც კი ახერხებს, მხოლოდ თავისუფლების იმედით იცოცხლოს.
– სცენიდან გასვლის შემდეგ რამდენ ხანს რჩებოდა თქვენში ანას ემოცია?
– ძალიან დიდხანს მიმყვებოდა. როგორც უკვე გითხარით, ემოციურად ძალიან მძიმე სპექტაკლია. დასრულების შემდეგაც, როდესაც „პაკლონზე“ გამოვედით, მეც და ჩემი ჯგუფელებიც ვტიროდით. განსაკუთრებით ბოლო სცენაა ძალიან ემოციური ჩემთვის – როდესაც პოლიციელები სამალავში მყოფებს იპოვნიან და ანა თავის დღიურს ემშვიდობება. თითქოს მისი არსების ერთ ნაწილს სამალავში ტოვებს. მაშინაც ჰქონდა იმედი, რომ თავის დღიურს ისევ დაუბრუნდებოდა. ,,და ჩემო ძვირფასო დღიურო, ეს იმას ნიშნავს მიგატოვო. თუკი ვინმე ნახავთ ამ დღიურს, ძალიან, ძალიან გთხოვთ, შეინახეთ იგი ჩემთვის, ვინ იცის იქნებ. . .“
– რა გასწავლათ ამ პერსონაჟმა როგორც მსახიობს და როგორც ადამიანს?
– ამ როლმა ალბათ მომცა ძალა, რომ ნებისმიერ სხვა რთულ როლსაც შევეჭიდო. არაა მარტივი, მითუმეტეს დასაწყისშივე, ასეთი სახის შექმნა. იმედი მაქვს, სხვა მსგავსი საინტერესო როლებიც მექნება მომავალში.
– მაყურებლის რომელი რეაქცია დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
– სცენიდან ვგრძნობდი, რომ მაყურებელი მთლიანად იყო ჩართული სპექტაკლში, რაც მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაყურებლის შემთხვევაშიც ბოლო სცენის ემოცია იყო ჩემთვის დასამახსოვრებელი, ბევრი ადამიანის სახეზე შევნიშნე ცრემლი… იმედია, ზუსტად მივიტანეთ ემოცია მაყურებლამდე.
– არის თუ არა როლი, რომელმაც თქვენზე ისეთივე გავლენა მოახდინა, როგორც ანა ფრანკმა?
– ყველა როლი სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს ჩემზე და რადიკალურად განსხვავებულ ემოციებს ტოვებს, თუმცა ბევრი რამის გამო, ანა ფრანკის როლი არასდროს დამავიწყდება და ყოველთვის სასიამოვნოდ გავიხსენებ.
– სტუდენტობის პერიოდში თუ წარმოიდგენდით, რომ პირველი მნიშვნელოვანი წარმატება სწორედ ასეთი რთული დრამატული პერსონაჟის განსახიერებით მოვიდოდა?
– პირველ კურსზე ყოფნისას ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მაშინ ეს ჩემთვის აუხდენელ ოცნებას ჰგავდა. ძალიან მიხარია, რომ ოთხწლიანი სწავლისა და შრომის შემდეგ, ეს საპასუხისმგებლო როლი დავიმსახურე და ჩემი სტუდენტური წლები ასეთი ძლიერი პერსონაჟის განსახიერებით დაგვირგვინდა. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა ჩემი კურსელებისა და მეგობრების შესახებ, რომლებმაც სცენაზე საოცრად საინტერესო და დრამატული სახეები შექმნეს. თითოეულ მათგანთან პარტნიორობა და ურთიერთქმედება იმდენად ორგანული იყო, რომ სწორედ ამ ანსამბლურობამ შექმნა საერთო მუხტი, რომელმაც მაყურებლის გულამდე მიაღწია და აიძულა, ჩვენთან ერთად განეცადათ თითოეული პერსონაჟის ბედი და ისტორია.
– როგორ ფიქრობთ, რატომ არის ანა ფრანკის ისტორია დღესაც აქტუალური?
– იმიტომ, რომ ეს ისტორია არის უმძიმესი გაკვეთილი იმისა, თუ რა კატასტროფულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს სამყარო სიძულვილმა და შეუწყნარებლობამ, თუმცა, ამავდროულად, ეს ტექსტი გვაჩვენებს, თუ როგორ იქცევა ადამიანი უკიდურესი კრიზისის დროს და რა ტრანსფორმაციას განიცდის მისი ფსიქიკა ასეთ პირობებში. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ამ საშინელ, ბნელ რეალობას ანა სრულიად ნათელი გულითა და გონებით უპირისპირდება. „ანა ფრანკის დღიური“ გვაძლევს უნიკალურ შანსს, გლობალური ისტორიული ტრაგედია ერთი ჩვეულებრივი, სიცოცხლით სავსე მოზარდის თვალით დავინახოთ. სწორედ ეს ბავშვური სიმართლე და გულწრფელობა აღწევს მაყურებლისა თუ მკითხველის გულამდე და არავის ტოვებს გულგრილს.

– რა არის თქვენი აზრით კარგი მსახიობის მთავარი თვისება?
– ჯერ არ მაქვს იმის გამოცდილება, რომ ამაზე ამომწურავად ვისაუბრო. გზის დასაწყისში ვარ. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი: კარგი მსახიობის მთავარი თვისება მუხლჩაუხრელი შრომის უნარი და პროფესიის უსაზღვრო სიყვარულია. ამ ორის სინთეზს ყოველთვის მოაქვს კარგი შედეგი.
– გქონიათ თუ არა მომენტი, როცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგეპარათ და როგორ გადალახეთ?
– კი, მქონია მომენტები, როდესაც მეგონა, რომ არაფერი გამომივიდოდა და აზრი არ ჰქონდა მუშაობას. . . მაგრამ შემდეგ მახსენდებოდა ჩემი ბავშვობა, როგორ ვოცნებობდი მსახიობობაზე. მაშინ რამხელა ოცნება იყო ჩემთვის დიდ სცენაზე დგომა და თამაში. ისევ საკუთარი თავი და ოჯახი მაძლევდა მოტივაციას და ძალას, რომ გამეგრძელებინა მუშაობა და არ გავჩერებულიყავი.
– რომელ რეჟისორთან ან მსახიობთან მუშაობაზე ოცნებობთ?
– გამორჩეულად არავისთან, ყველა რეჟისორთან და მსახიობთან მუშაობა ერთი დიდი გამოცდილებაა. ყველასგან შეიძლება ისწავლო და განავითარო პროფესიულად საკუთარი თავი.
– გაქვთ თუ არა საოცნებო როლი?
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საოცნებო როლი არ მაქვს, ყველა როლი ახალი გამოწვევაა და სამომავლოდაც ვეცდები, ისე ვიმუშაო ყოველ ჩემს როლზე, თითქოს სწორედ მასზე ვოცნებობდი.
– ათი წლის შემდეგ. . .
– ათი წლის შემდეგ საკუთარ თავს პროფესიულად უფრო მომწიფებულს, თუმცა თეატრის მიმართ ზუსტად ისეთივე ვნებითა და სიყვარულით სავსეს ვხედავ, როგორიც დღეს, ანას თამაშისას ვარ. მინდა დიდ სცენაზე ბევრი საინტერესო როლი შევასრულო – ერთმანეთისგან განსხვავებული, ღრმა და სახასიათო. პირველ რიგში, საკუთარ თავსა და იმ ადამიანებს, ვინც თავიდანვე ირწმუნა ჩემი, მინდა დავუმტკიცო, რომ ამ თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო. წარმატება ხომ ჩემთვის სწორედ ესაა – არასდროს დავკარგო ძიების წყურვილი და სცენაზე განსახიერებული ყოველი ახალი როლით რაღაც მნიშვნელოვანი ვუთხრა მაყურებელს.
მარიამ ხითარიშვილი