ანა წითლიძე – ალიანსიდან გარიცხვის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გაქრა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტიას ოპოზიციის ალიანსი არ დაუტოვებია. წითლიძის თქმით, ისინი ალიანსიდან გარიცხეს.
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, გარიცხვის შესახებ პარტიაში მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ოპოზიციის ალიანსის ახალ ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გაქრა.
„არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა ინფორმაცია და ეს ალბათ ჩვენი ბრალი უფრო იყო, ვიდრე მათი, ვინც გაავრცელა, ანუ ჟურნალისტების. ჩვენ არ დაგვიტოვებია, ჩვენ გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ ალიანსიდან. მას შემდეგ გავიგეთ, რაც ახალ ლოგოზე არ ვიყავით. ბოლო რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით, რაც მიხეილ სააკაშვილზე განსაკუთრებული თავდასხმები იყო, ალიანსში აქტიურები არ ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი. ჩვენ რომ დაგვეტოვებინა, პოლიტსაბჭოს და მმართველობით საბჭოს უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა. უბრალოდ, ჩვენ დილით, როცა ყოველდღიურ კომენტარზე იდგა ირაკლი ფავლენიშვილი, იქ გავიგეთ, რომ ალიანსის ლოგოზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ იყო და მერე დაისვა კითხვა, ვიყავით თუ არა და როგორც მივხვდი, შემდეგ თქვეს, გაგვრიცხეს ალიანსიდანო. ჩვენი საპასუხო კომენტარი იყო, რომ ბოლო თვეებში არც ვიყავით აქტიურად ალიანსში“, – განაცხადა ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.