ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ესწრებოდნენ.
აღინიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებაში.
საიუბილეო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით -„საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“ მიზნად ისახავს კონსტიტუციური მართლმსაჯულების თანამედროვე გამოწვევების განხილვას, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების საკითხებზე მსჯელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში საკონსტიტუციო კონტროლის მნიშვნელობის წარმოჩენასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, მოსამართლეები, იურისტები და სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ კონსტიტუციური მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებს, იმსჯელებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების გზებზე, ასევე – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში საკონსტიტუციო კონტროლის როლსა და მნიშვნელობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი სასამართლო ორგანო, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე შეიქმნა. სასამართლომ უფლებამოსილების განხორციელება 1996 წელს, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და დარგის სპეციალისტები.
